დავით კირკიტაძე: რეკორდულად მაღალია სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა - 664 ათასი ადამიანი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით კირკიტაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: დღეს, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2022 წლის ივლისის მონაცემებით, 664,278 ადამიანი (180,079 ოჯახი) არის საარსებო შემწეობის მიმღები, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 18%-ს შეადგენს.

2020-2022 წლებში ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა [საარსებო შემწეობის მიმღები] ყოველთვიურად იზრდება. მხოლოდ მიმდინარე წელს, იანვრის შემდეგ, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 16,102-ით (4,363 ოჯახით) არის გაზრდილი.

ანალიზი

პარლამენტის სხდომაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ სოციალურად დაუცველ პირთა რაოდენობის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით: „ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად მაღალია სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა - 664 ათასი ადამიანია, რომელიც შემწეობას იღებს. იანვრის მერე 16 ათასით არის გაზრდილი ეს რიცხვი“.

სოციალური დახმარების [საარსებო შემწეობის] სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები არიან, რომელთაც სახელმწიფო ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფს. 2020-2022 წლებში მოქალაქეთა მხრიდან სოციალურ დახმარების დანიშვნაზე მიმართვიანობა რეკორდულად გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020-2022 წლებში ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. ბოლო, 2022 წლის ივლისის მონაცემებით, ფულადი სოციალური დახმარება 664,278 ადამიანმა (180,079 ოჯახმა) მიიღო. საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 18%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2020 წლის იანვრის შემდეგ, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ჯამში 53.7%-ით, ანუ 232,060 ადამიანით (59,399 ოჯახით) გაიზარდა. მხოლოდ მიმდინარე წელს, იანვრის შემდეგ, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა16,102-ით (4,363 ოჯახით) არის გაზრდილი.

გრაფიკი 1: 2020-2022 წლებში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

გარდა იმისა, რომ დახმარების დანიშვნაზე მოსახლეობის მიმართვიანობა მზარდია, აღსანიშნავია ისიც, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდაზე გავლენა მთავრობის პოლიტიკამაც იქონია. კერძოდ, პანდემიის პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა. რაც ნიშნავს, რომ 2020 წლიდან სოციალური დახმარება არცერთ ოჯახს არ შეუწყდა. ამასთან, 2021 წლის ივლისიდან ბავშვთა დახმარების მიმღებთა წრე გაფართოვდა, რასაც პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდაზე გარკვეული გავლენა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის აპრილში მორატორიუმი გაუქმდა, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.

ძირითადი ფაქტორი, რაც სოციალურად დაუცველების რაოდენობას ზრდის, ეს არის მოსახლეობის მხრიდან მიმართვიანობის ზრდა. ის ფაქტი, რომ იმ ოჯახებისა და მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოსგან მინიმალურ ფულად ბენეფიტებს საჭიროებენ - მზარდია, ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუარესებაზე მიუთითებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი