საქართველოში განათლების ხარისხი არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგიც ცხადყოფს, რომ სისტემას გარდაქმნა და მეტი თანამედროვე, საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა სჭირდება. ამ მიმართულებით რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს. მათ შორისაა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), რომელმაც არაერთი დოკუმენტი და რეკომენდაცია მოამზადა. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტია „სამეწარმეო განათლების განვითარება სასკოლო განათლების სისტემაში“. „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული დოკუმენტის ავტორს, განათლების კოალიციის დირექტორს, მასწავლებელ გიორგი ჭანტურიას ესაუბრა.

- მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში განათლების ხარისხი დაბალია, რომ ბავშვებს საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მოტივაცია არ აქვთ, რადგან საკუთარ თავს, ინტერესებს ვერ პოულობენ და ამას მოჰყვება სხვა არაერთი პრობლემა. თქვენი აზრით, სახელმწიფოს არ აქვს ნება, რომ რამე რეალურად გააუმჯობესოს, თუ რესურსი არ ჰყოფნის და ამიტომ ვერ დგამს შესაბამის ნაბიჯებს?

- ვფიქრობ, სახელმწიფოს არ აქვს ნება, განათლება არ არის მისთვის პრიორიტეტული მიმართულება. სასკოლო განათლების ისტორიის შესწავლის პროცესში გამოჩნდა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ორი-სამი წელი იყო შესაძლებლობების ფანჯარა, როცა ცვლილებები შეიძლებოდა. როგორც კი პოლიტიკური კრიზისი დადგა, 2007 წლის ნოემბრის აქციების შემდეგ, იმწამსვე შეიცვალა სისტემაში მენეჯმენტიც, მიდგომებიც, პრიორიტეტებიც. განათლების მინისტრები ძალოვანი სტრუქტურებიდან მოდიოდნენ: ნიკა გვარამია, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, დიმიტრი შაშკინი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გახლდათ, მერე - პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე. იქ მთავარი იდეა იყო სისტემის, მათ შორის, დირექტორებისა და მასწავლებლების კონტროლი.

2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, შეიქმნა კომისია, რომელიც მასწავლებლების, დირექტორების, სასკოლო ადმინისტრაციის წარმომადგენლების პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხებს სწავლობდა. ამ საზოგადოებრივმა კომისიამ იმუშავა, თავისი დასკვნა დადო და არსებობა შეწყვიტა. იმის შემდეგ, ფაქტობრივად, წინა ხელისუფლების მიდგომები გაგრძელდა და დღესაც სისტემა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით იმართება. ეს ნიშნავს, რომ დირექტორები პოლიტიკური ნიშნით შეირჩევიან, რესურსცენტრები პოლიტიკური ნიშნით არიან არჩეულები. ცხადია, რომ ისინი თავიანთ ყოველდღიურობაში, შესაძლოა, აგიტაციით არ არიან დაკავებული, მაგრამ სისტემაში ინერგება მორჩილება. ია კერზაიას საქმეც რომ გავიხსენოთ, კონკრეტულად ყველა სკოლას კი არ ეხება, მაგრამ ჩანს, რომ [2018 წლის საპრეზიდენტო] არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე გაზრდილი იყო სკოლებში ინსპექტირება. ათამდე ინსპექტირება ჩატარდა და ეს იყო სამაგალითო სასჯელი. კანონმდებლობაც ისე აქვს სისტემას სათავისოდ მორგებული, რომ ნებისმიერ რამეზე შეუძლია დირექტორს მოედავოს. ჩანს, რომ განათლების სისტემა უფრო პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაზეა ორიენტირებული, ვიდრე მოსწავლეების განათლებასა და მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე. მონაწილეობითი რომ იყოს და დემოკრატიულობის პრინციპები იყოს დაცული, ეს არ ხდება. დაფინანსებაც არაა საკმარისი, არც - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით. შრომითი პირობები აბსოლუტურად მიუღებელია. მასწავლებლების ხელფასების ზრდაც არაფერს მნიშვნელოვნად არ აუმჯობესებს.

- ანუ ანაზღაურება, შრომის პირობები, ინფრასტრუქტურა - ამ მიმართულებით არაფერი გაუმჯობესდა?

- თითქმის ყველა სკოლაში რომ შეხვიდეთ, მასწავლებლებს სამუშაო სივრცე არ აქვთ. ბოლო წლებია, სისტემა ძალიან მიბმულია საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე. დაფინანსების მეთოდიც ამ პრინციპებზეა მორგებული, ვგულისხმობ ვაუჩერულ სისტემასაც და მასწავლებლის ანაზღაურებასაც. რამდენი საკონტაქტო საათიც ექნება მასწავლებელს, ანუ რამდენ გაკვეთილსაც ჩაატარებს, დაახლოებით, იმდენია ანაზღაურება. არ ექცევა ყურადღება, რომ ერთი გაკვეთილის ჩასატარებლად, სამი - ოთხი საათი უნდა დახარჯო და კარგად მოემზადო. ამიტომ მასწავლებელი ცდილობს, მაქსიმალურად დაიტვირთოს გაკვეთილებით. ფიზიკურად შეუძლებელია, რომ მასწავლებელი კვირაში 20-40 საათს ატარებდეს და პარალელურად, საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავდეს. ეს იწვევს იმას, რომ მასწავლებლებს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ, ვის მეტი საათი ექნება. მასწავლებელთა განვითარება შეუძლებელია კოლეგიალობის ფაქტორის გარეშე. იაპონური გაკვეთილის კვლევაა ასეთი მოდელი, როდესაც, გარკვეული პერიოდულობით, ერთ მასწავლებელს ოთხი-ხუთი კოლეგა აკვირდება. ეს გრძელდება ხანგრძლივად. მერე მსჯელობენ, როგორ გააძლიერონ მასწავლებელი. ესაა სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარება.

- ღირს კი თქვენი რესურსის, ენერგიის ხარჯვად პოლიტიკის დოკუმენტებზე, რეკომენდაციებზე მუშაობა, თუ განათლების სისტემის ვიწრო პოლიტიკური მიზნები ამ ცვლილებებს ვერ შეითავსებს და ასეთ შემთხვევაში, მიიღებს, მაგალითად, სამეწარმეო განათლება მხარდაჭერას?

- რეალურად, სისტემის მიზანიც ეგაა, რომ ადამიანებში ნიჰილისტური განწყობა შექმნას და აფიქრებინოს, რომ მაინც არაფერი არ შეიცვლება. სკოლა გახდა ცვლილებებისადმი ყველაზე ჩაკეტილი და რეზისტენტული. პირიქით კი უნდა იყოს - ცვლილებები სკოლიდან უნდა იწყებოდეს. ჩვენი მიზანია, რომ სწორედ აქეთკენ წავიყვანოთ ცვლილებები. ბევრ საკითხში ცვლილებებს დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ყოველთვის ჩნდება შესაძლებლობის ფანჯარა. იგივე „სკოლების დეპოლიტიზების“ პროექტი რომ გავიხსენოთ, ბევრმა ადამიანმა ტერმინი „დეპოლიტიზება“ სხვანაირად გაიგო და შესაძლოა, სხვანაირად განიმარტებოდეს. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ნიშნავს პოლიტიკისგან სრულიად დაცლილს და განცალკევებულს. აქ საუბარია მავნე პოლიტიკური გავლენებისგან სკოლების განთავისუფლებაზე, სკოლების ავტონომიაზე. ჩვენი ამოცანაც, მათ შორის, სამეწარმეო განათლების განვითარების კუთხით, ინდივიდუალურად მომუშავე ჯგუფების ერთმანეთთან დაკავშირება იყო. ასე ხდება პოლიტიკის დღის წესრიგში საკითხის დაყენება. ამის კარგი მაგალითია სასკოლო კვების საკითხი რომელიც ასევე, CTC-ის შემუშავებულია. დღეს ამ პროცესში, თემის ადვოკატირების მიმართულებით, არაერთი ორგანიზაცია/მოძრაობაა ჩართული. პოლიტიკურმა პარტიებმა კი თავიანთ პროგრამებში შეიტანეს. ანუ საკითხი გაჩნდა პოლიტიკის დღის წესრიგში. მოძრაობა „ხმას“ ჰქონდა კარგი ექსპერიმენტი. როცა მათ კერძო სკოლის მოსწავლეებს კვების შესახებ კითხვა დაუსვეს, აღმოჩნდა, რომ მათ სასწავლო პროცესი კვების გარეშე ვერ წარმოუდგენიათ, ხოლო საჯარო სკოლებში პირიქით, კვების შეტანის თემა აოცებთ. სასკოლო კვება მნიშვნელოვანია ბევრი მიმართულებით: განათლების (აკადემიური მოსწრება, დასწრება და ა. შ.), ჯანდაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარება... 161 ქვეყანაშია დანერგილი სკოლებში კვების პროგრამა, მათ შორის, ძლიერი ეკონომიკური განვითარების არმქონე ქვეყნებშიც.

- თვითონ ტერმინ „მეწარმეობის“ განმარტებაზეც არ არის შეთანხმებული საზოგადოება. თქვენს დოკუმენტში როგორ განიმარტება?

- ზოგადად, „მეწარმეობა“ ჩვენთან ვიწრო გაგებით განიმარტება: შენ თვითონ გახდე მეწარმე, ეკონომიკური სარგებლის მიზნით ეწეოდე საქმიანობას, იყიდო-გაყიდო, მიაწოდო და ა. შ. ფართო გაგებით კი მეწარმეობა ასოცირდება აზროვნებასთან, რომელიც შემოქმედებითობას მოიცავს. ესაა იმ შესაძლებლობების ხედვა, რომლებსაც საკუთარი თავისა და სხვებისთვის სასარგებლოდ გამოიყენებ. ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმაც ასე განმარტავს. მეწარმეობის სწავლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, სკოლის გახსნილობა, რომ სკოლა გავიდეს გარეთ და ითანამშრომლოს სხვადასხვა სექტორთან, კომპანიასთან, ორგანიზაციასთან... ესაა სწავლა კეთებით, პროცესში სწავლობ და იძენ შესაბამის უნარებს.

- მეწარმეობა ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს, თუ - ინტეგრირებულად?

- დაწყებით საფეხურებზე ეს უფრო გამჭოლი თემაა, შემდეგ ვიწროვდება და შემოდის, როგორც ცალკე საგანი. დღეს არაერთ სკოლაში არჩევით საგნად ისწავლება. სკოლების რესურსებზეა დამოკიდებული, მათ, საკუთარი კონტექსტიდან გამომდინარე, თვითონ უნდა აირჩიონ.

- სკოლამ რომ აირჩიოს, განა მას ამისთვის მეტი ავტონომიურობა არ სჭირდება და ასევე, ვინ უნდა ასწავლოს, ან ფინანსურად ვინ უნდა უზრუნველყოს პროცესი?

- არსებობს კარგი პრაქტიკის მაგალითები. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ზედა დონეზე დაიწყოს დისკუსია სამეწარმეო განათლებაზე. თუ ჩაითვლება, რომ ეს პრიორიტეტულია, დღის წესრიგში დადგება მხარდაჭერის თემა, მათ შორის, მასწავლებელთა მომზადება-გადამზადების მიმართულებით. რამდენიმე ქვეყანაში მეწარმეობა ინტეგრირებულია მასწავლებლების მომზადების პროგრამაში. ფინანსური რესურსი ცალკე უნდა გამოვყოთ. აქ კერძო სექტორის მოზიდვა შეიძლება. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ შეიქმნას ცალკე ფონდი სამეწარმეო განათლების განვითარებისთვის, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორი მხარს დაუჭერს. შესაძლოა მას ჰყავდეს ბორდი, რომელიც სკოლებზე მიზნობრივ დაფინანსებებს გასცემს. ამ მიმართულებით კარგად მუშაობს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, რომელიც ოზურგეთსა და კახეთში საინტერესო პროექტებს ახორციელებს.

- მზადაა სასკოლო საზოგადოება ამ სიახლის მისაღებად?

- მარტივად გიპასუხებთ, რომ არა. იმდენად არიან ეს ადამიანები თავიანთ ყოველდღიურ რუტინაში ჩართული, რომ სამეწარმეო განათლების მიზანი რა არის, რატომ შეიძლება, რომ საინტერესო იყოს, ამაზე დასაფიქრებლად დროც არ აქვთ. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ამ თემაზე განათლების სამინისტროში დისკუსია დაიწყოს. ეს არაა მხოლოდ განათლების სამინისტროს პრიორიტეტი. თუ პრიორიტეტი გახდება, მაშინ ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ შეიქმნას სტრუქტურული ერთეული, თუნდაც, განათლების სამინისტროში, რომელიც ყველა სხვა უწყებას კოორდინაციას გაუწევს. ეს იქნება გზავნილი, რომ სამეწარმეო განათლება პრიორიტეტულია. ამას დასჭირდება დაფინანსება. მნიშვნელოვანია, რომ სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, ხდება მიზნობრივი დაფინანსებებით, სათემო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით. ისინი არიან სკოლებთან ახლოს და ეხმარებიან მათ. ჩვენთან ეს თანამშრომლობა არ არსებობს და ამ ეტაპზე, ამის გაკეთება შეუძლებელია.

- თვითონ მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას ან თავისუფალი აზროვნების განვითარებას თუ შეუწყობს ხელს?

- ისევე, როგორც კვების დანერგვა სკოლებში, სამეწარმეო განათლების შეტანაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მოსწავლე დავამაგროთ სკოლაში და არ გავიდეს გარეთ. სამეწარმეო განათლება მოსწავლეს დაეხმარება, აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და იზრუნოს მათ განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, როგორ ასწავლის მასწავლებელი, შემოქმედებითად თუ უდგება სწავლების პროცესს. თუ ასე შევხედავთ, ესაა ჩაკეტილი სისტემის ერთ-ერთი გასაღები. ტექნოლოგიების ეპოქაში მასწავლებლებმა უნდა დაიწყონ ფიქრი, როგორ გასცდნენ თავიანთ საკლასო ოთახებს და მოსწავლეები გახადონ ორიენტირებული, რომ საკუთარი თემისთვის რაღაც ღირებულება შექმნან. ამისთვის თემის საჭიროება უნდა შეისწავლონ, რაც სკოლიდან გასვლას გულისხმობს. ჯამში, ეს ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას, კრიტიკულ აზროვნებას. ამიტომ მნიშვნელოვანია ბმები საფეხურებს შორის. ზუსტად უნდა იყოს გათვლილი, რას ვავითარებთ დაწყებით საფეხურზე და შემდგომ ეტაპებზე. სამეწარმეო განათლებაში ბევრი მიმართულება იკვეთება, ამიტომ აქტორები, რომლებიც პროგრამაზე მუშაობენ, მხოლოდ განათლების სფეროდან არ არიან. მაგალითად, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან, რომლებიც ფინანსური წიგნიერების მიმართულებით მუშაობენ, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, Junior Achievement Georgia [ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო] და სხვა ორგანიზაციები.

- ანუ სკოლებისთვის სახელმძღვანელო პრინციპები, მითითებები მომზადდება?

- შეიძლება, ოღონდ მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო პრინციპების შეთავაზება უკვე შემდგომი ეტაპია. ჯერ საფუძველი უნდა შეიქმნას და შეთანხმება შედგეს. ეს, როგორც გამჭოლი თემა, გვაქვს ეროვნულ საგანმანათლებლო გეგმაში და კარგადაა განმარტებული. მხარდამჭერი სისტემა, დაფინანსება და მოტივაცია არ არსებობს. შესაბამისად, ამ დოკუმენტის ერთ-ერთი დანიშნულება იყო, რომ ამ საკითხებში ჩვენც უკეთესად გავრკვეულიყავით. მთავარი ისაა, რომ ამ მიმართულებით მასალები არის ძალიან მწირი. ამიტომ ამ დოკუმენტმა უნდა მისცეს ბიძგი საკითხზე დისკუსიების წახალისებასა და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი