ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს. 2014 წლის მონაცემებით, სოფელში 1 604 მკვიდრია. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან ერთად, სოფელ დარბაზის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა შეხვედრისას სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 53 400 ლარით ახალი სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფა და კეთილმოწყობა მოითხოვეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის ახალი სასაფლაოს შემოღობვის მიზნით, რომელიც 5 000 კვ.მ-ია, ბოლნისის მერიამ მართლაც გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც ორი კომპანია მონაწილეობდა. სამუშაოების შესასრულებლად ყველაზე დაბალი ფასი შპს „The best goods“-მა ს/კ (425358908) წარადგინა. მუნიციპალიტეტსა და გამარჯვებულ კომპანიას შორის 6 195-ლარიანი ხელშეკრულება 2016 წლის 12 სექტემბერს გაფორმდა. სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ხელშეკრულების თანახმად, პროექტი 2016 წლის 7 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ დაკისრებული მოვალეობა ვადის გადაცილების გარეშე შეასრულა.

სასაფლაოს შემოღობვითი სამუშაოების პარალელურად, 2016 წლის 16 ოქტომბერს, სოფელ დარბაზში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოებისთვის, ცალკე ტენდერი გამოცხადდა. გამარჯვებული კომპანია შპს „გზამშენი 2014” (ს/კ-425359079) გახდა. ტენდერის ღირებულება კი 68 941 ლარია. პროექტის თანახმად, გათვალისწინებული იყო გზის ჭრილის შევსება ხრეშოვანი ნარევით და ზედა ფენის ღორღით მოწყობა. კომპანიამ სამუშაოები ჩააბარა, რასაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული დოკუმენტაცია ადასტურებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან თანხა გაიხარჯა, მოსახლეობამ ადეკვატური სიკეთე ვერ მიიღო. ორივე ობიექტი, ფაქტობრივად, დღემდე უფუნქციოა. „ფაქტ-მეტრმა“ სიტუაცია ადგილზე გადაამოწმა. არსებული მდგომარეობა აღბეჭდილია ფოტოებზე.

ფოტო 1. სასაფლაოსთვის შემოღობილი ტერიტორია ექვსი წელია, რაც უფუნქციოდაა

ფოტო 2. სასაფლაომდე მისასვლელი გზა ასე გამოიყურება

„2016 წელს, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მათი მოთხოვნა, სოფელთან ახლოს სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა და მისი შემოღობვითი სამუშაოების ჩატარება იყო. მუნიციპალიტეტმა ვერ გაითვალისწინა ადგილობრივების მოთხოვნა და სასაფლაო სოფლიდან საკმაოდ შორს მოაწყო. მოსახლეობა ფიზიკურად ვერ იყენებს იმ ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ გზა მოაწყვეს, ზამთარში და წვიმიან ამინდში იქ მანქანით ან ფეხით ასვლა ფიზიკურად შეუძლებელია. ახალმოწყობილი სასაფლაო 2016 წლიდან დღემდე არავის გამოუყენებია. უკვე ექვსი წელია რაც „სასაფლაოს“ ტერიტორიას საძოვრად იყენებენ. ადგილობრივები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ყოველ შეხვედრაზე იხსენებენ მაგ პრობლემას, მაგრამ უშედეგოდ. მოსახლეობის ერთადერთი მოთხოვნა ის არის, რომ სასაფლაო სოფელთან ახლოს იყოს და ყველას შეეძლოს ფეხით მისვლა“, - გვითხრა ნაშირ ორდუხანოვმა, სოფელ დარბაზის მკვიდრმა.

„ამბობენ შორს არისო, ახლოს სხვა ტერიტორია არ იყო სამაგისო. ყველაზე ახლოს სადაც იყო სახელმწიფო ტერიტორია, იქ გაკეთდა. გზის მიყვანა გაკეთდა, თუმცა ის გზაც უკვე რამდენი წელია მოუვლელია და თავიდან დაგრეიდერება უნდა. სასაფლაო გამოყოფილია, შემოღობილია და რეგისტრირებულია როგორც სასაფლაო. როცა ძველ სასაფლაოში აღარ იქნება ადგილი, მიცვალებულებს მანდ დაკრძალავენ“, - განმარტა კონსტანტინე კორძაძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, არის. თუ - არა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სხვა მიწის ნაკვეთი სოფელთან უფრო ახლოს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სასაფლაოს ქვედა კუთხეში არის მიწის ნაკვეთი, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ფოტო 3-ზე ნათლად ჩანს ძველი სასაფლაო და ის ცარიელი მიწის ნაკვეთი.

ფოტო 3. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც მოქმედი სასაფლაოს მიმდებარედაა განთავსებული

აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს შეეძლო სასაფლაოს მოსაწყობად სოფელთან უფრო ახლოს არსებული ტერიტორია გამოეყენებინა. მოსახლეობის მოლოდინიც სწორედ ეს იყო, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, შედეგად ბიუჯეტიდან გახარჯული თანხა და ორი უფუნქციო ობიექტი მიიღო. მათ შორის ერთს - ახალი სასაფლაოსთვის შემოღობილ ტერიტორიას, პირუტყვის საძოვრად იყენებს.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი