ირაკლი ღარიბაშვილი: 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2022 წლის III კვარტალში - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 77.4 ათასით გაიზარდა. აქედან დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა 52 ათასი კაცით, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.8 ათასით გაიზარდა. დასაქმებულთა რაოდენობის ამგვარი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მონაცემები პანდემიურ პერიოდთან არის შედარებული, როდესაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო.

2022 წლის III კვარტალში არაპანდემიური პერიოდის მონაცემებთან - 2019 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 47.3 ათასით (აქედან დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა - 9.6 ათასით, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა - 37.5 ათასით) მეტია.

ამრიგად, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არამხოლოდ პანდემიურ პერიოდთან, არამედ პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებითაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გარდა იმისა, რომ პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა მოხდა, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილებიც. თუმცა პრემიერის მტკიცება, თითქოს „100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა“ არსებულ რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. 2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 15.6% შეადგინა, რაც 2018-2021 წლების ანალოგიური კვარტლის მონაცემებთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ვინაიდან, კვარტალურ ჭრილში სამუშაო ძალის გამოკვლევა 2018 წლიდან დაიწყო, უფრო ადრინდელ მონაცემებს ვერ შევადარებთ.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მეტწილად სიმართლედ აფასებს.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში, დაახლოებით, 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე ჩამოვიდა“.

2020-2021 წლებში, ანუ პანდემიის პერიოდში, სამუშაო ადგილების დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რაც პანდემიით და მთავრობის პოლიტიკით - მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით, იყო განპირობებული. შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად მოჰყვა სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის, მათ შორის, დასაქმების მაჩვენებლების აღდგენა. 2022 წლის III კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ძალის მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა, არამხოლოდ პანდემიურ პერიოდთან, არამედ პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებითაც.

უმუშევრობის დონე (პროცენტული მაჩვენებელი) უმუშევარ ადამიანთა და სამუშაო ძალის შეფარდების შედეგად გამოითვლება. აქვე განვმარტავთ, სამუშაო ძალა [ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა] არის დასაქმებული და უმუშევარი [სამუშაოს მაძიებელი] პირების ჯამური ოდენობა. პირი, რომელიც რეალურად არ მუშაობს, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6% შეადგინა. უმუშევრობის დონის შემცირება დასაქმების ზრდის ხარჯზე მოხდა, რაც ცალსახად დადებითი მოვლენაა.

სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხად, რელევანტურია სამუშაო ძალის პარამეტრების ანალოგიურ კვარტალთან შედარება. კვარტალურ ჭრილში სამუშაო ძალის გამოკვლევა 2018 წლიდან დაიწყო. შესაბამისად 2022 წლის III კვარტლის მაჩვენებელი მხოლოდ 2018-2021 წლების ანალოგიური კვარტლის მაჩვენებლებს შეგვიძლია შევადაროთ. უმუშევრობის დონე შემცირებულია როგორც პანდემიური წლების (2020-2021) , ასევე 2018-2019 წლების შესაბამის კვარტლებთან შედარებითაც.

ამრიგად, 2018-2022 წლების კვარტალური მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე მართლაც ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუმცა არის, თუ - არა უმუშევრობა „ისტორიულ მინიმუმზე“, ამაზე ცალსახა პასუხი მას შემდეგ გვეცოდინება, რაც წლიური მაჩვენებლები გახდება ცნობილი.

გრაფიკი 1: 2018-2022 წლებში უმუშევრობის დონე (%), კვარტლების მიხედვით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 77.4 ათასით გაიზარდა და 1358.6 ათასი შეადგინა. აქედან დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა 52 ათასი კაცით, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.8 ათასით გაიზარდა. პრეპანდემიურ პერიოდთან, 2019 წლის ანალოგიურ კვარტალთა შედარებით, დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 47.3 ათასით არის გაზრდილი. რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას, ის 9.6 ათასით აღემატება არაპანდემიური პერიოდის მონაცემებს. ამრიგად, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა მოხდა. ამასთან ახალი სამუშაო ადგილებიც შეიქმნა.

მართალია, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა და უმუშევრობის დონეც მკვეთრად შემცირდა. თუმცა პრემიერის მტკიცება, თითქოს ქვეყანაში ბოლო ერთ წელიწადში 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა არაა ზუსტი და გადაჭარბებულია.

გრაფიკი 2: 2018-2022 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა, კვარტლების მიხედვით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აქვე აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდაზე გარკვეული გავლენა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამაც იქონია. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამოქმედდა და სექტემბრის მონაცემებით, 23 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი იყო დასაქმებული.

აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისებაა, რაც ძირითადად ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას გულისხმობს.

შენიშვნა: ირაკლი ღარიბაშვილი თავის განცხადებაში, სავარაუდოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლებზე საუბრობს. შესაბამისად, პრემიერი, სავარაუდოდ, ახალ სამუშაო ადგილებში დასაქმების მაჩვენებლის ზრდას გულისხმობს. „ფაქტ-მეტრმა“ განცხადების გადამოწმებისას სწორედ ეს მონაცემები მიმოიხილა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი