პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში მან ხელისუფლების მიღწევები შეაფასა და სამომავლო დაპირებები გასცა.„ფაქტ-მეტრმა“ პრემიერის გამოსვლაში მოცემული ძირითადი ფაქტები გადაამოწმა. სრული სტატია იხილეთ ბმულზე.

ირაკლი ღარიბაშვილი: მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15,6% შეადგინა. 2 წელიწადში – 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით, შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. 229 000 ადამიანი დასაქმდა ამ ბოლო 2 წელიწადში

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 15.6% შეადგინა, რაც 2018-2021 წლების ანალოგიური კვარტლის მონაცემებთან შედარებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ვინაიდან, კვარტალურ ჭრილში სამუშაო ძალის გამოკვლევა 2018 წლიდან დაიწყო, უფრო ადრინდელ მონაცემებს ვერ შევადარებთ.

გრაფიკი 1: 2018-2022 წლებში უმუშევრობის დონე (%), კვარტლების მიხედვით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში პანდემიის პერიოდში [2020-2021 წლებში], მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვების ფონზე, სამუშაო ადგილებისა დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. ამ პერიოდში დასაქმების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2021 წლის I კვარტალში დაფიქსირდა. პრემიერი თავის ანგარიშში, 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებს სწორედ 2021 წლის I კვარტლის მაჩვენებელს ადარებს, როდესაც დასაქმებულთა რაოდენობა მინიმუმამდე იყო შემცირებული. რაც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას შთამბეჭდავად წარმოაჩენს.

რეალური სურათი კი ასეთია - 2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 77.4 ათასით გაიზარდა და 1358.6 ათასი შეადგინა. არაპანდემიურ პერიოდთან, 2019 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით კი დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 47.3 ათასით არის გაზრდილი.

გრაფიკი 2: 2018-2022 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა, კვარტლების მიხედვით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამრიგად, 2022 წლის III კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არამხოლოდ პანდემიურ პერიოდთან, არამედ პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებითაც, შესაბამისად შემცირდა უმუშევრობის დონეც. თუმცა პრემიერი რიცხვებით მანიპულირებს და არსებულ რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ნახევრად სიმართლედ აფასებს.

ამავე თემაზე იხილეთ, 2022 წლის III კვარტლის დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი