ბადრი ჯაფარიძე: შეგიძლიათ ამოიღოთ პუტინის გამოსვლიდან ციტატა და შეადაროთ ამ წერილს და ემთხვევა ერთი-ერთში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბადრი ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: როგორც ვლადიმერ პუტინი, ისე პარლამენტის 4 დეპუტატი, ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფაში და მათზე არამართლზომიერ ზეწოლაში ადანაშაულებენ. მაგალითად, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „აშშ შანტაჟითა და ზეწოლით ცდილობს, დამოუკიდებელი სახელმწიფოები აიძულოს, დაემორჩილონ მის ნებას, იცხოვრონ მათთვის უცხო წესებით“. მსგავსი შინაარსის განცხადებებს 4 დეპუტატის წერილშიც არაერთხელ ვხვდებით. მაგალითად, წერილის დასაწყისში საელჩოს მიერ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე საუბრისას, ვკითხულობთ: „დავიწყებთ იმით, რომ დოკუმენტში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო საელჩო პარლამენტს „რეკომენდაციას“ კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს. უკვე ეს ფაქტიც აჩვენებს სრულიად უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ასეთ დოკუმენტს არა „რეკომენდაციები“, არამედ მხოლოდ „ინსტრუქცია“ შეიძლება ეწოდოს, რაც, სამწუხაროდ, საბჭოთა წარსულს გვახსენებს და შესაბამის მძიმე ასოციაციებს აღძრავს“. მეტიც, მათი ბოლო აქტივობა სრულად ემთხვევა რუსული სტილის ანტიდასავლურ კამპანიას, რასაც აღნიშნულ სტატიაში განხილული განცხადებებიც მოწმობს. კერძოდ, ვლადიმერ პუტინი და ოცნებიდან წასული დეპუტატები იდენტური გზავნილებით ცდილობენ აშშ-ის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფაში და სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებას.

ანალიზი:

2022 წლის 16 აგვისტოს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისგან“ წამოსული დეპუტატების წერილი, იმავე პერიოდში პუტინის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილებს შეიცავს: „შეგიძლიათ ამოიღოთ პუტინის გამოსვლიდან ციტატა და შეადაროთ ამ წერილს და ემთხვევა ერთი-ერთში. მაგალითად, პუტინმა თქვა, რომ აშშ არის დაინტერესებული ომით და არღვევს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და ზუსტად იგივე თქვეს ივანიშვილმა და მისმა ადამიანებმა“.

2022 წლის 16 აგვისტოს „ქართული ოცნებიდან“ წასულმა ოთხმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნეს. დეპუტატები წერილში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტისთვის წარდგენილი მოსაზრებებია გაკრიტიკებული. ავტორები, აშშ-ის საელჩოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევაში და სასამართლოზე წნეხში ღიად ადანაშაულებენ. მეტიც, წერილის მიხედვით, აშშ-ის საელჩო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მოქმედებს და შეთანხმებულად ცდილობენ „სასამართლო ხელისუფლების მითვისებას“. ამასთან, წასული დეპუტატები აშშ-ის საელჩოს საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობაში და ხელისუფლების ძალისმიერ გზით შეცვლის მხარდაჭერაში პირდაპირ ადანაშაულებენ.

ბადრი ჯაფარიძე განსახილველი განცხადებით სწორედ აღნიშნულ წერილს გამოეხმაურა.

2022 წლის 16 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატები სხვა სახელმწიფოების საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აშშ მუქარით, შანტაჟით და იძულებით ცდილობს სხვა ქვეყნების დამორჩილებას და მისი მსოფლიო დომინაციის შენარჩუნებას: „აშშ და მისი ვასალები უხეშად ერევიან სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში - აორგანიზებენ პროვოკაციებს, სახელმწიფო გადატრიალებებს, სამოქალაქო ომებს. მუქარით, შანტაჟითა და ზეწოლით ცდილობენ, დამოუკიდებელი სახელმწიფოები აიძულონ, დაემორჩილონ მათ ნებას, იცხოვრონ მათთვის უცხო წესებით. ეს ყველაფერი ერთი მიზნისთვის კეთდება - შეინარჩუნონ საკუთარი დომინირება, რომლითაც პარაზიტირებას ინარჩუნებენ მთელ მსოფლიოზე, როგორც აქამდე საუკუნეების განმავლობაში იყო. ასეთი მოდელის შენარჩუნება მხოლოდ ძალით შეიძლება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. საყურადღებოა, რომ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში აშშ-ის ვლადიმერ პუტინის მსგავსად პარლამენტის ოთხი დეპუტატიც ადანაშაულებს: „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საელჩოს მიერ მოსამართლე ჩხიკვაძეზე განხორციელებულ ზეწოლას და ადასტურებს ჩვენს დასკვნას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა საელჩოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საზოგადოება გასული სამი წლის განმავლობაში, ძირითადად, საელჩოს ორ მცდელობას აკვირდებოდა: პირველი, ეს იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება და მეორე, იმავე ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით, სასამართლო სისტემაში შეღწევა“ .

როგორც ვლადიმერ პუტინი, ისე პარლამენტის 4 დეპუტატი, ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფაში და მათზე არამართლზომიერ ზეწოლაში ადანაშაულებენ. მაგალითად, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „აშშ შანტაჟითა და ზეწოლით ცდილობს, დამოუკიდებელი სახელმწიფოები აიძულოს, დაემორჩილონ მის ნებას, იცხოვრონ მათთვის უცხო წესებით“. მსგავსი შინაარსის განცხადებებს 4 დეპუტატის წერილშიც არაერთხელ ვხვდებით. მაგალითად, წერილის დასაწყისში საელჩოს მიერ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე საუბრისას, ვკითხულობთ: „დავიწყებთ იმით, რომ დოკუმენტში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო საელჩო პარლამენტს „რეკომენდაციას“ კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს. უკვე ეს ფაქტიც აჩვენებს სრულიად უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ასეთ დოკუმენტს არა „რეკომენდაციები“, არამედ მხოლოდ „ინსტრუქცია“ შეიძლება ეწოდოს, რაც, სამწუხაროდ, საბჭოთა წარსულს გვახსენებს და შესაბამის მძიმე ასოციაციებს აღძრავს“.

ასევე, წერილში ვხვდებით შემდეგ ჩანაწერებს:

„სამწუხაროდ, გასული წლების განმავლობაში დამკვიდრდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც საელჩოს წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფებში უშუალოდ ისხდნენ და კანონშემოქმედებით პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. სუვერენულ სახელმწიფოში ასეთი პრაქტიკა სრულიად მიუღებელია, როგორი სტრატეგიულიც არ უნდა იყოს პარტნიორობა ორ სახელმწიფოს შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა სამომავლოდ მაინც აღიკვეთოს და კანონები, დემოკრატიისა და სახალხო სუვერენიტეტის პრინციპების შესაბამისად, მხოლოდ იმ სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლების მიერ დაიწეროს, რომლებსაც შესაბამისი ლეგიტიმაცია საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე აქვთ მინიჭებული“.

„რა თქმა უნდა, საელჩო შეიძლება გამოთქვამდეს მოსაზრებებს საქართველოს კანონმდებლობის შესახებ. თუმცა, სუვერენულ სახელმწიფოში მოქმედი და სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემით გამსჭვალული საელჩო რეკომენდაციების გაცემისას მხოლოდ სამართლიანობის ასპექტით უნდა შემოიფარგლებოდეს, ხოლო მიზანშეწონილობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს. კერძოდ, საელჩოს შეუძლია თქვას, რომ კანონმდებლობის ესა თუ ის ნორმა უსამართლოა, მაგრამ სამართლიანი ნორმები როგორ უნდა შეიცვალოს, ამის თქმის უფლებას, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის პირობებში, საელჩო საკუთარ თავს არ უნდა აძლევდეს“.

როგორც ზემოხსენებული მონაკვეთებიდან ჩანს, ვლადიმერ პუტინის და 4 დეპუტატის წერილები მართლაც იზიარებს საერთო პათოსს. ორივე განცხადება ცდილობს, შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს აშშ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტში არამართლზომიერად ერევა და ამ ქვეყნებზე ზეწოლით საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობს. მოცემულ შემთხვევაში, ორივე განხილული განცხადება ანტიდასავლური დეზინფორმაციის ტიპურ მაგალითს წარმოადგენს, მათში გამოთქმული აზრის გასამყარებელი არგუმენტები მოცემული არ არის, შეთქმულების თეორიებით და გამრუდებული „ლოგიკური მსჯელობით“ არის გაჯერებული. ამასთან, მსგავსი განცხადებები, საკუთარი ქმედებებიდან ყურადღების გადატანას და შექმნილ მძიმე ვითარებაში სხვა პირის დადანაშაულებას ისახავს მიზნად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შექმნილი ვითარება, როცა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 4 წევრის ანტიდასავლური გზავნილები ვლადიმერ პუტინის გზავნილების პათოსს იზიარებს, საგანგაშოა. ასევე, საყურადღებოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური კამპანია მკვეთრად გაააქტიურა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია ამ თემაზე), სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებებისა და რეკომენდაციებისა იგნორი დაიწყო და არაერთი ვალდებულების შესრულებაზე თქვა უარი. უკვე 2 თვეზე მეტია, როგორც მმართველი ძალა, ისე „ქართული ოცნებიდან“ წასული 4 დეპუტატი, რეალურ პრობლემებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრის ნაცვლად, მთელ ძალისხმევას ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებაში და საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაში ხარჯავს. მეტიც, მათი ბოლო აქტივობა სრულად ემთხვევა რუსული სტილის ანტიდასავლურ კამპანიას. აღნიშნულს სტატიაში განხილული განცხადებებიც მოწმობს. კერძოდ, ვლადიმერ პუტინი და „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები აშშ-ის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფაში და სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებას იდენტური გზავნილებით ცდილობენ.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ბადრი ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი