კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა ვაჩეიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში არსებულ მე-12 საუკუნის ღვთისმშობლის მოზაიკაზე წარმოშობილ დაზიანებებზე მიუთითებდა. პოსტს ფოტოები ჰქონდა დართული, სადაც მოზაიკაზე არსებული დაზიანება უფრო მკაფიოდ იყო ასახული. იგი წერდა, რომ „ტაძარში ჩასულმა წყალმა მოაძრო წმინდა მარიამის თვალთან მონაკვეთი. ეს ყველაზე სუსტი ადგილი იყო მოზაიკაზე, ადრე ტონირებული. ამიტომ ჯერ ის ჩამოვარდა. ლაქები გარშემოც გამოიკვეთა. ჩანს, რომ პროცესი ინტენსიურია“. მან აღნიშნულ ფაქტს „საუკუნის დანაშაული“ უწოდა.

ღვთისმშობლის მოზაიკის დაზიანების ფაქტს (კონკრეტულად კი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს) კულტურის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში დასახელებული ფაქტი სიცრუედ იყო შეფასებული. „გელათში, ღვთისმშობლის მოზაიკის ღვთისმშობლის სახის ფრაგმენტი ახლა დაზიანდა/დღეს ზიანდება ელემენტარული სიცრუეა. მეცნიერული კვლევებით და პუბლიკაციებით დადასტურებული სინამდვილე კი ის არის, რომ მოზაიკის მთელი ქვედა ნაწილი და ღვთისმშობლის სახის ნაწილი დაზიანდა მე-16 საუკუნემდე. მე-16 საუკუნეში კი, ზუსტად ის ფრაგმენტი, რომელზეც ტვ პირველის სიუჟეტში იყო საუბარი, აღადგინეს ფრესკული ტექნიკით.

უფრო ზოგადად, ძირითადი ტაძრის საკურთხეველში, სადაც მოზაიკაა განთავსებული, მონასტერში 2020 წლამდე შექმნილი მძიმე ვითარების პერიოდშიც კი, წყალი არ ჩასულა“.

ვიდრე გელათის სამონასტრო კომპლექსში ამჟამად შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრებთ, მოკლედ გავიხსენოთ სამონასტრო კომპლექსში უკვე განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოები.

გელათის სახურავის რეაბილიტაცია

გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის და მკლავების გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გადახურვისთვის გამოსაყენებელი კერამიკული კრამიტის აღდგენა-დიზაინი, არსებული თუნუქის გადახურვის დემონტაჟი გუმბათებსა და მკლავებზე, სახურავის რეაბილიტაცია - ხის კონსტრუქციის მოწესრიგება, კირხსნარის გამოყენება და მთელი პერიმეტრის მოჭიქული კერამიკის სახურავის ფილებით შევსება, ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო.

უშუალოდ გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციის პროექტი 2017 წელს დაიწყო. მისი განმახორციელებელი ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო“ ცენტრი იყო. სატენდერო პირობების მიხედვით, პროექტი 8 თვეში უნდა დასრულებულიყო და ღირებულება 1 356 842 ლარს შეადგენდა.

2020 წლის მარტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ახლად რეაბილიტირებული სახურავი ყინვის შედეგად დაზიანდა, რის შედეგადაც დასავლეთ მკლავში წყალი ჩადიოდა და კედლის მხატვრობა ზიანდებოდა.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, დადგინდა, რომ ღვთისმშობლის ტაძრის გადასახურად გამოყენებული კრამიტი უხარისხო იყო და კირდუღაბზე მოწყობილი გადახურვისთვის არ იყო გათვალისწინებული. აღნიშნულის გამო და ასევე გადახურვასა და კედლის შეპირაპირების ადგილას არსებულ კირის შევსებაზე გაჩენილი ბზარებიდან ტაძარში წყალი ჩავიდა, რამაც, ტაძრის დასავლეთ მკლავის კამარის სამხრეთ ნაწილში არსებული კედლის მხატვრობა დაასველა. მხატვრობის გამოშრობის პროცესში ფრესკებზე თეთრი ნადები -სავარაუდოდ მარილი, წარმოიშვა.

მოგვიანებით, ისიც გახდა ცნობილი, რომ სახურავსა და კედლებს შორის არსებული საიზოლაციო ფენა არა კირდუღაბი, არამედ ცემენტის, კირის და სილიკონის ნაზავი იყო, რამაც ტაძარში ხუფის ეფექტი შექმნა და წყლის ჩასვლით დაზიანებული კედლის მხატვრობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

აღნიშნულს ისიც დაემატა, რომ გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის რესტავრაციაში არსებული ხარვეზები 2020 წლის მარტში გამოვლინდა, თვეების განმავლობაში ტაძარი ბრეზენტის ტენტით იყო დახურული, რამაც ტაძარში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, კიდევ უფრო გაამწვავა (დაწვრილებით იხილეთ სტატია).

იტალიელი ექსპერტების მიერ შეფასებული გელათის სარესტავრაციო სამუშაოები

2021 წლის ივნისში საქართველოში კულტურის სამინისტროს მოწვევით UNESCO-ს იტალიელ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდა, რომელთაც გელათის კედლის მხატვრობის მდგომარეობა და გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეისწავლეს.

იტალიელი სპეციალისტების დასკვნაში (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები: მარიო პულიერი, ვინჩენცო ჩენტანი) კედლის მხატვრობის შესახებ ნათქვამი იყო რომ, „დიდი რაოდენობით ინფილტრირებული წყლის გამო, კედლის მხატვრობის მდგომარეობა კრიტიკული იყო“.

რაც შეეხება მეორე დასკვნას, რომელიც გელათის ტაძრის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფასებდა (ექსპერტები უგო ტონიეტტი, სარა სტეფანიანი), ეწერა, რომ განხორციელებული სამუშაოები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ თითქოს, შემსრულებლები მოქმედებდნენ სახელდახელოდ, გადაუდებელ ვითარებაში - ყველანაირი გეგმის გარეშე და უწევდათ სხვადასხვა გადაწყვეტილების იმპროვიზაცია“. იტალიური ასოციაციის „სუარდოს“ ექსპერტებმა აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გელათის კონსერვაციის სარეკომენდაციო გეგმა შეადგინეს.

ბრიტანელების დასკვნა

იტალიელი ექსპერტების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციის მიმართ ქართველ სპეციალისტთა ნაწილს გარკვეული კითხვები თავიდანვე გაუჩნდა. მათ საბოლოო დასკვნა რეცენზიისთვის ბრიტანელ ექსპერტებს - კომპანია „Rickerby & Shekede”-ს წარმომადგენლებს, გადაუგზავნეს. აღნიშნულ ჯგუფს კედლის მხატვრობის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული.

ბრიტანელების რეცენზიით (დანართი 1), იტალიელებმა ნესტის შეღწევის და გავრცელების არეალები დაწვრილებით არ გამოიკვლიეს და ისეთი მასალების გამოყენების რეკომენდაცია გასცეს, რომელიც წლების შემდეგ მხატვრობას დააზიანებს.

ბრიტანელების საბოლოო დასკვნის მიხედვით, თუ გელათის კედლები ისევ სველი იყო, კედლის მხატვრობის კონსერვაცია უარეს პრობლემას გამოიწვევდა, ვიდრე კვლევის მომენტში იყო (დაწვრილებით იხილეთ სტატია).

საპატრიარქოს მიერ მოწვეული სპეციალისტების დასკვნა

მიმდინარე წლის მაისში საქართველოს საპატრიარქომ გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი მდგომარეობის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფი - ოსტიმ ნევინის, სარა სტენიფორსის და ლორი ვონგის, შემადგენლობით მოიწვია. მეცნიერთა ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა საპატრიარქოს არ გაუსაჯაროებია, თუმცა ის კულტურის სამინისტროსთვის მაშინვე ცნობილი იყო და როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დასკვნა განსაკუთრებით კრიტიკული იყო.

გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საპატრიარქოს არც აღნიშნული დასკვნის შედეგ გაუკეთებია კომენტარი, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა: „საპატრიარქომ მოიწვია „იუნესკოს“ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები და მათ დადეს დასკვნა. შეჩერდა ის სამუშაოები, რაც მიმდინარეობდა. ახლა კვლავ გვაქვს გაგზავნილი „იუნესკოში“ წერილი თხოვნით, რომ მათი ჩარევით მოხდეს მეთოდიკის და შემდეგი სამუშაოების წარმართვა“.

რა მდგომარეობაა გელათში ამჟამად

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გელათის ღვთისმშობლის მოზაიკის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნულს სიცრუე უწოდა და განმარტა, რომ სიუჟეტში (პოსტში) მითითებული დაზიანებული ნაწილი მე-16 საუკუნეში რესტავრირებული ფრაგმენტი იყო. ამ განმარტებით შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ისედაც რესტავრირებული ნაწილის ჩამოვარდნა უმნიშვნელო შემთხვევა იყო.

„ფაქტ-მეტრმა“ გელათში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა დარგის რამდენიმე სპეციალისტს სთხოვა.

ყოფილმა კულტურის მინისტრმა ნიკა ვაჩეიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „წლების განმავლობაში გელათის რესტავრაციის დროს დაშვებულმა შეცდომებმა ჭირი შეყარა გელათს“ . „არასწორი გადახურვის გამო ტაძარში ჩასულმა წყალმა ფრესკების დასველება გამოიწვია. ეს პროცესი შეეხო მოზაიკასაც, ყველაზე სუსტი ნაწილი, რომელიც მე-16 საუკუნეში იყო შეკეთებული - ჩამოიშალა, ლაქები არის მოზაიკის გარშემოც. რაც ყველაზე მთავარია, სამინისტრო არ იმჩნევს მიმდინარე პროცესს, რაც იმით არის განპირობებული, რომ გელათის რესტავრაცია არის „ქართული ოცნების“ ჩავარდნილი სამუშაო და ამის აღიარება არ უნდათ. არ დადებულა კონსერვაციის გეგმა, არ არსებობს მართვის გეგმა, არ არსებობს არანაირი გეგმა როგორ უნდა უმკურნალონ გელათს“, -განაცხად ჩვენთან საუბარში ნიკა ვაჩეიშვილმა.

ხელოვნებათმცოდნე მზია ჯანჯალია გელათში მიმდინარე პროცესების შეფასებისას აცხადებს, რომ „ გელათის მოზაიკის დაზიანების პროცესი უკვე შორს არის წასული, რადგან არის თვალსაჩინო და უკვე ცვენაა დაწყებული. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ნესტი და დაზიანება არის ყველგან. მოვლენების ამგვარი განვითარების აცილება შესაძლებელი იყო, თუ პროცესები წარიმართებოდა პროფესიულად სწორად და გელათში კვალიფიციური ჯგუფი იქნებოდა შესული. ამის მაგივრად, შეყვანილი იყო უსუსტესი ჯგუფი, რომლებიც რეალურად არც არიან პროფესიაში. დიდ ხანია გელათში ფიზიკური სამუშაოები მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ინფორმაციით იქ მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები, ამ მდგომარეობაში მყოფი მხატვრობისთვის, როდესაც გარემო პირობები არ არის სტაბილური, როდესაც გამომარილება ისევ მიმდინარეობს, სახურავის პრობლემა არ არის მოგვარებული, კედლები არის სველი, კედლის მხატვრობაზე ფიზიკური სამუშაოების განხორციელება არის დანაშაული“.

„ეს ხდება მაშინ, როცა უფრო მნიშვნელოვანია ძალაუფლება და არა ქვეყანა და კულტურული მემკვიდრეობა“,- განაცხადა მზია ჯანჯალიამ.

ხელოვნებათმცოდნე მაკა ბულიას შეფასებით, „გელათში გარემო არასტაბილურია დღემდე, გამომარილების პროცესი მიმდინარეობს, კედლები ისევ ნესტიანია და ამ ფონზე ხორციელდება არა გადაუდებელი სამუშაოები, არამედ ფიზიკური - პრაქტიკულად ფრესკებზე მიხატვა - ტონირება“. მისი აზრით, რაც გელათში პირველ რიგში უნდა გაკეთებულიყო, იყო ქოლგისებური გადახურვა, რათა გელათს მოხსნოდა სახურავი - ე.წ „ხუფი“ და გამოშრობის პროცესი დაწყებულიყო, „სანაცვლოდ გელათში შეუშვეს ნაკლები კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომელთა მეთოდოლოგია იმთავითვე არასწორი იყო, რამაც ისედაც დანესტიანებული კედლის მხატვრობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა და მათზე ფიზიკური ზემოქმედების გამო ფრესკებმა დაიწყო ცვენა“.

გელათში მიმდინარე სამუშაოების შესახებ სრულიად საპირისპირო პოზიცია აქვს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს.

თეა წულუკიანი გელათის რესტავრაციაში 2021 წლამდე დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს, თუმცა ამ პერიოდზე პასუხისმგებლობას არ იღებს და აცხადებს, რომ 2021 წლის მარტის მერე (მისი სამინისტროში მოსვლის დროიდან) პროცესები სწორად მიდის. პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სტუმრობისას მან აღნიშნა, რომ „გელათის მთავარ ტაძარში კედლის მხატვრობის ჩამოცვენის რისკები აღარ არსებობს“, ასევე მისი განცხადებით, ტაძრის გადახურვის „საიმედო გეგმა“ არსებობს. მან ასევე ახსენა 2008 წელი - წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „პროექტი იყო ხარვეზიანი“.

2008 წლის პროექტის ხარვეზიანობასთან დაკავშირებით, ნიკა ვაჩეიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ 2012 წლამდე გელათში არაფერი დაზიანებულა და რესტავრაციის შესახებ კრიტიკული შეფასებები და ანგარიშები სწორედ 2014 წლის შემდგომ პერიოდში განხორციელებულ სამუშაოებს შეეხება და მინისტრის განცხადება უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს სხვაზე გადაბრალების მცდელობაა.

მინისტრისგან განსხვავებით, 2021 წლის მარტის შემდეგ გელათში განხორციელებულ სამუშაოებს, როგორც ზემოთ ვნახეთ, უარყოფითად აფასებენ დარგის სპეციალისტები. ასევე არსებობს ამ პერიოდის სამუშაოების შეფასებითი ანგარიში - ერთი გასაჯაროებული, მეორე დამალული, თუმცა ორივე უარყოფითი, სადაც აღნიშნულია, რომ ჯერ ისევ სველ კედლებზე კედლის მხატვრობის კონსერვაცია უარეს შედეგს გამოიღებდა. მინისტრი ამ ეტაპზე გელათში არსებულ პრობლემას უარყოფს და ჯიუტად აცხადებს, რომ „კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება“. თანაც ის 2021 წლამდე განხორციელებულ სამუშაოებზე პასუხისმგებლობას არ იღებს და 2008 წელს წინამორბედების მიერ დაშვებულ ხარვეზებზე მიუთითებს. ქალბატონ მინისტრს შევახსენებთ, რომ ამჟამად 2022 წლის მიწურულია, 2008 წლიდან 14 წელია გასული და მისი გუნდი - „ქართული ოცნება“, რომლის ქმედებაზე გელათში ის პასუხისმგებლობას არ იღებს, მესამე ვადით არის ხელისუფლებაში.

გელათში მიმდინარე პროცესები ნათელი მაგალითია იმის, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს საქმისადმი ავტორიტარულმა მიდგომამ, როცა გადაწყვეტილებებს იღებენ ჩინოვნიკები და არა დარგის სპეციალისტები და მათი საქმეში ჩართვის მაგივრად, ყველა პროცესი გასაიდუმლოებული და დახურულია.

მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე საქართველოს ეწვევა ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან: ICOMOS-ის მრჩეველი არქიტექტურის მიმართულებით ალკივიადეს პრეპისი, ICCROM-ის პროგრამების განყოფილების მენეჯერი ვალერი მაგარი (კედლის მხატვრობის სპეციალისტი) და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC) ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის პროგრამების სპეციალისტი ირენა კაკეტი.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ UNESCO-ს მისია გელათში არსებულ მდგომარეობას რეალურად შეაფასებს და სპეციალისტების ჩართულობით პრობლემის რეალურად გადაჭრის გზები იქნება დასახული.

და ბოლოს, შეგახსენებთ, გელათის მონასტერი ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 1106 წელს, დავით აღმაშენებლის თაოსნობით აშენდა. 900-წლიანი არსებობის მანძილზე მონასტერი 1923 წელს, ბოლშევიკების მთავრობის დროს იყო დაკეტილი. დღეს გელათი დაკეტილი არ არის, თუმცა იქ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის და სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.


მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი