2022 წლის 1 სექტემბერს გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“ მაია ნიკოლეიშვილმა სახალხო დამცველთან დაკავშირებით, ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. მისი მტკიცებით, სახალხო დამცველი, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს იცავს. „სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში აბსოლუტურად ჩაიკლა. უამრავი მორალური ავტორიტეტია, თუმცა სამოქალაქო საზოგადოება ჩაკლულია, ამ მავნელბების, რომელსაც აქვთ მოტივაციაც დავალებაც და იციან რას აკეთებენ და რისთვის აკეთებენ. ომბუდსმენის ინსტიტუტი აღარ არის მნიშვნელოვანი დღეს საქართველოშ მე თუ მკითხავთ, რადგან ის არის სუფა პარტიის დანამატი, კონკრეტული პარტიის დანამატი, სხვის ინტერესებს ის არ იცავს, არ ახორციელებს. მე არ მახსოვს ომბუდსმენისგან ვინმეს მიეღოს დახმარება ჩვეულებრივი საზოგადოებიდან. პარტიული დანამატია ჩვეულებრივი. სამსახურია ეს არასაზოგადოებრივი ცენზურის, არასახელწმიფო ცენზურის და უცხოური სახელწმიფოებისთვის ინფორმაციის მიმწოდებლის“.- განაცხადა მან.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ განსახილველი მტკიცება სახალხო დამცველის დისკრედიტაციის პირველი მცდელობა არ არის. პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ და სხვა პრორუსული ძალადობრივი სუბიექტები მუდმივად ცდილობენ სახალხო დამცველი დასავლეთის „აგენტად“ და სახელმწიფოს ინტერესების მტრად წარმოაჩინონ. ასევე, საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში სახალხო დამცველის დისკრედიტაციის კამპანიას მმართველი გუნდიც შეუერთდა. სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების კონკრეტული ქმედებების კრიტიკის საპასუხოდ, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ასევე მათი მომხრე აქტორები ცდილობდნენ ნინო ლომჯარია ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მიკერძოებულობაში - მისი დისკრედიტაციის მიზნით, დაედანაშაულებინათ (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის და სახალხო დამცველი შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობას უწევს ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას. ასევე, სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს ავლენს და დარღვეული უფლებების აღდგენას უწყობს ხელს. სახალხო დამცველი შეისწავლის საქმეებს, რომლებიც ეხება:

• საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებას;

• სასამართლო განხილვის პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას;

• დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის უფლებების დარღვევას;

• ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობას;

• რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობას.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ სახალხო დამცველი ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ იცავს, აღნიშნული ტყუილია. სახალხო დამცველის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშებიდან ნათლად ჩანს, რომ სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ხელყოფის სისტემური პრობლემების გამოსწორებაზე მუშაობს და მონიტორინგს უწევს ყველა იმ მოვლენას, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის შესაბამისად, სახალხო დამცველი საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშსს ყოველწლიურად ამზადებს და პარლამენტს წარუდგენს. ანგარიშებში თავმოყრილია ერთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით გამოვლენილი პრობლემები, ასევე, კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები. ანგარიშში პრობლემებთან ერთად, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების/წინადადებების შესრულების შესახებ ინფორმაციაა მოცემული.

მაგალითისთვის, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის სახალხო დამცველის ანგარიში ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება; წამების და სხვა ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა და გამოძიება; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; სამართლიანი სასამართლოს უფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; თანასწორობის უფლება; გენდერული თანასწორობა; რწმენისა და რელიგიის თავისუფლება; გამოხატვის თავისუფლება; შეკრების თავისუფლება; ინფორმაციის თავისუფლება; შრომითი უფლებები; ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის უფლებები; საკუთრების უფლება; ბავშვთა, მოხუცთა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა; იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და ა.შ. ანგარიშში ყოველ ზემოხსენებულ თემასთან დაკავშირებით საანგარიშო წელში გამოვლენილი პრობლემები და მათზე რეაგირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, თუ რეკომენდაციებია თავმოყრილი.

ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს სახალხო დამცველის აპარატმა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4666 განცხადება მიიღო (861 განცხადება დაუშვებლად იქნა ცნობილი). ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, სახალხო დამცველმა 2021 წელს მოამზადა და რეკომენდაცია/წინადადებით სახელმწიფო უწყებებს 67 ჯერ მიმართა. ასევე, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა მომზადდა 20 სპეციალური ანგარიში, 17 კონსტიტუციური სარჩელი და 4 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის. მომზადდა და გაიგზავნა 13 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატი საქმიანობის ანგარიშებსაც ამზადებს. საპარლამენტო ანგარიშისგან განსხვავებით, საქმიანობის ანგარიში უფრო მეტად, კონკრეტულ პრობლემებზე და ამ პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეაგირებაზე არის ორიენტირებული. 2022 წლის 5 აპრილს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში დეპარტამენტის მიერ 2021 წელს განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციაა წარმოდგენილი. ასევე, ანგარიშში ის სისტემური ხარვეზებ თუ ინდივიდუალური უფლებადარღვევებია წარმოდგენილი, რომლებიც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში, აპარატის საქმიანობის შედეგად, საანგარიშო პერიოდში, გამოვლინდა. ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტში განსახილველად 2 781 განცხადება შევიდა, საიდანაც 2185 განცხადების პატიმარი იყო. აპარატის თანამშრომლებმა დაკავებული/დაპატიმრებული პირების მონახულების მიზნით 404 ვიზიტი განახორციელეს და 1 493 დაკავებული/დაპატიმრებული პირი მოინახულეს.

საპარლამენტო და საქმიანობის ანგარიშებთან ერთად, სახალხო დამცველი საჭიროების შემთხვევაში ამზადებს სპეციალურ ანგარიშებსაც, რომელიც, როგორც წესი, ერთ კონკრეტულ პრობლემას ან პირთა ერთ ჯგუფს ეხება. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, 2021 წელს სახალხო დამცველმა სხვადასხვა თემაზე 20 სპეციალური ანგარიში მოამზადა. ანგარიშები ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების მონიტორინგი; ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება; 2021 წლის 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე გამოძიებასთან დაკავშირებით წინადადება და ა.შ.

საბოლოო ჯამში, სტატიაში განხილული მტკიცება არის ტყუილი და ის მოქმედი სახალხო დამცველის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში გააქტიურებული კამპანიის ნაწილია, რომელიც სახალხო დამცველის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, წლების განმავლობაში როგორც მოქმედი, ისე წინა სახალხო დამცველები საუბრობენ ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევის სისტემური პრობლემების გამოსწორებაზე. ასევე, სახალხო დამცველი მონიტორინგს უწევს სხვადსხვა გახმაურებულ თუ პრობლემურ საქმეს, რომლის შესახებ ინფორმაცია თავმოყრილია სახალხო დამცველი ყოველწლიური საპარლამენტო და საქმიანობის ანგარიშებში.

-----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი