საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საფრანგეთის საერთაშორისო არბიტრაჟს სამი დავა მოუგო. დავები აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) შემადგენელი სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მესამე მონაკვეთების და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელ კომპანიებთან წარმოებდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა და მათგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამართლებრივი დავა საერთაშორისო არბიტრაჟში დაიწყო. დავები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობით და საერთაშორისო იურიდიული კომპანიების ჩართულობით, პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობდა. არბიტრაჟმა სამივე დავა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დეპარტამენტს, მიღებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამივე საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, დაახლოებით 187 მილიონი ლარი მიაკუთვნა.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტობანის ყველაზე პრობლემური და გაჭიანურებული პროექტია, რომლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და დღემდე დასრულებული არ არის.

სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ოთხივე ლოტის მშენებლობა შეფერხებით წარიმართა. განსაკუთრებულად პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩნდა, რომელსაც კომპანია „სინოჰიდრო“ ახორციელებდა. გზის თავდაპირველი პროექტის მიხედვით, გზა ბეტონის ხიმინჯებზე უნდა აშენებულიყო (რადგან ტერიტორია ჭაობიან ადგილს წარმოადგენს). კომპანიამ სამუშაოების მსვლელობისას პროექტის შეცვლა მოითხოვა და ტერიტორიაზე ფითილები დაამონტაჟა. თუმცა, ფითილების გამოყენებით გზის მშენებლობამ შედეგი არ გამოიღო და და გარკვეულ ადგილებში ჯდენები (დეფორმაცია, ზედაპირის დაწევა) წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა. იგივე სახის პრობლემა გზის მეოთხე მონაკვეთზეც წარმოიშვა, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს ჩინური კომპანია „China Railway 23rd“ ახორციელებდა.

სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ მონაკვეთზეც ასევე შეჩერებული იყო. გზის მშენებლობას უკრაინული კომპანია „ალტკომი“ ახორციელებდა და მშენებლობა ასევე 2016 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. დეპარტამენტმა კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და საავანსო თანხის ამოსაღებად ( 18 338 910 ევრო) სამართლებრივ პროცედურებს ამ დრომდე ახორციელებს. აღნიშნული მონაკვეთის დარჩენილ სამუშაოებს კომპანია „აკორდი“ ასრულებს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთზეც სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, სადაც მშენებლობა იტალიურ კომპანია „ტოდინს“ უნდა ეწარმოებინა. ისე რომ გზის მშენებლობა არც დაუწყია, კომპანიასთან დადებული კონტრაქტიც შეწყდა.

ამ ეტაპზე მშენებლობა სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

აღნიშნული გზის მეორე - 15-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც საკმაოდ პრობლემური იყო გზაზე წარმოშობილი ჯდენების გამო, ამ ეტაპისთვის დასრულებულია. გზის მონაკვეთი სოფელ ჯაპანასა და ლანჩხუთს აკავშირებს ერთმანეთთან. ამ ეტაპისთვის ასევე დასრულებულია გზის მეოთხე მონაკვეთი.

რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთს, ახალი კონტრაქტორის შესარჩევად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის დასრულების ვადად 24 თვე განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის სრული მონაკვეთი სულ მცირე ორი წელი კიდევ ვერ დასრულდება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 237 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი აღნიშნული გზის მონაკვეთის ბიუჯეტი უკვე 633 მლნ ლარით განისაზღვრა და გზის მშენებლობის დასრულების ვადამ კიდევ სამი წლით გადაიწია. 2020 წლის ბიუჯეტით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ჯამში 812 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დასახელებული გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის სულ მილიარდი ლარი იყო გათვალისწინებული და დასრულების სავარაუდო თარიღმა კიდევ ერთი წლით გადაიწია.

შესაბამისად, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის ბიუჯეტი რამდენჯერმე შეიცვალა. თუ 2013 წელს აღნიშნული პროექტის დასასრულებლად 237 მილიონი ლარი იყო საკმარისი, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის 4 ლოტის მშენებლობისთვის ჯამში 1 მილიარდი ლარია საჭირო და პროექტი, რომელიც თავდაპირველი გეგმის მიხედვით, 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, სავარაუდოდ 8 წლის დაგვიანებით, 2024 წელს დასრულდება. 2021 წლისთვის პროექტის ფაქტობრივმა ხარჯმა 589 მილიონი ლარი შეადგინა.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი