ნათია მეზვრიშვილი: სენაკში ცესკომ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით

ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე

რეზიუმე:

მართალია, შუალედური არჩევნების შედეგად შესაძლოა სენაკის საკრებულოში ძალთა ბალანსი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შეიცვალოს, თუმცა ვახტანგ წურწუმიას მიერ თანამდებობის დატოვებამ ცესკოსთვის შუალედური არჩევნების დანიშვნის ვალდებულება ავტომატურად წარმოშვა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა შუალედური არჩევნების დანიშვნის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, ცესკო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე - საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე, ვერ იმსჯელებდა, რაც თავის მხრივ საქართველოს მთავრობის კომპეტენციაა. რაც შეეხება, ვახტანგ წურწუმიას მიმართ მმართველი გუნდის მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლას, აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება.

ანალიზი:

2022 წლის 30 მაისს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვახტანგ წურწუმიამ საკრებულოს პირადი განცხადებით მიმართა და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა. ამ საფუძვლით, 2022 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სენაკის მუნიციპალიტეტის N64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. განკარგულებაში სამართლებრივ საფუძვლად ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ის ნორმა მიეთითა, რომლის თანახმადაც, ,,თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ტარდება შუალედური არჩევნები“. [1]

ცესკოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა გამოიწვია და სენაკის საკრებულოს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინა. კერძოდ, გადაწყვეტილების მაკრიტიკებელთა (საია-სა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები) მტკიცებით, ,,სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს“.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საკუთარი პოზიცია პარტია ,,საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმაც გააჟღერა. მან ეს პროცესი ოცნების მხრიდან ,,არჩევნების შედეგების შეცვლის მორიგ მცდელობად“ შეაფასა. განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ,,ცესკომ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით და ნაცვლად იმისა, სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ახალი არჩევნების დანიშვნაზე ემსჯელა, შუალედური არჩევნები მხოლოდ იმ სამაჟორიტარო ოლქში დანიშნა, სადაც „ოცნებამ“ ოპოზიციის წევრს, კრიმინალური სამყაროს ჩართულობით, მანდატი დაატოვებინა“.

,,ფაქტ-მეტრმა’’ ნათია მეზვრიშვილის განცხადება გადაამოწმა.

,,2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, სენაკის საკრებულო ერთ-ერთი იყო 7 მუნიციპალიტეტიდან, სადაც ოპოზიციამ, ჯამურად, ხელისუფლებაზე მეტი მანდატი მოაგროვა და საკრებულოს თავმჯდომარედაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აირჩია“ [2]. ბოლო დროინდელი მოვლენების შედეგად ეს მოცემულობა შეიცვალა. ვახტანგ წურწუმიას მიერ საკრებულოს დატოვების შემდეგ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სენაკის N64.04 ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ დიდი ალბათობით, საკრებულოში ძალთა ბალანსი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შეიცვლება.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა [3] მოსაზრება, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’’ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ცესკო გამოიყენა და მას შუალედური არჩევნების დანიშვნით უკანონო გადაწყვეტილება მიაღებინა. უფრო ზუსტად, შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გაკრიტიკებული იყო იმ ფონზე, რომ მაკრიტიკებელთა აზრით, სენაკის საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რაც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობა გახლდათ. როგორც ჩანს, ცესკომ ნათია მეზვრიშვილის კრიტიკაც სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის იგნორირების გამო დაიმსახურა.

რეალურად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა შუალედური არჩევნების დანიშვნის საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”-ს 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით შუალედური არჩევნები ტარდება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკო განკარგულებით ნიშნავს შუალედური არჩევნების თარიღს და განკარგულებითვე ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს. იქიდან გამომდინარე, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის წევრს ვახტანგ წურწუმიას 2022 წლის 31 მაისიდან პირადი განცხადების საფუძველზე ვადამდე შეუწყდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, ცესკომ ეს გარემოება შუალედური არჩევნების დანიშვნის სრულ სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნია და 2022 წლის 1 ოქტომბერს სენაკის N64.05 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა.

რაც შეეხება, საკრებულოს ლეგიტიმაციის საკითხს, რაც ცესკოს გადაწყვეტილების კრიტიკას უდევს საფუძვლად, იმ ფაქტობრივ გარემოებებთან არის დაკავშირებული, რომელიც შესაძლოა სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის და მუნიციპალიტეტში არა თუ შუალედური არამედ, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობებს გამოკვეთდეს. ეს საკითხი დეტალურად არის გაანალიზებული საიას მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ამ ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტების ერთობლიობა მართლაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ სენაკის საკრებულო შესაძლოა 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, თუმცა კანონმდებლობის ანალიზი ცალსახად აჩვენებს, რომ ეს გარემოებები ცესკოს მიმართ რელევანტური სულაც არ არის.

საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება, რაც ამავე კანონის 143-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების, ხოლო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 1541 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, გადამწყვეტია აღინიშნოს, რომ საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, საქართველოს მთავრობის კომპეტენციაა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,საკრებულოს, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა“. როგორც ცნობილია, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობას არ მიუღია, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი წინაპირობა - საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტა, არ გამოკვეთილა.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კანონის თანახმად ცესკოს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა, საქართველოს მთავრობის ნაცვლად საკრებულოს ლეგიტიმაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტში ახალი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხზე ემსჯელა. ამიტომ, ნათია მეზვრიშვილის განცხადების ის ნაწილი, რომელიც ცესკოს ამ საკითხების იგნორირების გამო აკრიტიკებს, სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ამასთან, მართალია, შესაძლოა შუალედური არჩევნების შედეგად სენაკის საკრებულოში ძალთა ბალანსი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შეიცვალოს, თუმცა მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით ცესკოს კანონიერი გადაწყვეტილების გაკრიტიკება და მისი დადანაშაულება, რომ ის ხელისუფლების შეკვეთებს ასრულებს, საფუძველს მოკლებულია.

რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომელიც ამტკიცებს, რომ „ოცნებამ“ ოპოზიციის წევრს, კრიმინალური სამყაროს ჩართულობით, მანდატი დაატოვებინა“, უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს, ვახტანგ წურწუმიას მიმართ განხორციელებულ ზეწოლებზე“.

რეალურად, ვახტანგ წურწუმიას მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება, მმართველი გუნდის წისქვილზე მართლაც ასხამს წყალს, რადგან ახალი არჩევნების შედეგად „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, სენაკის 33-მანდატიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 17 დეპუტატი ეყოლება, ოპოზიციაზე ერთი დეპუტატით მეტი. [4] 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით კი „ქართული ოცნება“ 16 მანდატს ფლობდა, ხოლო ოპოზიცია 17-ს;

აღსანიშნავია, რომ ყველა იმ საკრებულოში, სადაც 2021 წლის არჩევნების შედეგად ვერცერთმა პარტიამ და მათ შორის, ვერც ,,ქართულმა ოცნებამ’’ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, კონსენსუსის მიღწევა და საკრებულოს ფუნქციონირება საკმაოდ გაჭირდა [5]. მმართველი გუნდის პოლიტიკურ ზეწოლებში დადანაშაულებამ მწვავე კონფლიქტის სახე ჯერ კიდევ ბათუმის ახალი საკრებულოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ მიიღო, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ნუგზარ ფუტკარაძე ზეწოლასა და შანტაჟს ემსხვერპლა. ამ ვითარებამ, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის პოლარიზაცია გააღრმავა და საკრებულოების სათანადო ფუნქციონირება შეუძლებელი გახადა, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებში გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური უმრავლესობის მოპოვებას უკანონოდ ცდილობს.

ამის მიუხედავად, ჯერჯერობით არცერთ სანდო წყაროზე დაყრდნობით არ შეგვიძლია დავადასტუროთ ან უარვყოთ, რომ ვახტანგ წურწუმიას მიმართ განხორციელებული ზეწოლა რეალურია. ნათია მეზვრიშვილის მიერ აღწერილი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, თუმცა ამის მიუხედავად - როგორც ცნობილია, აღნიშნული ბრალდებებით საგამოძიებო ორგანოსთვის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ შეუტყობინებიათ. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, განცხადების ამ ნაწილის ვერდიქტით შეფასება შეუძლებელია.

საბოლოო ჯამში, ნათია მეზვრიშვილის განცხადების ის ნაწილი, რომელიც ცესკოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ მსჯელობის ვალდებულებას აკისრებს, სამართლებრივად არაზუსტია, ხოლო პოლიტიკურ ზეწოლასთან მიმართებით არსებული მტკიცების ვერდიქტით შეფასება, ამჟამად ჩვენთვის ცნობილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეუძლებელია.

[1] იხ. ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 154-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

[2] https://www.radiotavisupleba.ge/a/32012768.html

[3] https://www.gyla.ge/ge/post/saia-senakshi-ceskos-mier-danishnuli-shualeduri-archevnebis-gauqmebas-itkhovs#sthash.E2TTmqjy.dpbs

https://www.radiotavisupleba.ge/a/32012768.html

[4] https://www.radiotavisupleba.ge/a/32012768.html

[5] https://www.gyla.ge/ge/post/saia-senakshi-ceskos-mier-danishnuli-shualeduri-archevnebis-gauqmebas-itkhovs#sthash.E2TTmqjy.ukgY0H0I.dpbs


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი