სოციალურ ქსელებსა და კრემლისტურ ვებგვერდებზე მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, პოსტებში გამოქვეყნებულია ოფიციალური დოკუმენტის მსგავსი ფოტო, რომლის მიხედვითაც, 16 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ზალუჟნი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, დანილოვის შესაბამისი მოთხოვნის პასუხად, იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები 76 640 სამხედროს შეადგენს.

„დოკუმენტის“ ფოტოს თან შემდეგნაირი კომენტარები ახლავს:

„უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები სპეცოპერაციის დაწყებიდან - დაიღუპა 76 000-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ალექსეი დანილოვს შეატყობინა არა ვიღაცამ, არამედ პირადად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ზალუჟნიმ თავის პასუხში №220/1085 2022 წლის 16 აგვისტოს. 76 640 დაღუპულის გარდა, საუბარი 42 000-ზე მეტ დაჭრილ, 7 244 ტყვედ ჩავარდნილ, 2 816 უგზო-უკვლოდ დაკარგულ და 1610 არა საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულ ადამიანზეა.

უკრაინის მთავარმა მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ მას დაღუპულების შესახებ ინფორმაცია სხვა სამართალდამცავი ორგანოებისგან არ ჰქონდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 76 000 მოკლულ ჯარისკაცს ტერიტორიული თავდაცვის, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სხვა ათასობით დაღუპული ჯარისკაცი უნდა დაემატოს.

ამრიგად, დაღუპულთა საერთო რაოდენობა შეიძლება დაახლოებით 150 000 ადამიანს წარმოადგენდეს“.

სინამდვილეში, სოციალურ ქსელში გავრცელებული „საიდუმლო დოკუმენტი“, ყალბია. აღნიშნულ დოკუმენტს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ყალბი უწოდა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა: „ყალბი ამბავი სრულიად გაუთვითცნობიერებელმა ადამიანებმა შექმნეს, რომლებსაც არასდროს უნახავთ როგორ გამოიყურება ჩვენი დეპარტამენტის რეალური დოკუმენტები. გაყალბებულია ძალიან უხეშად. ასახსნელიც კი არაფერია“.

ამ ყალბ ამბავზე მომუშავე ადამიანებმა, დოკუმენტის გაყალბების პროცესში არაერთი პრიმიტიული შეცდომა დაუშვეს როგორც თავად ტექსტში, ასევე საიდუმლო დოკუმენტის დიზაინში. კერძოდ, „დოკუმენტი, რომელიც გავრცელდა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბლანკზე არის განთავსებული, რომელსაც ალექსეი რეზნიკოვი ხელმძღვანელობს, თუმცა „დოკუმენტზე“ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალი ვალერი ზალუჟნის ხელმოწერაა დასმული. შემდეგი შეცდომა უშუალოდ უკრაინის სამხედრო ფორმირებების დასახელებას ეხება. ოფიციალურ დოკუმენტებში არ იწერებოდა „შეიარაღებული ძალები“. ამ ორგანოს ოფიციალური დასახელება უკრაინის შეიარაღებული ძალებია.

გარდა ამისა, როგორც უკრაინული ფაქტების გადამმოწმებლებმა შენიშნეს, ყალბ დოკუმენტში ასევე შეიმჩნევდა ენობრივი უზუსტობები. „საიდუმლო დოკუმენტში რიგი გრამატიკული და პუნქტუაციური შეცდომები გაყალბების დაბალ ხარისხზე მიუთითებს. ტექსტში არსებული უხეში ხარვეზები და უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში გაურკვევლობა, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ „დოკუმენტი“ დილეტანტის მიერ არის შედგენილი, რომელსაც ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურაზე წარმოდგენა არ გააჩნია“,- აღნიშნავენ უკრაინელი ფაქტების გადამმოწმებლები.

შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, საბრძოლო მოქმედებებში დაახლოებით 9 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

---------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი