17 ოქტომბერს Facebook-მომხმარებელმა კონსპირაციული შინაარსის მტკიცება გაავრცელა, რომლის მიხედვით, პენტაგონი ადამიანების რეპტილიებად გადაქცევას გეგმავს. პოსტის ავტორის მტკიცებით, „პენტაგონმა წარმოადგინა საკამათო ტრანსჰუმანისტური კვლევის ტექნოლოგიები, რომლებიც მოიცავს პოტენციალს „ქვეწარმავლების გენების დამატებას ინფრაწითელი ხედვისთვის, ასევე ადამიანების გაძლიერებას, [რაც ადამიანებს უფრო] ჭკვიანს ან ექსტრემალურ პირობებს უფრო ადაპტირებულს [გახდის]“.

სინამდვილეში, პოსტის შინაარსი არა პენტაგონის არამედ RAND კორპორაციის კვლევით ანგარიშს ეფუძნება, რომელიც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით 2021 წელს გამოქვეყნდა. ანგარიშის ერთ-ერთ მიზანია, თავდაცვისა და სადაზვერვო ოპერაციებზე შესაძლო სამომავლო გავლენის მქონე ტექნოლოგიების შესახებ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტისა და დაზვერვის საზოგადოების ოფიციალური პირების ინფორმაციით უზრუნველყოფა შეძლოს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში ტექნოლოგიური განვითარების შედეგად გენეტიკური მოდიფიკაციის, ხელოვნური ინტელექტის და სატარებელი ან ჩასანერგი ქსელური ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით სხვადასხვა მაჩვენებლის (მათ შორის პოსტში ნახსენები ძალის, ინტელექტის, ექსტრემალურ პირობებთან უკეთესი ადაპტაციის უნარისა და ა.შ) განვითარება ნამდვილად განხილულია, გამოქვეყნებული კვლევა არა პენტაგონის მიერ ადამიანების რეპტილიებად გადაქცევის გეგმას, არამედ წარსულ და მიმდინარე კვლევებზე, ექსპერიმენტებსა და ღიად არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, ადამიანის შესაძლებლობების გაუმჯობესების არსებულ მიდგომათა ანალიზს წარმოადგენს.

„მოკლე ტექნოლოგიური ანალიზები შედგენილია ღია წყაროებიდან, რათა ტექნოლოგიის, მისი სავარაუდო განვითარებისა და მასზე მომუშავე გავლენიანი ლიდერების, ფირმების, ინსტიტუტებისა და ქვეყნების (განსაკუთრებით აშშ-ს პოტენციურ მოწინააღმდეგეთა სამომავლო გეგმების) შესახებ დროული სურათის მოწოდება უზრუნველყოს“, - აღნიშნულია კვლევაში.

ანგარიშში თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით ადამიანის მახასიათებლების გაუმჯობესების (Human performance enhancement (HPE)) 3 შესაძლო მოდალობის: გენეტიკური მოდიფიკაციის, ხელოვნური ინტელექტისა (artificial intelligence(AI)) და სატარებელი ან სხეულში იმპლანტირებადი (ჩასანერგი) ქსელური ტექნოლოგიების (Internet of Bodies(IOB)) გამოყენების შესაძლებლობებია ნაჩვენები.

ადამიანის მახასიათებლების გაუმჯობესების (HPE) ორი კატეგორიის ანალიზისას კვლევა ადამიანის ბუნებრივ შესაძლებლობებს მიღმა უნარების განვითარებასა და ბუნებრივი შესაძლებლობების ფარგლებში ინდივიდუალური შესაძლებლობების გაზრდას მიმოიხილავს და ახსენებს, რომ „რეპტილიის გენების დამატება ინფრაწითელი ხედვისთვის პირველი კატეგორიის მაგალითს წარმოადგენს“. ცნობისთვის, მეცნიერებმა ძუძუმწოვრებში ინფრაწითელი ხედვა თაგვებში ნანოატონების ინექციის საშუალებით განავითარეს, კვლევები ადამიანის ინფრაწითელი ხედვის განსავითარებლად ორფოტონიანი ქრომოფორის იზომერიზაციაზეც ამახვილებს ყურადღებას, თუმცა გენური მოდიფიკაციის გამოყენებით ადამიანისთვის ინფრაწითელი ხედვის განვითარება ამ დრომდე მხოლოდ თეორიულ დონეზე განიხილება. უფრო მეტიც, კვლევები იმის შესახებ, იქნება, თუ - არა ადამიანის ტვინი საკმარისად მოქნილი რათა ადამიანის მიერ ბუნებრივად აღქმული სინათლის სპექტრის გარდა ინფრაწითელ ხედვას მოერგოს, არ არსებობს. შესაბამისად, RAND კორპორაციის 111-გვერდიან ანგარიშში სიტყვა „რეპტილია“ („reptilian“) ერთადერთხელ არის ნახსენები და მხოლოდ თეორიული მაგალითის მოხმობის ფუნქციას ასრულებს.

ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ პენტაგონი ადამიანების რეპტილიებად გადაქცევას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი