კახა კალაძე: თბილისის მერიას საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი პროექტი არ განუხორციელებია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე:

კახა კალაძის მერობის პერიოდში, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული სულ მცირე ორი პროექტი არსებობს, რომელიც, სამწუხაროდ, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არ აღმოჩნდა.

როგორც ვიცით 2018 წლის 30 იანვარს ვარკეთილის მეტროში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში, სადაც აუზში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

აღნიშნული პროექტები გარდა იმისა, რომ უსაფრთხო არ აღმოჩნდა, ნათელი მაგალითია იმ პრობლემების, რაც სახელმწიფო შესყიდვებსა და მათ საბოლოო განხორციელებაში იჩენს თავს.

„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი

თბილისის მერ კახი კალაძეს ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა ავლაბრის მოედანზე დაგეგმილ მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს, რაზეც თბილისის მერმა უპასუხა: „კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს და მინიმალურად, თუნდაც ერთი პროცენტით პრობლემები შეუქმნას მოსახლეობას. რომელი პროექტი ყოფილა დედაქალაქის მერიას განეხორციელებინოს, რომელიც საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის“.

საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი არ უნდა ყოფილიყო ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის პროექტი, თუმცა 2018 წლის 30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. პროკურატურამ ბრალი სამ პირს წაუყენა. მოგვიანებით, საქალაქო სასამართლომ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 35-35 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტრო „ვარკეთილის“ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე ტენდერი 2016 წლის 28 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერის საწყისი ღირებულება 396 600 ლარი იყო. ტენდერში ერთმა პრეტენდენტმა - შპს „ყვარელრემმშენმა“ მიიღო მონაწილეობა.

ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 347 852 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 220 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წლის სექტემბრიდან (შემდგომი 1 წლის განმავლობაში), ანუ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია „ყვარელრემმშენი“ შესყიდვების სამსახურის „შავ სიაში“ იმყოფებოდა, თუმცა აღნიშნულ ფაქტის მიუხედავად მასთან კონტრაქტი მაინც გაფორმდა.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევიდან მალე 5 წელი შესრულდება, თუმცა სამუშაოები დღემდე დასრულებული არ არის. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, თბილისის მერია კომპანია „მამისონთან“, რომელიც სადგურის რეაბილიტაციას 2022 წლის მაისიდან ახორციელებდა, ხელშეკრულებას წყვეტს, რის მიზეზადაც ის სახელდება, რომ კომპანია სამუშაოების განხორციელებას ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციასაც კომპანია „მამისონი“ ახორციელებს და აღნიშნული სადგურის დასრულების თარიღმაც რამდენჯერმე გადაიწია. ბოლო მონაცემებით, სადგური 20 ნოემბერს უნდა გაიხსნას (დაწვრილებით იხილეთ სტატია).

სამწუხაროდ, არც ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი აღმოჩნდა უსაფრთხო. როგორც ვიცით, 13 ოქტომბერს, ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა - აუზში ჩასულ 13 წლის მოზარდს დენმა დაარტყა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებები „ვაკის პარკის“ საქმეზე დაკავებულ ცხრა პირს, მათ შორის - მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილეს, წარუდგინა. ბრალდებები მოიცავს: სამსახურებრივი გულგრილობა, საწარმოში ჩადენილი გულგრილობა, სამუშაო წარმოების უსაფრთხოების წესების დარღვევას (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების მუხლებს.

ჩვენ პროექტის დეტალების განხილვაში არ შევალთ. მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულ დოკუმენტაციაში (NAT210017848) ბოლო ანგარიში, 29 აგვისტოთი თარიღდება. თუმცა ანგარიში მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობას და ღირებულებასთან შესაბამისობას ეხება. მასში შესრულებული სამუშაოების ხარისხზე საუბარი არ არის.

ზემოთ განხილული ორი პროექტი ნათელი მაგალითია იმის, რომ სახელმწიფო შესყიდვებში გარკვეული პრობლემები არსებობს, ტენდერებს ხშირად არასათანადო კვალიფიკაციის მქონე კომპანიები იგებენ, რომლებიც სამუშაოებს ან უხარისხოდ ასრულებენ ან ბოლომდე ვერ ასრულებენ და ხშირ შემთხვევაში, კონტრაქტორი კომპანიის ცვლილება ხდება საჭირო.

ამ ფონზე მერიის მიერ განხორციელებულ „უსაფრთხო პროექტებზე“ აპელირება, მსუბუქად რომ ვთქვათ, რეალობაზე თვალის დახუჭვა და პასუხისმგებლობის არიდების მცდელობაა.

მერიის მიერ განხორციელებული ზემოთ დასახელებული პროექტები უსაფრთხო, სამწუხაროდ, ნამდვილად არ ყოფილა - ერთ შემთხვევაში 14 ადამიანი დაშავდა, მეორე შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი