რომან გოცირიძე: 2022 წელს საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების [უპრეცედენტო] ზრდა რუსეთიდან გადმორიცხვებმა განაპირობა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2022 წელს საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა მკვეთრად 86%-ით გაიზარდა და რეკორდულ - 4.372 მლრ დოლარს მიაღწია. რუსეთიდან გზავნილები კიდევ უფრო სწრაფად 403%-ით - 2.067 მლრდ-მდე, გაიზარდა. რუსეთის გარეშე ზრდის ტემპი 4.5-ჯერ ნაკლები - 19% იქნებოდა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ 2022 წლის ფულადი გზავნილები ფეისბუქ პოსტის საშუალებით მიმოიხილა. გოცირიძის თქმით, გზავნილების მოცულობა საერთო ჯამში 2 მლრდ აშშ დოლარით - 86%-ით გაიზარდა და 4.4 მლრდ-ს მიაღწია. მისი მტკიცებით, ასეთი ზრდა რუსეთიდან გადმორიცხულმა 2.1 მლრდ აშშ დოლარმა განაპირობა, რაც თავის მხრივ, 2021 წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა 86%-ით 2.350 მლრდ-დან 4.372 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. მხოლოდ რუსეთიდან კი 403%-ით, ანუ 5-ჯერ - 411 მლნ დოლარიდან 2.067 მლრდ-მდე.

რუსეთის გარეშე, 2021 წელს გზავნილების მოცულობა 1.939 მლრდ აშშ დოლარი იქნებოდა, 2022 წელს 19%-ით მეტი - 2.305 მლრდ აშშ დოლარი. იტალიიდან გზავნილების მოცულობის ზრდის ტემპმა 12%-ს მიაღწია და 386 მლნ-დან 432 მლნ-მდე, შეერთებული შტატებიდან 15%-ით - 284 მლნ-დან 327 მლნ-მდე, გერმანიიდან 45%-ით - 113 მლნ-დან 164 მლნ-მდე გაიზარდა, საბერძნეთიდან კი პირიქით - 6.8%-ით 240 მლნ-დან 224 მლნ-მდე შემცირდა.

ტრანსფერები ადრეც იზრდებოდა. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით გზავნილების ჯამური მოცულობა 24.6%-ით - 1.886 მლრდ დოლარიდან 2.350 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. რუსეთის გამოკლდებით, 28%-ით - 1.515 მლრდ-დან 1.939 მლრდ-მდე. გადმორიცხვები 8.8%-ით - 1.733 მლრდ-დან 1.886 მლრდ-მდე, პანდემიურ 2020 წელსაც გაიზარდა. თუ ამ შემთხვევაშიც რუსეთს გამოვრიცხავთ, მაშინაც ზრდის კიდევ უფრო მაღალ 16%-იან ტემპს მივიღებთ. რუსეთის გარეშე გზავნილები 2020 წელს 2019 წელთან შედარებით. 1.304 მლრდ-დან 1.515 მლრდ-მდე გაიზარდა.

რუსეთი გზავნილებში მართალია N1 ადგილს იკავებდა, მაგრამ მისი წილი თანდათან მცირდებოდა. თუ 2011 წელს ყოველი გადმორიცხული 100 დოლარიდან 52 დოლარი რუსეთზე მოდიოდა, 2016 წელს მისი წილი - 34%-მდე, 2021 წელს კი 18%-მდე შემცირდა. 2022 წლის პირველ კვარტალში ვარდნა 13%-მდე გაგრძელდა და ლიდერთა სიაში რუსეთი იტალიამ ჩაანაცვლა.

2016-2021 წლებში ფულადი გზავნილების მოცულობა 104%-ით - 1.153 მლრდ-დან 2.350 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც საშუალო წლიურ 15%-იან ზრდას ნიშნავს. ბოლო 15 წლის განმავლობაში 2022-ის გარდა, ყველაზე დიდი 25%-იანი ზრდა 2010 წელს დაფიქსირდა. შესაბამისად, რომ არა რუსეთიდან ნახტომისებური ზრდა, დინამიკა არსებითად არ შეიცვლებოდა.

რომან გოცირიძის მიერ მოყვანილი რიცხვებიდან სიმართლეა, რომ ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 86%-ით - 4.4 მლრდ-მდე გაიზარდა (დამრგვალებით 4.372 მლრდ 4.4 მლრდ-ს უდრის). ასევე სიმართლეა, რომ რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 5-ჯერ - 2.1 მლრდ-მდე გაიზარდა და სიმართლეა ისიც, რომ რუსეთის ფაქტორმა გზავნილების საერთო მოცულობის 86%-იან ზრდაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. საყურადღებოა ისიც, რომ გარდა აბსოლუტურ რიცხვებში ზრდისა, რადიკალურად გაიზარდა რუსეთის წილიც მთლიან გადმორიცხვებში და განსხვავებით 2021 წლის 18%-ისა, 2022 წელს 47% შეადგინა.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება სიმართლეა.

რედაქტორის შენიშვნა:

ფულადი გზავნილების შესახებ ფაქტ-მეტრი უფრო ვრცელ სტატიაზეც მუშაობს, რომელიც შემდგომში წინამდებარე სტატიის ბოლოს ბმულის სახით მიეთითება.

ამასთან, რომან გოცირიძის პოსტში ფულადი გზავნილების უპრეცედენტო ზრდაზეა საუბარი, რაც სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ციტატის შინაარსიდან გამომდინარე არ იკითხებოდა. მოგვიანებით, ფაქტ-მეტრმა ციტატა / გადასამოწმებელი განცხადება დააზუსტა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი