ოთარ შამუგია: ჩვენ 2019 წლიდან გავზარდეთ თხილის მოსავლიანობა და ექსპორტიც - 2021 წელს ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ შამუგიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლიდან მოყოლებული, თხილის მოსავლიანობაც და ექსპორტიც იზრდებოდა. 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 118 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, მინისტრის განცხადება არის სიმართლე.

თუმცა როგორც მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკა ცხადყოფს, წელს 3 კვარტლის მონაცემების მიხედვით, თხილის ექსპორტი წინა წელთან შედარებით, 15%-ით არის შემცირებული, რაც სპეციალისტების განმარტებით, ძირითადად ქართული თხილის ხარისხის გაუარესებით და ასევე, მსოფლიოში თხილის ჭარბი მოსავლიანობით აიხსნება, რამაც თავის მხრივ, ქართულ თხილზე მოთხოვნა შეამცირა. განხილულ განცხადებაში მიმდინარე წელს ექსპორტის შემცირებაზე მინისტრიც ამახვილებს ყურადღებას.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ შამუგიას განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს თხილის წარმოების ხელშემწყობ ახალ პროგრამაზე მიაწოდა ინფორმაცია და ამ კონტექსტში თხილის წარმოებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ჩვენ, ეტაპობრივად, 2019 წლიდან, გავზარდეთ მოსავლიანობა და გაიზარდა ექსპორტიც. 2021 წელს, თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე და ეს იყო, ძირითადად, კლიმატური პირობები, რომლის გამო ფერმერებმა ვერ შეძლეს მოვლის ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება, მოსავლიანობა შემცირდა, ასევე შემცირდა ხარისხი. საექსპერტო ღირებულების და ზოგადად მოთხოვნის შემცირებიდან გამომდინარე, ფერმერებმა ვერ მიიღეს სათანადო შემოსავალი“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს 46 ათასი ტონა თხილი იყო წარმოებული. 2019 წელს თხილის წარმოებამ 24 ათასი ტონა შეადგინა, ზრდა 2020 წელსაც შენარჩუნდა. შესაბამისად, 2019 წლიდან თხილის წარმოებაში ზრდის ტენდენციაა. აქედან გამომდინარე, მინისტრის განცხადების პირველი ნაწილი სიმართლეა.

გრაფიკი 1: თხილის წარმოება (ათასი ტონა)

წყარო: საქსტატი

რაც შეეხება თხილის ექსპორტს, 2021 წელს 118 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 25 ათასი ტონა თხილი იქნა ექსპორტზე გატანილი, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენობით თხილი იტალიაში (32 მლნ აშშ დოლარის), გერმანიასა (27 მლნ აშშ დოლარი), საფრანგეთში (3 მლნ აშშ დოლარი), ჩეხეთი (4 მლნ) და ა.შ. იქნა რეალიზებული.

ბოლო წლების ექსპორტის სტატისტიკა კი შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 1: თხილის ექსპორტი (მლნ აშშ დოლარი, ტონა)

წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი

თხილის ექსპორტის სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლიდან თხილის ექსპორტი მცირდებოდა, 2019 წლიდან ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, თუმცა 2016 წლის ნიშნულამდე ჯერ არ მისულა. შესაბამისად, მინისტრის განცხადების მეორე ნაწილიც სიმართლეა.

მიმდინარე წელს იანვარ-სექტემბერში სულ 60 მლნ აშშ დოლარის 13 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. შარშან იგივე მონაცემი 69 მლნ. აშშ დოლარი იყო (13.9 ათასი ტონა). შესაბამისად, მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 15%-ით არის შემცირებული. აღნიშნულ პერიოდში იტალიაში 14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, გერმანიაში კი 13 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია გატანილი.

როგორც მინისტრმა თავის განცხადებაში აღნიშნა, მიმდინარე წელს თხილის მოსავლიანობა და ხარისხი სხვადასხვა ფაქტორების (კლიმატური პირობების) გამო, შემცირებულია და თხილის ექსპორტის შემცირებაც აღნიშნულს უკავშირდება.

ჩვენ თხილის წარმოებაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით კომენტარი თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელ ლევან ქარდავას ვთხოვეთ.

მისი ინფორმაციით, „მიმდინარე წელს თხილის გამოსავალი არის 30%, წინა წელს 35-40% იყო. აღნიშნული იმით არის განპირობებული, რომ ფაროსანასთან ბრძოლის აქტიურ პერიოდში - თითქმის ორი თვე, სულ წვიმები იყო, რამაც ბრძოლის პროცესი არაეფექტური გახადა. ამას თან დაერთო ისიც, რომ ინფლაციიდან გამომდინარე, შხამქიმიკატებზე ფასები გაიზარდა და ფერმერებმა თხილის დროული შეწამვლა ვერ უზრუნველყვეს, რამაც ხარისხის გაუარესება გამოიწვია. ამას თან დაერთო მსოფლიოში თხილის ჭარბი მოსავალი და ჯამში ქართულ თხილზე მოთხოვნა შემცირდა“.

თხილის წარმოებაში შექმნილი მდგომარეობის საკომპენსაციოდ მთავრობამ თხილის სუბსიდირების პროგრამა დააანონსა. პირველ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. ფერმერებს, ვინც 0.2-დან 3 ჰექტრამდე თხილის ბაღებს ფლობენ, ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით 500 ლარის ოდენობის დახმარება მიეცემათ, რასაც ისინი აგრობარათების სახით მიიღებენ, რითაც თხილის მოვლისთვის საჭირო სხვადასხვა საქონლის შესყიდვას შეძლებენ.

განხილული მასალიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ შამუგიას განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი