სოციალურ ქსელში აბორტების შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა, რომელიც Wikipedia-ზე განთავსებულ მონაცემებს ეყრდნობოდა. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში 74 000 აბორტი გაკეთდა, რაც რეპროდუქციული ასაკის 1000 ქალზე 80 შემთხვევაა. ამ მაჩვენებლით კი საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა.

გავრცელებული მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე Facebook- პოსტი აღარ იძებნება, ხოლო Wikipedia.org-ზე საქართველოს შესახებ მონაცემები გასწორებულია. გასწორებული მონაცემების თანახმად, საქართველო, 2019 წლის მონაცემებით, არა პირველ, არამედ 86-ე ადგილს იკავებს.

„ფაქტ-მეტრი“ აბორტების მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას სანდო წყაროებზე დაყრდნობით მიმოიხილავს.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში რეგისტრირებულია 17,774 აბორტი, რაც რეპროდუქციული ასაკის 1000 ქალზე 21,8 შემთხვევაა. წინა წელთან შედარებით, აბორტების საერთო რიცხვი 7%-ით შემცირდა.

2013-2021 წლების მონაცემებით, საქართველოში აბორტების საერთო რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 2002-2012 წლებში რეგისტრირებული აბორტების მკვეთრი ზრდის ტენდენცია იყო, თუმცა აღნიშნული ძირითადად აბორტების აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით იყო განპირობებული. უფრო ადრე, პოსტ-საბჭოთა პერიოდში, აბორტების რეგისტრაცია პრაქტიკულად არ ხდებოდა.

2021 წლის მონაცემებით, 1000 ცოცხალშობილზე აბორტების რაოდენობა 386.8-ს შეადგენს. 2013-2021 წლებში ცოცხალშობილთა რაოდენობასთან მიმართებით აბორტების მაჩვენებელი ასევე მკვეთრად შემცირდა.

ცხრილი 1: აბორტების რაოდენობა 2012-2021 წლებში

წყარო: NCDC

აბორტი შეიძლება იყოს ხელოვნური (ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა) ან თვითნებური (მუცლის თვითნებური მოშლა). 2021 წლის მონაცემებით, ხელოვნური აბორტების წილმა საერთო მაჩვენებლის 62.7% შეადგინა. ბოლო წლებში, ქვეყანაში ხელოვნური აბორტების შემცირების დადებითი დინამიკაა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) MICS კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2018 წელს საქართველოში ხელოვნური აბორტის ჯამობრივი კოეფიციენტი (TIAR) 0,9-ს შეადგენდა. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ ქალზე, ცხოვრების მანძილზე, საშუალოდ, ერთ აბორტზე მცირედით ნაკლები მოდის. სხვადასხვა წელს ჩატარებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევების მონაცემებით, 1999 წელს ხელოვნური აბორტის ჯამობრივმა კოეფიციენტმა (TIAR) 3,7 შეადგინა, 2005 წელს - 3,1; ხოლო 2010 წელს - 1,6. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ხელოვნური აბორტების რაოდენობის კლების ტენდენცია აღინიშნება.

აბორტების შემცირება პირდაპირ კავშირშია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდასთან, ასევე უსაფრთხო და ეფექტიანი კონტრაცეფციის საშუალებების ხელმისაწვდომობასთან. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, 2014 წლიდან აკრძალულია სელექციური აბორტები (ბავშვის სქესის მიხედვით), რაც იმას გულისხმობს, რომ ბავშვის სქესის გაგება იმ ვადამდე აიკრძალა, სადამდეც კანონით აბორტი დასაშვებია (აბორტი დასაშვებია ორსულობის 12 კვირამდე). აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა 3-დან 5-დღემდე გაიზარდა. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უკანონო აბორტზე სანქციები გამკაცრდა.

მიუხედავად აბორტების შემცირების დადებითი ტენდენციისა, საქართველოში ცოცხალშობილთა რაოდენობასთან მიმართებით აბორტების მაჩვენებელი კვლავ მკვეთრად მაღალია. ჯანმოს ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის (2020 წლის მონაცემები) 1000 ცოცხალშობილზე აბორტების რაოდენობით საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს.

აქვე, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ რიგ ქვეყნებთან შედარება შესაძლოა, დამახინჯებულ სურათს ქმნიდეს, რადგან როგორც კვლევებიდან ჩანს, აბორტების დიდი ნაწილი საერთოდ არ აღირიცხება და ყველა ქვეყნის მონაცემი არ არის სრულყოფილი. რაც შეეხება საქართველოს, ბოლო წლებში აბორტების რეგისტრაცია ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი