ირაკლი ჯანყარაშვილმა, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, 2 იანვარს Facebook-ის გვერდზე შემდეგი სახის ინფორმაცია გამოაქვეყნა:

„უნგრეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცესს იწყებს

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის მოქალაქეებისადმი საახალწლო მიმართვისას განაცხადა. ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მოატყუეს და ევროკავშირმა თავისი დაპირებები არ შეასრულა.

„ჩვენ ვიყავით ევროპული ოჯახის ნაწილი და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ლგბტ ოჯახი, სადაც მამისა და დედის ნაცვლად, მშობლები, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკში არიან, ბავშვზე არიან დაწესებული. უნგრელი ერი არასოდეს დათანხმდა მამათმავლობას, ამიტომ ბრიუსელთან ერთ გზაზე აღარ ვართ. ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას“.

აღნიშნული ინფორმაცია სხვა Facebook-გვერდებმა (ბმული 1 და ბმული 2) და ჯგუფებმაც (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5) გაავრცელეს.

რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მისი გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ორბანს ტიპური საახალწლო მიმართვა არც გაუვრცელებია, არამედ სოციალ ქსელში 31 დეკემბერს საახალწლო მიმართვის დატვირთვის მქონე სურათები და ვიდეო გამოაქვეყნა. ორბანის საახალწლო მიმართვის ვიდეოს ტექსტში ან სურათებში აღნიშნული ციტატა, რომელიც ირაკლი ჯანყარაშვილმა და სხვა წყაროებმა გაავრცელეს, არ არის და ვიქტორ ორბანს არც ევროკავშირიდან გასვლის პროცესის დაწყება ან სურვილი გაუჟღერებია.

ასევე საჯაროდ ცნობილია, რომ ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა ევროსკეპტიკური პოზიციებისა და ბრიუსელთან არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად უნგრეთის ევროკავშირის წევრობის მხარდამჭერია. მაგალითად, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი ევროკავშირს არ დატოვებს, თუმცა მისი რეფორმირება სურს. მაგალითად, ბოლო პერიოდში რამდენიმე ევროპარლამენტარის კორუფციის სკანდალში გახვევის ფონზე ორბანმა ევროპარლამენტის რეფორმირების იდეა გააჟღერა.

ორბანი და მისი მთავრობა არა მხოლოდ ევროკავშირში უნგრეთის წევრობას უჭერენ მხარს, არამედ ევროკავშირის გაფართოების მომხრეებიც არიან და მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინისა და საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარების მომხრეა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს ევროკავშირსა და უნგრეთს შორის არაერთი საკითხი შეთანხმდა, რაც დამატებით მიუთითებს, რომ უნგრეთი ევროკავშირის გასვლას არ აპირებს. მაგალითად, ევროკომისიამ დაამტკიცა უნგრეთისთვის ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკის სტრატეგიული გეგმა, ასევე შეთანხმდნენ უნგრეთის ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე და უნგრეთისთვის გაყინული ფინანსების ნაწილის უნგრეთისთვის გაცემაზე.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ირაკლი ჯანყარაშვილის და სხვა წყაროების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია თავდაპირველად სატირულ რუსულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც არა რეალურ, არამედ გამოგონილ სატირულ ინფორმაციას ავრცელებს.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი