სალომე სამადაშვილი: რომ შევხედოთ ათ წელიწადს, გაიზარდა ევროკავშირში ექსპორტი, მაგრამ გაიზარდა ორჯერაც არა, რუსეთში გაიზარდა 13-ჯერ, ანუ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ სალომე სამადაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს

რეზიუმე:

სალომე სამადაშვილის მიერ მოყვანილი რიცხვები, სიმართლეს შეესაბამება. თუმცა რეალობას არსებულზე უფრო მძიმედ წარმოაჩენს, რადგან 2012 წელს, საგარეო ვაჭრობა რუსეთთან მინიმუმამდე იყო დასული და 47 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, როდესაც ევროკავშირში 353 მლნ დოლარის საქონელი გადიოდა. შესაბამისად, ბუნებრივია რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავაჭრო შეზღუდვების მოხსნის შედეგად იმაზე მეტი ზრდა დაფიქსირდებოდა, ვიდრე ევროკავშირთან, რომელთანაც ექსპორტის მაჩვენებელი ისედაც შედარებით მაღალი იყო. პოლიტიკოსის მიერ დასახელებული ექსპორტი მკვეთრი ზრდა რუსეთში გამოწვეულია საბაზო ეფექტით და დასახელებული არითმეტიკული ეფექტი რეალობას არსებულზე უფრო დრამატულად წარმოაჩენს.

მეორე მხრივ, 2012 წლიდან, რუსეთში ექსპორტის დინამიკა თითქმის ყოველწლიურად იზრდებოდა, ხოლო 2016 წლიდან მთლიან ექსპორტში ევროკავშირში ექსპორტის წილი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა აღნიშნული როგორც რუსეთში, ისე სხვა ქვეყნებში ექსპორტის ზრდას უკავშირდებოდა.

სალომე სამადაშვილის განცხადების კონტექსტი სწორია. კერძოდ, რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება რისკს მოიცავს და ევროკავშირთან ბევრად მაღალი ინტეგრაციაა სასურველი. თუმცა მოყვანილი რიცხვები ნარატივის გასამყარებლად შეუსაბამო არგუმენტია და რეალობას არსებულზე დრამატულად წარმოადგენს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ სალომე სამადაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

ანალიზი:

„ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, „TV პირველის“ ეთერში განაცხადა: „ათ წელიწადს რომ შევხედოთ, გაიზარდა ევროკავშირში ექსპორტი, მაგრამ გაიზარდა ორჯერაც არა, რუსეთში გაიზარდა 13-ჯერ, ანუ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდა“.

როგორც სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა პრობლემას წარმოადგენს, რადგან რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს მუდმივად პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს, როგორებიცაა: ტურისტული ნაკადების შეზღუდვა, ემბარგოს შემოღება გარკვეულ საქონელზე და ა.შ.აღნიშნული, საქართველოს შემთხვევაში განსაკუთრებით პრობლემურია.

მეორე მხრივ, ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაცია საქართველოს სტრატეგიული მიზანია. საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ხელი 2014 წელს მოაწერა და შეთანხმება ძალაში 2014 წლის 1 ივლისს შევიდა. შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ საქართველოდან შესაძლებელია ყოველგვარი ბარიერის გარეშე და დაბალი ტარიფებით, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტი. თუმცა, ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტი მეტად მკაცრ სანიტარულ და ფიტოსანიტარულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, ამ თვალსაზრისით, სამართლიანია აღინიშნოს რომ დსთ-ს ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტი უფრო მარტივია.

2006 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ფაქტობრივად სავაჭრო ბოიკოტი გამოუცხადა, რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 18% იყო (154 მლნ აშშ დოლარი). ამის შემდეგ რუსეთში ქართული ექსპორტი ფაქტობრივად შეწყდა და 2008-2012 წლებში რუსეთის წილი 2%-მდე იყო (საშუალოდ 34 მლნ აშშ დოლარი წელიწადში). საქართველოდან რუსეთში ექსპორტის ზრდა 2013 წლიდან იწყება, როდესაც ურთიერთობების „ნორმალიზაციის“ შემდეგ მოსკოვმა ქართული პროდუქციისთვის საკუთარი ბაზარი გახსნა. მეორეს მხრივ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თარიღიდან შემდგომ წლებში, ევროკავშირში ექსპორტის ზრდის დინამიკა სასურველზე დაბალი იყო. შესაბამისი სტატისტიკა წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1: ექსპორტი ევროკავშირში და რუსეთში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2012 წელს, რუსეთში ექსპორტი 47 მლნ დოლარს შეადგინა. 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი რუსეთში ერთბაშად 4.1-ჯერ გაიზარდა. 2021 წელს, ექსპორტი რუსეთში 610 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც 2012 წელთან შედარებით 13-ჯერ ზრდას წარმოადგენს. მეორე მხრივ, ექსპორტი ევროკავშირში, 2021 წელს, 2012 წელთან შედარებით 1.7-ჯერ გაიზარდა. ამის მიუხედავად,მთლიანად ექსპორტი - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზრებზე, რუსეთში ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. თუმცა, რუსეთში ექსპორტის მთლიან ექსპორტთან ფარდობის მაჩვენებლები, ერთი ქვეყნის კვალობაზე საკმაოდ მაღალია და ტენდენცია 2012-2021 წლებში თითქმის მუდმივად მზარდი იყო. მაშინ, როცა ექსპორტის წილი ევროკავშირში 2015-2016 წლებში გაიზარდა, თუმცა შემდგომ კლების ტენდენცია დაიწყო. 2019 წელს, ევროკავშირის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 22% იყო, რაც 2014 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 0.2 პ.პ-ით აღემატებოდა, 2012-2022 წლებში კი მაჩვენებელი 16.9 და 14.9%-მდეა შემცირებული. თუმცა აღნიშნული ნაწილობრივ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით არის გამოწვეული.

მეორე მხრივ, იმის მიუხედავად რომ ექსპორტის საერთო ტენდენციები არასახარბიელოა და შესაბამისად, სალომე სამადაშვილის განცხადების კონტექსტი სიმართლეს შეესაბამება, პოლიტიკოსის მიერ დასახელებული მკვეთრი ზრდა რუსეთთან საბაზო ეფექტით არის გამოწვეული და დასახელებული არითმეტიკული ეფექტი, რეალობას არსებულზე უფრო დრამატულად წარმოაჩენს, რადგან 2012 წელს ექსპორტი რუსეთში მინიმუმამდე იყო დასული და მისი მცირე ზრდაც კი, სხვა მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით, ბევრად უფრო დიდ ზრდას მოგვცემდა. მსგავსი სურათია მაგალითად ხორვატიასთან მიმართებით, სადაც 2012 წელთან შედარებით, 2021 წელს ექსპორტი 75-ჯერ იყო გაზრდილი, თუმცა ექსპორტის მთლიანი მოცულობა მხოლოდ 545 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. ბუნებრივია, ექსპორტის რამდენჯერმე ზრდა ბევრად უფრო რთულია ქვეყნების ან ქვეყნების ჯგუფების შემთხვევაში, სადაც ექსპორტის მოცულობა ისედაც დიდი იყო.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი