ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სასამართლო ერთ-ერთი გამორჩეულია რეგიონში, ის კი არა, ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს მიღწევებით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების არსებობა საქართველოსთვის დასავლეთთან ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად იქცა. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ბოლო პერიოდში გაფორმებული თითქმის ყველა დოკუმენტში ფიგურირებს. სასამართლოს რეფორმირების საჭიროებაზე დასავლეთის მხრიდან ასეთი აქცენტის გაკეთება, თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლოებს დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის კუთხვით სერიოზული გამოწვევები აქვს. ამავეს მოწმობს სტატიაში განხილული საერთაშორისო რეიტინგებიც. როგორც უკვე აღვნიშნეთ 2017-2018 წლის შემდეგ, საქართველოს შეფასებები თითქმის მუდმივად უარესდება. შეფასებების ამგვარი რეგრესი ერთი მხრივ - სასამართლოში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებით, ხოლო მეორე მხრივ - ბოლო წლებში საქართველოში არსებული მუდმივი პოლიტიკური კრიზისით და შესაბამისად, ხშირად მართლმსაჯულების პოლიტიკური იარაღად გამოყენებით, შეიძლება აიხსნას.

მიუხედავად ქართული მართლმსაჯულების წინაშე მდგარი მძიმე გამოწვევებისა, ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ განცხადებაში ცდილობს, ზემოხსენებულ პრობლემებს გვერდი აუაროს და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე სუსტი დემოკრატიები ან საერთოდაც, ავტორიტარული ქვეყნები არიან, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ქართულ სასამართლო სისტემას პრობლემები არ გააჩნია.

ანალიზი:

2022 წლის 27 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი გამორჩეული მთელ რეგიონში, ის კი არა, ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს თავისი მიღწევებით, ანგარიშვალდებულებითა და გამჭვირვალობით“.

„ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დაინტერესდა და ქვემოთ გთავაზობთ იმ საერთაშორისო ავტორიტეტული რეიტინგებისა თუ ანგარიშების მოკლე მიმოხილვას, რომელიც კანონის უზენაესობისა და ზოგადად, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას აფასებს.

„FreedomHouse”

გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, „Freedom House“ ქვეყნებს, თავისუფლების კუთხით, ყოველწლიურად აფასებს. „Freedom House - ის“ ყოველწლიური ანგარიშები წინა წლის მოვლენებს ასახავს. ორგანიზაცია ქვეყნის თავისუფლების დონეს, ორი კატეგორიით - პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მიხედვით, 100-ქულიანი სკალიდან აფასებს, სადაც 100 ქულა საუკეთესო შედეგია. შეფასებაში პოლიტიკურ უფლებებს 40, სამოქალაქო უფლებებს კი 60 ქულა ეთმობა. 2022 წლის ანგარიშში, „თავისუფლება მსოფლიოში 2022“, საქართველო 100-დან 58 ქულით შეფასდა და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნების რიცხვში მოხვდა. პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველომ 22, ხოლო სამოქალაქო უფლებების კუთხით 36 ქულა მიიღო. საქართველოს საერთო რეიტინგი, შარშანდელთან შედარებით, 2 ქულით შემცირდა.

გრაფიკი 1: „Freedom House -ის“ ყოველწლიური ანგარიშების მიხედვით, საქართველოს შეფასება 2014-2022 წლებში.

წყარო: Freedom House

ანგარიშში საქართველოს დახასიათებისას აღნიშნულია, რომ „ საქართველოში რეგულარული და კონკურენტული არჩევნები იმართება. მისმა დემოკრატიულმა ტრაექტორიამ 2012-13 წლებში ხელისუფლების ცვლილების პერიოდში, გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა, თუმცა ბოლო წლებში უკუსვლა დაიწყო. ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე არსებობს ოლიგარქიული ზეგავლენები. ეს იწვევს საკითხების პოლიტიზებას, რაც თავის მხრივ, კანონის უზენაესობას უთხრის ძირს. ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული“.

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები”

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მონაცემთა კვლევით ბაზას წარმოადგენს. „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მმართველობას 6 ძირითადი კრიტერიუმით აფასებს. ესენია: კორუფციასთან ბრძოლა და მისი კონტროლი; კანონის უზენაესობა; რეგულირების ხარისხი; სახელმწიფოს ეფექტიანობა; პოლიტიკური სტაბილურობა და არაძალადობრივი გარემოს არსებობა; მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხი. რეიტინგების შედგენისას მსოფლიო ბანკი 30-ზე მეტ, სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციის, კვლევითი ცენტრის და ინსტიტუტის შეფასებებსა და ანგარიშებს ეყრდნობა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, მსოფლიო ბანკი ქვეყნების რეიტინგს თითოეული ზემოთ ხსენებული კრიტერიუმის მიხედვით ქმნის.

„კანონის უზენაესობის” ინდიკატორი ქვეყნებს საკუთრების უფლების დაცულობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის, პოლიციის სანდოობის, კრიმინოგენური ვითარებისა და ძალადობრივი გარემოს კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. 2021 წლის შეფასებაში საქართველომ 61.06 % მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით, 0.96 %-ით ნაკლებია. საყურადღებოა, რომ 2018 წლიდან საქართველოს შეფასება მუდმივად იკლებს.

გრაფიკი 2: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის“ ინდიკატორის მიხედვით 2012-21 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი

„კანონის უზენაესობის“ კუთხით, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2014 და 2016 წლებში ჰქონდა. კანონის უზენაესობის ინდიკატორის მიხედვით, საქართველოს შეფასება ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შეფასებების საშუალო მაჩვენებელზე 5.23 ქულით ნაკლებია. „კანონის უზენაესობის“ ინდიკატორის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის მხოლოდ 3 ქვეყანას, იტალიასა და ბულგარეთს უსწრებს.

„კანონის უზენაესობის ინდექსი“ ( Rule of Law index - WJP)

„კანონის უზენაესობის ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ (WJP) ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგში ქვეყნები 8 ძირითადი კრიტერიუმისა და 44 ქვეკრიტერიუმის მიხედვით ფასდება. ესენია: ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, მთავრობის ღიაობა, ძირითადი უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულაციების აღსრულება, სამოქალაქო სამართალი და სისხლის სამართალი. რეიტინგი ქვეყნებს სკალაზე 0-დან 1-მდე აფასებს, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია. ინდექსის შესადგენად, WJP ადგილობრივი კომპანიის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის კვლევას ატარებს, რომელშიც ყოველი ქვეყნიდან 1000 რესპონდენტი მონაწილეობს. გამოკითხვისთვის, კითხვარს კონკრეტული ქვეყნის ადგილობრივი ექსპერტები და შესაბამის სფეროში მოღვაწე პირები ადგენენ.

ცხრილი 1: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით 2014-2021 წლებში

წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.

„კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველომ 2021 წელს 0.61 ქულა დაიმსახურა და მსოფლიო რეიტინგში 49-ე ადგილი დაიკავა. წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება 0.01- ით ქულით გაუმჯობესდა, ხოლო პოზიცია 7 ადგილით გაუარესდა. 2021 წლის შეფასებით, საქართველო ევროკავშირის, მხოლოდ 2 ქვეყანას, ბულგარეთსა და უნგრეთს უსწრებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ შეფასების უმნიშვნელოდ გაუმჯობესების მიუხედავად, პოზიციურად საქართველო 7 საფეხურით დაქვეითდა. ამასთან, 2021 წლის შეფასებით საქართველოს 2017-2019 წლების შეფასებას დაუბრუნდა. საუკეთესო შედეგი საქართველოს 2015 და 2016 წლებში ჰქონდა.

მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეიტინგები აჩვენებს, რომ საქართველოს საუკეთესო შეფასებები ძირითადად 2017-2018 წლებში ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ საქართველოს მდგომარეობა რეიტინგებში მუდმივად უარესდება. შეფასების გაუარესებაზე ზეგავლენა ე.წ. „კლანის“ გაძლიერებასთან ერთად, ბოლო წლებში მართლმსაჯულების სფეროში გატარებულმა არასრულმა რეფორმებმაც იქონია. 2018 წლიდან მოყოლებული მმართველი გუნდი სასამართლო სისტემის რეფორმირებისას საერთაშორისო პრაქტიკას და რეკომენდაციებს მხოლოდ ნაწილობრივ ითვალისწინებდა. აღნიშნული, ნათლად ჩანს ბოლო წლებში ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში, სადაც თითქმის ყოველთვის ყურადღება გამახვილებულია ნაწილობრივ მიღწეულ პროგრესზე და ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემებზე. ცვლილებებს ისეთ მთავარ გამოწვევებზე, როგორიც „კლანი“ და სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზემოქმედების არსებობაა, არათუ გავლენა არ მოუხდენია, არამედ მეტიც - განხორციელებულმა არასრულფასოვანმა რეფორმებმა სისტემაში გავლენიანი ჯგუფები კიდევ უფრო გააძლიერა, რაც დღეისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ამაზე მეტყველებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მიუკერძოებელი ორგანიზაციების დასკვნები და ზემოთ განხილული რეიტინგები.

საქართველოსთვის დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის პრობლემაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ბოლო წლებში, ევროკავშირი საქართველოს მიმართ მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხს ურთიერთობის გაღრმავების ერთგვარ წინაპირობად ასახელებს. ამაზე მიუთითებს როგორც 19 აპრილის შეთანხმება, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მიკრო-საფინანსო დახმარების შესახებ გაფორმებული მემორანდუმი. ეს შეთანხმებები ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხი, საქართველოს დასავლელი პარტნიორებისთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს. ამაზე მეტყველებს თავად ის ფაქტიც, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება, ფინანსური დახმარების წინაპირობად განისაზღვრა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1; სტატია 2 ).

ქართული მართლმსაჯულების პრობლემებზე მიუთითებს ისიც, რომ 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო 12 პუნქტიან რეკომენდაციაში, 2 პუნქტი სწორედ სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებას ეხება. „კომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მას შემდეგ, რაც იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტულ საკითხებს: მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით; ასევე, მიღებული იქნეს კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში.“ - ვკითხულობთ ევროკომისიის მოხსენებით ბარათში.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების არსებობა საქართველოსთვის დასავლეთთან ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად იქცა. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ბოლო პერიოდში გაფორმებულ თითქმის ყველა დოკუმენტში ფიგურირებს. სასამართლოს რეფორმირების საჭიროებაზე დასავლეთის მხრიდან ასეთი აქცენტის გაკეთება, თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლოებს დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის კუთხვით სერიოზული გამოწვევები აქვს. ამავეს მოწმობს სტატიაში განხილული საერთაშორისო რეიტინგებიც. როგორც უკვე აღვნიშნეთ 2017-2018 წლის შემდეგ, საქართველოს შეფასებები თითქმის მუდმივად უარესდება. შეფასებების ამგვარი რეგრესი ერთი მხრივ - სასამართლოში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებით, ხოლო მეორე მხრივ - ბოლო წლებში საქართველოში არსებული მუდმივი პოლიტიკური კრიზისით და შესაბამისად, ხშირად მართლმსაჯულების პოლიტიკური იარაღად გამოყენებით შეიძლება აიხსნას.

მიუხედავად ქართული მართლმსაჯულების წინაშე მდგარი მძიმე გამოწვევებისა, ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ განცხადებაში ცდილობს, ზემოხსენებულ პრობლემებს გვერდი აუაროს და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე სუსტი დემოკრატიები ან საერთოდაც, ავტორიტარული ქვეყნები არიან, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ქართულ სასამართლო სისტემას პრობლემები არ გააჩნია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი