ირაკლი ნადირაძე: მერია თანამშრომლებს 9 მილიონით უზრდის ხელფასებს და ამ დროს უფასო სასადილოებში არც ერთ თეთრს არ ამატებს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ნადირაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურება ნომინალურ მაჩვენებელში მართლაც 9 185 900 ლარით იზრდება, იზრდება ფარდობითი მაჩვენებელიც და ზრდა 1.1 პროცენტული პუნქტია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებულ ზრდას საფუძვლად მთავრობის გადაწყვეტილება უდევს, რომლის მიხედვით 2023-2025-წლიან პერიოდში საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით უნდა გაიზარდოს.

აქედან გამომდინარე, ირაკლი ნადირაძის განცხადების პირველი ნაწილი ზუსტია, თუმცა გამოტოვებულია კონტექსტი, რომ აღნიშნული ზრდა წინასწარ იყო დაგეგმილი და შესაბამისად, მოსალოდნელი.

რაც შეეხება უფასო სასადილოების დაფინანსებას, 2023 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის 26 184 100 ლარი არის გათვალისწინებული. დედაქალაქის ათივე გამგეობაში რეგისტრირებული უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა 42 188 ერთეულია. შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ერთი ბენეფიციარის დღიურ კვებაზე იგივე რაოდენობის თანხა - 1.7 ლარია გათვალისწინებული, რაც იყო წელს. თანაც იმ ფონზე, როცა მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, სასურსათო პროდუქტებზე ინფლაციამ 15.8% შეადგინა. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფასები იმ პროდუქტებზე, რომელიც უფასო სასადილოს მენიუს ძირითადი შემადგენელია. მიუხედავად აღნიშნულისა, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მერია უფასო სასადილოების ბენეფიციარების დაფინანსებას არ ზრდის და მათ კვებით უზრუნველყოფას მომავალ წელსაც იგივე რაოდენობის თანხით აპირებს, რაც მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან გაძნელდება.

განხილულიდან გამომდინარე, ირაკლი ნადირაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

საკრებულოს წევრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ თბილისის ბიუჯეტის შესახებ საუბრისას განაცხადა: „მერია თანამშრომლებს 9 მილიონით უზრდის ხელფასებს და ამ დროს უფასო სასადილოებში არც ერთ თეთრს არ ამატებს. შარშან რომ ჰქონდათ 1.70 და წელს ცეცხლის ფასები რომ აქვს ყველაფერს და ყველაფერი გაძვირებულია, ისევ 1.70 ჩადო“.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით (პირველი ვარიანტი) შრომის ანაზღაურებისთვის 98 465 600 ლარია გათვალისწინებული, მომუშავეთა რიცხოვნობა კი 4 060 თანამშრომლით განისაზღვრა. 2022 წელს მერიაში ერთით ნაკლები თანამშრომელი - 4 059, მუშაობდა, შრომის ანაზღაურებისთვის კი 89 279 700 ლარი იყო გამოყოფილი. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელ შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა ნომინალში 9 185 900 ლარით არის გაზრდილი. თუ ფარდობით მაჩვენებელს ავიღეთ, მიმდინარე წელს შრომის ანაზღაურებამ მთლიანი ბიუჯეტის ხარჯების 7.4% შეადგინა, მომავალ წელს კი იმავე მიზნით - დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯების 8.5%-ია გათვალისწინებული. შესაბამისად, 2023 წელს შრომის ანაზღაურების დაფინანსება როგორც ნომინალში, ასევე ფარდობით მაჩვენებლებში არის გაზრდილი.

თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზარდა. მოგვიანებით, გადაწყდა, რომ 10%-იანი ზრდა 2023-2025 წლის პერიოდშიც შენარჩუნებული იქნება. შესაბამისად, შრომის ანაზღაურების მუხლის გაზრდა მთავრობის გადაწყვეტილების შედეგია და არა მერიის კერძო ინიციატივა.

რაც შეეხება თბილისში უფასო სასადილოების დაფინანსებას, დედაქალაქში უფასო სასადილოების ბენეფიციართა მომსახურების წესს და მათ აღრიცხვას თბილისის მერის 2014 წლის 26 ნოემბრის #2344 ბრძანება არეგულირებს.

ბრძანების მიხედვით, უფასო სასადილოების ბენეფიციართა სიაში შეყვანას მხოლოდ ის სოციალურად დაუცველი პირები ექვემდებარებიან, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება. ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ბენეფიციართა სიაში შეყვანა გამგებლის მოტივირებული გადაწყვეტილებითაც ხდება.

2023 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის (პირველი ვარიანტი) მიხედვით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის (კოდი: 06 02 14) 26 184 100 ლარია გათვალისწინებული. იგივე მიზნისთვის მიმდინარე წელს - 26 308 100 ლარი, გასულ წელს კი 19 423 800 ლარი დაიხარჯა. ბოლო წლებში უფასო სასადილოების მომსახურებაზე დახარჯული თანხები შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 1: უფასო სასადილოების მომსახურების ბიუჯეტი 2013-2022 წლებში (მლნ ლარებში)

წყარო: თბილისის ბიუჯეტი

დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით სულ თბილისში, ათივე რაიონში 42 188 უფასო სასადილოს ბენეფიციარია რეგისტრირებული. როგორც აღვნიშნეთ უფასო სასადილოების მომსახურების ბიუჯეტის სულ 26 184 100 ლარია. შესაბამისად, ერთ ბენეფიციარზე ყოველდღიურად 1.7 ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წელსაც ერთ ბენეფიციარზე იგივე რაოდენობის თანხა იყო გამოყოფილი.

აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოქტომბრის თვის მონაცემების მიხედვით წლიურმა ინფლაციამ 10.6% შეადგინა, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის წლიურმა ინფლაციამ კი - 15.8%. ფასები მომატებულია შემდეგ ჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (26.1%), რძე, ყველი და კვერცხი (22.1%), ყავა, ჩაი და კაკაო (20.6%), ზეთი და ცხიმი (18.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9%), თევზეული (12.3%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.0%), ბოსტნეული და ბაღჩეულ (3.5%), ხილი და ყურძენი (3.4%).

უფასო სასადილოების რაციონი ძირითადად იმ პროდუქტებისგან შედგება, რომელთა ფასებიც, მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია. აღნიშნული ინფლაციის ფონზე, მომავალ წელს უფასო სასადილოების ერთი ბენეფიციარისთვის იგივე მენიუს მიმდინარე წლის ფასად (1.70 ლარად, რაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული) შეთავაზება, ალბათ ძალიან გაძნელდება.

განხილული მასალიდან გამომდინარე, ირაკლი ნადირაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი