ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფის „ალტინფოს“ ერთ-ერთმა Facebook- გვერდმა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მოყვანილია კატარის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელისა და კატარში 2022 წელს გასამართი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ელჩის, ხალიდ სალმანის ყალბი ციტატა: „მთავრობის დადგენილებას ყველამ პატივი უნდა სცეს. უეფამ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნებისმიერ ადამიანს ეპატიჟება, მაგრამ ასე არ არის. გ*ები მატჩებს ვერ დაესწრებიან. მათ ჩვენი წესების მიღება მოუწევთ". პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ კატარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნდიალის თამაშებზე განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანები არ დაიშვებიან.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) გადაწყვეტილებით, კატარი 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს მასპინძლობს. კატარში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას და იქ მიმდინარე საორგანიზაციო პროცესებს არაერთი მწვავე კრიტიკა მოჰყვა. უამრავი კითხვის ნიშანი იყო როგორც თავად ჩემპიონატის კატარში ჩატარების გადაწყვეტილების მიღების, ასევე მასპინძლობისთვის აუცილებელი სამუშაოების პროცესში დასაქმებული ადამიანების შრომითი პირობების და უსაფრთხოების კუთხით.

სხვა მრავალ საკითხთან ერთად კატარში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ერთ-ერთი კრიტიკული ასპექტი ქვეყანაში LGBTQ ადამიანების მდგომარეობა და ჩემპიონატზე დასასწრებად ჩასული LGBTQ ადამიანების უსაფრთხოება გახდა. ეს საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა კატარის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელისა და მსოფლიო ჩემპიონატის ელჩის ხალიდ სალმანის გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ZDF-სთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ხალიდ სალმანმა LGBTQ ადამიანების კატარში მსოფლიო ჩემპიონატის სანახავად ჩასვლაზეც ისაუბრა.

სალმანმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ „შესაძლებელია ბევრი გეი ადამიანი ჩამოვიდეს კატარში მსოფლიო ჩემპიონატის საყურებლად, ჩვენ მივიღებთ ყველას, მაგრამ მათაც მოუწევთ მიიღონ ჩვენი ნორმები და წესები“, რაზეც ჟურნალისტმა მიუთითა, რომ კატარის კანონმდებლობით ჰომოსექსუალიზმი აკრძალულია. საპასუხოდ, სალმანმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალიზმი ეს არის ჰარამი (მუსლიმთა რელიგიურ ცხოვრებაში ის რაც რჯულისაგან (ალაჰისგან) ნებადართული არ არის და, მაშასადამე, აკრძალულია). სალმანმა, ასევე დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ღრმად მორწმუნე მუსლიმი არ არის, ის თვლის რომ ჰომოსექსუალიზმი ჰარამია, რადგან ეს არის „მენტალური გადახრა“ (damage in the mind).

ამის შემდეგ სალმანს ერთ-ერთმა დამსწრემ (მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის მედია ოფიცერმა) ინტერვიუ შეაწყვეტინა, თუმცა მან გადაღების შეწყვეტამდე აღნიშნა, რომ ეს არის მისი პირადი პოზიცია და მოსაზრება.

სალმანის აღნიშნულ განცხადებას მყისიერად მოჰყვა მწვავე კრიტიკა საერთაშორისო არენაზე და გამოითქვა უამრავი შეშფოთება კატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩასული LGBTQ ადამიანების უსაფრთხოებთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ხალიდ სალმანის განცხადების შინაარსი მიუღებელია ადამიანის უფლებების ჭრილში და ამაზე მწვავე კომენტარი არაერთმა საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციამ გააკეთა, „ალტნიუსის“ მიერ გავრცელებული პოსტი და იქ მოყვანილი სალმანის ციტატა დამახინჯებულია და სიმართლეს არ შეესაბამება. სალმანს არ განუცხადებია რომ „გეები მატჩებს ვერ დაესწრებიან“ და არც კატარის მთავრობას მიუღია გადაწყვეტილება, რომ „მუნდიალზე განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები არ დაიშვებიან“, როგორც ამას პოსტის ავტორი ამტკიცებს.

სინამდვილეში კატარის მთავრობამ არაერთი განმარტება გააკეთა, რომ კატარი ეპატიჟება და მიესალმება ყველას მსოფლიო ჩემპიონატზე. კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ხელმძღვანელმა (The Head of Qatar World Cup), ჰასან ალ თავადიმ, რომელიც ქვეყნის მთავარი სპიკერია მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, LGBTQ ადამიანებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ კატარი მიესალმება ყველას მსოფლიო ჩემპიონატზე და კატარში ჩასული ყველა სტუმრის უსაფრთხოება იქნება დაცული. მან ასევე აღნიშნა, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს ექნებათ გარკვეული გამოხატვის თავისუფლებაც, უბრალოდ „მათ პატივი უნდა სცენ ადგილობრივ კულტურას“.

სხვა საკითხია, რამდენად მოხდება ამ ყველაფრის გათვალისწინება და რამდენად მოახერხებს კატარი LGBTQ ადამიანების უფლებების და უსაფრთხოების უზრუნველყოფას მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს. უამრავმა LGBTQ ორგანიზაციამ და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობამ მოუწოდა განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, თუ ისინი გადაწყვეტენ კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრებას. ზოგიერთი ორგანიზაცია და აქტივისტი კი საერთოდ უარს აცხადებს მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად კატარში ჩასვლაზე.

------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი