ირაკლი კობახიძე: 2022 წელს იმპორტი რუსეთიდან საქართველოზე მეტად ევროკავშირის ქვეყნებმა გაზარდეს. ევროკავშირს რუსეთთან აქვს გაცხოველებული ვაჭრობა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლის კობახიძის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე:

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთიდან იმპორტი საქართველოზე მეტად აქვთ გაზრდილი, აღნიშნულის დასტურად ის კონკრეტული ქვეყნების მაჩვენებლებს ასახელებს და აღნიშნავს რომ საქართველოს, მათგან განსხვავებით, მხოლოდ „უმნიშვნელო ზრდა“ უფიქსირდება. რეალურად, ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული პროცენტული ცვლილებები უმეტეს შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების მონაცემებს არ შეესაბამება. გარდა ამისა, 11 თვეში საქართველოს იმპორტი რუსეთიდან 73%-ით გაიზარდა, რაც არ შეიძლება „უმნიშვნელო ზრდად“ შეფასდეს, მით უფრო მაშინ, როცა იმავე პერიოდში მთლიანად, ევროკავშირის იმპორტი მხოლოდ 34%-ით არის გაზრდილი. პოლიტიკოსის პათოსის საწინააღმდეგოა ტენდენციაც. თუ საქართველო მთელი წლის განმავლობაში რუსეთიდან იმპორტის მკვეთრ ზრდას ინარჩუნებდა, ევროკავშირმა სექტემბერ-ნოემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტის მოცულობა რუსეთიდან 18%-ით შეამცირა.

ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ირაკლი კობახიძემ საუბრისას აქცენტი მთლიანად იმპორტზე გადაიტანა, მაგრამ „ვაჭრობა“ თავის თავში ექსპორტსაც მოიცავს. 11 თვეში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 8.9%-ით გაიზარდა, ევროკავშირის კი მნიშვნელოვნად -36.7%-ით შემცირდა. 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ევროკავშირ-რუსეთის ჯამური სავაჭრო ბრუნვა 9%-ით, ხოლო საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 49%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება, როგორც იმპორტის, ასევე მთლიანად ვაჭრობის ნაწილში არის მცდარი.

ანალიზი:

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, 19 იანვარს, ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა იმედი LIVE-ში, ევროკავშირის ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა(8:15-დან): „ევროკავშირის ქვეყნები რომ ავიღოთ, მხოლოდ შვიდ ქვეყანაში არის შემცირებული რუსეთთან საგარეო ვაჭრობა, ახლა იმპორტის მონაცემებს გეტყვით, შვიდი ქვეყნის გარდა ყველგან არის გაზრდილი და თან გაზრდილია რამდენით. წარმოიდგინეთ, გერმანია 33%-ით არის გაზრდილი, შარშან იმპორტი 2021 წელთან შედარებით, პოლონეთი 24%, იტალია გაორმაგებულია - 100%-იანი მატებაა, საფრანგეთი 84%, ჰოლანდია 51%, ბელგია 78%, უნგრეთი 132%, საბერძნეთი 142%, ესპანეთი 51% ნუ აღარ გავაგრძელებ.“ წამყვანის შეკითხვაზე იმპორტთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „რაც შეეხება იმპორტს, აქ არის მცირე ზრდა, ბევრად ნაკლები ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. მცირე ზრდა და ისტორიის სახელმძღვანელოებში ეწერა ხოლმე გაცხოველებული ვაჭრობა, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ გაცხოველებული ვაჭრობა რუსეთთან.“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ დასახელებული რიცხვები უმეტეს შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება, უფრო კონკრეტულად, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი 29.8 მლრდ ევროს შეადგენდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13%-ით - 33.7 მლრდ ევრომდე გაიზარდა. ექსპორტი კი პირიქით, 24.6 მლრდ-დან 13.8 მლრდ ევრომდე ანუ 44%-ით შემცირდა. თუ მონაცემებს დოლარში დავითვლით, მაშინ იმპორტის 2%-იან ზრდასა და ექსპორტის 50%-იან კლებას მივიღებთ.

სურათი კიდევ უფრო საინტერესოა, თუ 11 თვეს პერიოდებად დავყოფთ და ტენდენციის გამოსავლენად შესადარებლად მხოლოდ ბოლოს სამ თვეს ანუ სექტემბერ-ნოემბერს ავიღებთ. 2021 წლის სექტემბერ-ნოემბერში გერმანიამ რუსეთში 7.3 მლრდ ევროს პროდუქცია გაყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 55%-ით ნაკლები — 3.3 მლრდ-ის. რაც შეეხება იმპორტს - ის 45%-ით 9.3 მლრდ-დან 5.1 მლრდ ევრომდე შემცირდა. ბოლო თვეების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ გერმანია რუსეთთან სავაჭრო ბრუნვას კი არ ზრდის, ამცირებს.

იტალიაში 2022 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან იმპორტი მართლაც მკვეთრად 62.6%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს რიცხვი მაინც შორსაა ირაკლი კობახიძის ნახსენებ 100%-იან ზრდასთან. ამასთან, ასეთი მკვეთრი ზრდის მიუხედავად, უშუალოდ ნოემბერში რუსეთიდან იმპორტი 39.5%-ით შემცირდა. თუ მარტო სურათს ავიღებთ, მაშინ გასათვალისწინებელია ისიც, რომ 11 თვეში იტალიიდან რუსეთში ექსპორტი - 23.4%-ით, უშუალოდ ნოემბერში კი 27.6%-ით შემცირდა.

საფრანგეთის სტატისტიკა ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ 84%-იან ზრდასთან შედარებით ახლოსაა, უფრო კონკრეტულად, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში, საფრანგეთმა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 67%-ით - 8.8 მლრდ-დან 14.6 მლრდ ევრომდე გაზარდა.

ბელგიამ 9 თვეში (ბელგიის სტატისტიკის სამსახურის გვერდზე მონაცემები იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით იძებნება) რუსეთიდან იმპორტი 95%-ით 5.4 მლრდ-დან 10.5 მლრდ-მდე გაზარდა. ამ შემთხვევაში ზრდის ტემპი ირაკლი კობახიძის დასახელებულ მონაცემსაც კი აღემატება.

ჩამოთვლილი სახელმწიფოებიდან 11 თვეში ყველაზე მეტად 125%-ით, 3.8 მლრდ ევროდან 8.5 მლრდ ევრომდე იმპორტი რუსეთიდან საბერძნეთმა გაზარდა. შთამბეჭდავი ზრდის მიუხედავად, მონაცემი მაინც ჩამორჩება ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ 142%-ს.

იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან იმპორტი ესპანეთმაც გაზარდა, თუმცა არა 51%-ით, როგორც ამას ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, არამედ 32%-ით 7 მლრდ ევრომდე. ნოემბერში კი აქაც მცირედი 0.3%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

პოლონეთმა 2022 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან 15 მლრდ ევროს (16.2 მლრდ აშშ დოლარის) პროდუქცია შეიძინა. 2021 წელს მთლიანად 17 მლრდ ევროსი. 2021 წლის ცალკე დეკემბრის მონაცემები არ არის განთავსებული, მაგრამ პოლონეთის სტატისტიკის სამსახურის გვერდზე კიდევ ერთი ინფორმაცია იძებნება. 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში იმპორტში რუსეთის წილი 5.7% იყო, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4.5%. ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ ნათქვამი 24%-იანი ზრდის მისაღწევად წლიურმა იმპორტმა რუსეთიდან 21 მლრდ ევროს უნდა მიაღწიოს. ანუ თუ იანვარ-ნოემბერში თვეში იმპორტი საშუალოდ 1.250 მლრდ-ს შეადგენდა, დეკემბერში ერთბაშად 6 მლრდ-მდე უნდა გაზრდილიყო.

საინტერესო სურათს მივიღებთ მთლიანად, ევროკავშირის შემთხვევაშიც. ევროპის 27-მა სახელმწიფომ 2021 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთისგან 145 მლრდ ევროს პროდუქცია შეიძინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 34%-ით მეტი - 194 მლრდ ევროს პროდუქცია, მაგრამ ტენდენცია ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია, თუ ერთმანეთს სექტემბერ-ნოემბრის მაჩვენებლებს შევადარებთ, მაშინ ზრდის ნაცვლად 18%-იან კლებას მივიღებთ. უფრო კონკრეტული დინამიკა გრაფიკზეა წარმოდგენილი.

გრაფიკი 1: იმპორტი რუსეთიდან ევროკავშირში

წყარო: ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური (Eurostat)

ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, 2022 წლის იანვარში იმპორტი რუსეთიდან უკვე 104%-ით იყო გაზრდილი, ხოლო თებერვალში 110%-ით, 109%-იანი ზრდა შენარჩუნდა მარტშიც. ტენდენციის ცვლილება აპრილიდან გამოიკვეთა, როდესაც ზრდის ტემპი 78%-მდე შემცირდა. სექტემბერში ევროკავშირმა რუსეთიდან იმპორტი უკვე 2021 წლის სექტემბერთან შედარებითაც შეამცირა. კლება სულ 1% იყო, რომელიც ოქტომბერში 24%-მდე, ხოლო ნოემბერში 26%-მდე გაიზარდა. წლის დასაწყისში გაზრდილი იმპორტი ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასებით აიხსნება. ნავთობი და გაზი უკრაინაში შეჭრამდე უკვე მნიშვნელოვნად იყო გაძვირებული.

საქართველოს შემთხვევაში, დინამიკა განსხვავებულია და ზრდა მთელი 2022 წლის განმავლობაში შეინიშნება. გამონაკლისს მხოლოდ მარტი წარმოადგენს, როდესაც იმპორტი, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს მხოლოდ 3%-ით აჭარბებდა, აპრილში ზრდის ტემპმა 34%-ს მიაღწია, მაისში 98%-ს, რეკორდული 116%-იანი ზრდა კი აგვისტოში დაფიქსირდა.

მთლიანობაში, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში, წინ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 73%-ით - 930 მლნ-დან 1.609 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. რადგან ირაკლი კობახიძე 11 თვეზე საუბრობდა, გრაფიკში დეკემბერი არაა მოყვანილი. მისი ინტერვიუს დროს დეკემბრის მონაცემები არც იყო ცნობილი. ცალკე აღებულ დეკემბერში იმპორტის ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და 140%-ს მიაღწია.

გრაფიკი 2: იმპორტი რუსეთიდან საქართველოში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია, რომ 11 თვის მონაცემებით იმპორტი ძირითადად ნავთობპროდუქტების ხარჯზე გაიზარდა. გაზრდილია როგორც საიმპორტო ფასი, ასევე მოცულობა. 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საწვავის იმპორტი რუსეთიდან თანხობრივად 353%-ით 124 მლნ-დან 562 მლნ-მდე, მოცულობით კი 182%-ით 207 ათასიდან 583 ათას ტონამდე გაიზარდა.

ირაკლი კობახიძე საუბრისას აქცენტს იმპორტზე აკეთებდა, მაგრამ მანვე ახსენა ტერმინი „გაცხოველებული ვაჭრობა“, ვაჭრობა კი იმპორტის გარდა, ექსპორტსაც მოიცავს. უნდა აღინიშნოს, რომ უპირატესი მდგომარეობა საქართველოს არც ექსპორტის განხილვის შემთხვევაში ექნება. 11 თვეში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 8.9%-ით 549 მლნ-დან 598 მლნ-მდე გაიზარდა, იმავე პერიოდში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ჯამური ექსპორტი რუსეთში 36.7%-ით 81.4 მლრდ-დან 51.6 მლრდ ევრომდე შემცირდა. 2022 წლის იანვარ-ნოემბერში, 2021 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით, ევროკავშირ-რუსეთის ჯამური სავაჭრო ბრუნვა 8.5%-ით - 226 მლრდ-დან 246 მლრდ ევრომდე, საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა კი 49.3%-ით - 1.478 მლრდ დოლარიდან 2.206 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

გრაფიკი 3: სავაჭრო ურთიერთობების ცვლილება რუსეთთან

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური (Eurostat)

11 თვის ანალიზით ცხადი ხდება, რომ საქართველოს იმპორტი რუსეთიდან 2-ჯერ უფრო მეტად (73%-ით) გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირის, ამასთან თუ ევროკავშირმა ზრდის ტენდენცია სექტემბრიდან კლების ტენდენციით შეიცვალა, საქართველომ ტემპი თითქმის უცვლელად შეინარჩუნა. იმავე პერიოდში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 8.9%-ით გაიზარდა, ხოლო ევროკავშირის ექსპორტი რუსეთში 36.7%-ით შემცირდა. ჯამურად ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 11 თვეში 9%-ით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 49%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება, არის მცდარი.

რედაქტორის შენიშვნა:

ჩვენთვის ერთ-ერთ ჟურნალისტთან კომუნიკაციისას ცნობილი გახდა, რომ სტატიის თავდაპირველ ვერსიაში პოლიტიკოსის განცხადების/ციტატის მიკვლევადობა არასათანადოდ იყო უზრუნველყოფილი. კერძოდ, გადაცემის ეთერში გასვლის თარიღი არასწორად (19 იანვარი ნაცვლად 18 იანვრისა) იყო მითითებული, ხოლო გადამოწმებული განცხადების გაკეთების კონკრეტული დრო მთლიანი გადაცემიდან გამოყოფილი არ იყო. შესაბამისად, ხარვეზის აღმოსაფხვრელად სტატიაში შესაბამისი შესწორება იქნა შეტანილი. აღნიშნული ცვლილება არც განცხადების და არც სტატიის შინაარსს არ შეხებია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი