ანრი ოხანაშვილი: ხელისუფლების მიმართ შეშფოთება არ გამოთქმულა, ითქვა, რომ არსებობს გარკვეული წუხილები

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანრი ოხანაშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: 6 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე არაერთი მნიშვნელოვანი, როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკური საკითხი იქნა განხილული.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში დაწყებულ მუშაობას და პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა. თუმცა, გამოითქვა შეშფოთებაც. კერძოდ, მიუხედავად მთელი რიგი რეფორმების გატარებისა და ბევრ დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან წარმატებით დაახლოებისა, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და განვითარებულ ნეგატიურ მოვლენებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, საბჭომ ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე და ქვეყანას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის გაძლიერებისკენ მოუწოდა. საბჭო მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასაც შეეხო და ძალადობრივი ფაქტების ეფექტური გამოძიების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადება, რომ ასოცირების საბჭოს სხდომაზე ხელისუფლების მიმართ არა შეშფოთება, არამედ გარკვეული წუხილები გამოითქვა, არის ტყუილი და საკითხით ერთგვარი მანიპულირება. პირველ რიგში, თუკი უშუალოდ გამოყენებულ ტერმინზე გავამახვილებთ ყურადღებას, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირმა, ნამდვილად, შეშფოთება (concern) გამოხატა. გარდა ამისა, რა ტერმინიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევაში, ქვეყნის ევროპელი პარტნიორების ბოლოდროინდელი შეფასებები/ქმედებები არსებული გამოწვევების სერიოზულობაზე ისედაც ნათლად მეტყველებს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებებისა და რეკომენდაციების უგულებელყოფა ღიად დაიწყო და არაერთი ვალდებულების შესრულებაზე თქვა უარი, დასავლეთის მხრიდან კრიტიკა უფრო ხშირად გვესმის. გასული წლების განმავლობაში არაერთი მწვავე შეფასება მოვისმინეთ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებიდან და მათი წარმომადგენლებისგან, იქნებოდა ეს ევროპარლამენტარების წერილობითი თუ სიტყვიერი განცხადებები, რეზოლუციები და სხვა. ასეთ შეფასებებს მიმდინარე წელს დაერთო გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს მხრიდან - კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე; ასევე, შესაბამისი პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.

ანალიზი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით პასუხისმგებლობა თანაბრად დააკისრა უმრავლესობასა და ოპოზიციას.

„რადიკალურმა ოპოზიციამ წითელი ბარათი მიიღო უმაღლესი ტრიბუნიდან - ხელისუფლების მიმართ შეშფოთება არ გამოთქმულა, ითქვა, რომ არსებობს გარკვეული წუხილები“, - განაცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებთან 7 სექტემბერს.

„ფაქტ-მეტრმა“ ანრი ოხანაშვილის განცხადება გადაამოწმა.

6 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი, და საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მნიშვნელოვანი საკითხები სხდომიდან

სხდომაზე არაერთი მნიშვნელოვანი თემა იქნა განხილული როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

ასოცირების საბჭოს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მზაობას, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები შესრულდება.

ევროკავშირი, ასევე, მიესალმა საქართველოს პარლამენტში დაწყებულ მუშაობას და პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა. თუმცა, გამოითქვა შეშფოთებაც. კერძოდ, „მიუხედავად მთელი რიგი რთული რეფორმების გატარებისა და ბევრ დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან წარმატებით დაახლოებისა, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და განვითარებულ ნეგატიურ მოვლენებთან დაკავშირებით“.

გარდა ამისა, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, კიდევ უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა და გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით.

საბჭომ ყურადღება გაამახვილა სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურა სისტემაში სერიოზული გამოწვევების არსებობა. კერძოდ, აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოს ძირეულ ვალდებულებებს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა, ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება და მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური და პარტიათშორისი კონსულტაციების პროცესზე, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ საბჭომ მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასა და ძალადობრივი ფაქტების ეფექტური გამოძიების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. კერძოდ, აღინიშნა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის „თბილისი პრაიდის“კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება.

გარდა ამისა, ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების პოტენციალის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან ერთად, სრულად ათვისების გზით.

ევროკავშირმა, ასევე, დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმო რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს, ასევე ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ე.წ. ხელშეკრულებების შემდგომი განხორციელება და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებები ამ რეგიონებში.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე.

ის ფაქტი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით, გასაკვირი არ არის. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტიდან და მათი წარმომადგენლებისგან კრიტიკას ხშირად ვისმენთ.

ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი გასული უახლოესი პერიოდიდან მიმდინარე წლის აგვისტოში გამოქვეყნებული ევროკომისიის ანგარიშია. დოკუმენტი ისეთი სიმწვავის შეფასებებს შეიცავს, როგორიც უახლოეს წარსულში გამოქვეყნებულ ანგარიშებში არ გაკეთებულა. მეტიც, რიგი პრობლემები, რომლებზეც ევროკომისია აქამდეც მიგვითითებდა, არათუ აღმოიფხვრა, არამედ გაუარესდა კიდეც. ევროკომისიის მიმდინარე წლის შეფასებით, ანგარიშში აღწერილი არაერთი მოვლენა, მათ შორის, არჩევნების ჩატარების ხარვეზები, რეგრესი სასამართლო სისტემასა და ადამიანის უფლებების სფეროში, ძალადობა LGBTIQ პირებსა და ჟურნალისტებზე, ცნობები დიპლომატების მოსმენების შესახებ, ზეწოლა სახალხო დამცველის ოფისზე და ა.შ. ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია აღნიშნულ თემაზე).

ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე, ივნისში, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება - კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე; ასევე, გამოქვეყნდა ევროკომისიის პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება და შესაბამისი პირობები ევროკავშირისგან სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში არსებობს ჯერ კიდევ გადაუჭრელი სერიოზული პრობლემები, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორებისგან კრიტიკას და ზოგჯერ შეშფოთებასაც იწვევს და, შესაბამისად, ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადება, რომ ასოცირების საბჭოს სხდომაზე ხელისუფლების მიმართ შეშფოთება არ გამოთქმულა, არის ტყუილი. პირველ რიგში, თუკი უშუალოდ გამოყენებულ ტერმინზე გავამახვილებთ ყურადღებას, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირმა, ნამდვილად, შეშფოთება (concern) გამოხატა. გარდა ამისა, რა ტერმინიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევაში, ქვეყნის ევროპელი პარტნიორების ბოლოდროინდელ შეფასებები/ქმედებები, რის ნაწილზეც ზემოთაც გავამახვილეთ ყურადღება, არსებული გამოწვევების სერიოზულობაზე ისედაც ნათლად მეტყველებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი