31 ოქტომბერს Facebook-გვერდმა - „POSTV - ანალიტიკა“ - გამოაქვეყნა პოლიტიკური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვიდეოს ფრაგმენტი, რომელიც მისი ინტერვიუდან იყო მოჭრილი და შემდეგი აღწერა ჰქონდა დართული: „ჯაფარიძეს წამოსცდა, რომ კანდიდატის სტატუსი ომს უკავშირდება“. „POSTV - ანალიტიკა“-ს მიერ მოჭრილ ვიდეოში კი ჯაფარიძე ამბობს: „ძალიან ძალიან მაღალი ალბათობით - 99%-იანი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოსაც ჩვენ გვექნება უარი სტატუსზე. ეს არის კითხვები, რის გამოც ჩვენ ვერ ვიღებთ სტატუსს და სინამდვილეში არის პასუხი იმ კითხვაზე - „ომი გინდათ?!“ კითხვაზე პასუხია“.

„კითხვები“, რომელზეც ჯაფარიძე მიუთითებს, მისი, „სტრატეგია აღმაშენებლისა და „დროა“-ს მიერ „ქართული ოცნების“ მისამართით გამოქვეყნებულ 31 კითხვას წარმოადგენს, რაც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დასახული 12 პრიორიტეტის შესრულებას უკავშირდება (მაგალითად, იხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტში 31 ოქტომბრის 21:26:30-დან). ჯაფარიძე ფრაზით - „ეს არის კითხვები, რის გამოც ჩვენ ვერ ვიღებთ სტატუსს“, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გადადგმული (ან გადასადგმელი) ნაბიჯებისადმი მის კრიტიკას გულისხმობდა, რომელიც 31 კითხვის სახით გამოაქვეყნა.

„ომი გინდათ?!“ - შეკითხვით იგი „ქართული ოცნების“ რიტორიკას ახასიათებს და აღნიშნული ციტატით არ აცხადებს, რომ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას უკავშირდება. ჯაფარიძეს ნათქვამზე დაყრდნობით „POSTV - ანალიტიკა“-ს მიერ მტკიცება, თითქოს ჯაფარიძეს წამოსცდა, რომ კანდიდატის სტატუსი ომს უკავშირდება, საფუძველს მოკლებულია.

ამასთან, „POSTV - ანალიტიკა“-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჯაფარიძის ციტატა სრულად არ არის მოცემული და მისი ბოლო ნაწილია მოჭრილი. რეალურად, ჯაფარიძეს სრული ციტატა ამგვარად ჟღერს: „ეს კითხვები [31 კითხვა] უკავშირდება „ქართული ოცნების“ ქცევასა და ნაბიჯებს, რომლებიც მათ გადადგეს კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებამდე და შემდეგ, უარის მიღების შემდეგ; და ეს კითხვები არის კითხვები, რომლის გამოც ძალიან ძალიან მაღალი ალბათობით - 99%-იანი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოსაც ჩვენ გვექნება უარი სტატუსზე. ეს არის კითხვები, რის გამოც ჩვენ ვერ ვიღებთ სტატუსს და სინამდვილეში არის პასუხი იმ კითხვაზე - „ომი გინდათ?!“, კითხვაზე პასუხია. ომი კი არ გვინდა, აი ამ რაღაცების შესრულება გვინდა და ამას არ აკეთებენ“. „POSTV - ანალიტიკა“-ს ჯაფარიძის ინტერვიუდან ვიდეო ისე აქვს მოჭრილი, რომ აღარ ჩანს ის მონაკვეთი, სადაც ჯაფარიძე ამბობს, რომ ომი კი არ უნდათ, არამედ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 31 კითხვის სახით ჩამოყალიბებული საკითხების განხორციელებას ითხოვენ.

აქედან გამომდინარე, „POSTV - ანალიტიკა“-ს მტკიცება, რომ „ჯაფარიძეს წამოსცდა, რომ კანდიდატის სტატუსი ომს უკავშირდება“, მათ მიერვე გამოქვეყნებული მოჭრილი ვიდეოდანაც არ გამომდინარეობს. განცხადებაში ჯაფარიძე მის მიერ გამოქვეყნებული 31 კითხვის კონტექსტში ხელისუფლებას აკრიტიკებს და მისი შეფასებით, სწორედ „ქართული ოცნების“ მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიღებასა და ომს შორის კავშირს უარყოფს.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი