გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია: სოფელ ნორიოს, ახალი სასწავლო წლიდან,თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა ექნება

ვერდიქტი: დაპირება არ შესრულდა

რეზიუმე: გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 მარტის განცხადების თანახმად, სოფელ ნორიოს, ახალი სასწავლო წლიდან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა უნდა ჰქონოდა. მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში იყო დაგეგმილი.

2020 წლის 24 დეკემბერს მგფ-სა და შპს „ალიანსს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომელშიც მშენებლობის დასრულების საბოლოო თარიღად 2022 წლის 24 ივლისი განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, პროექტი ამ დრომდე მიმდინარეობს და დარჩენილი სამუშაოების მასშტაბიდან გამომდინარე, საეჭვოა, რომ 2022 წელს სასწავლო პროცესი სკოლის თანამედროვე შენობაში განახლდება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული დაპირება არ შესრულდა.

ანალიზი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 მარტის განცხადების თანახმად, სოფელ ნორიოს, ახალი სასწავლო წლიდან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა უნდა ჰქონოდა. განცხადების გავრცელების დროისთვის, სკოლის მშენებლობის შესახებ უკვე გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სამუშაოები იმავე წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან - თერთმეტ თვეში. მიუხედავად დაპირებისა, დღევანდელი მდგომარეობით, სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მხოლოდ ნაწილია შესრულებული და ახალი სასწავლო წლიდან შენობაში სწავლის განახლება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.

ნორიოს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. სამუშაოს შესყიდვის მიზნით, მგფ-მა 5 230 282 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი (NAT200016958) 2020 წლის 4 ნოემბერს გამოაცხადა, ხოლო 24 დეკემბერს შპს „ალიანსთან“ 4 386 748-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. თუმცა მოგვიანებით სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა და 4 647 464 ლარი შეადგინა.

ხელშეკრულებაში არაერთი ცვლილება შევიდა, მათ შორის, პროექტის დასრულების ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მხარეებმა სამუშაოების ჩაბარების თარიღი ჯერ 2022 წლის 24 მარტამდე გაზარდეს, ხოლო შემდეგ - 24 ივნისამდე. აღმოჩნდა, რომ კომპანიას გახანგრძლივებული ვადა პროექტის დასასრულებლად მაინც არ ჰყოფნიდა და მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ სამუშაოები კიდევ ერთი თვით, 24 ივლისამდე გაეგრძელებინათ. თუმცა, როგორც „ფაქტ-მეტრმა“ თავად ნახა, პროექტი არ დასრულებულა და დარჩენილი სამუშაოებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება. არსებული მდგომარეობა იხ. ფოტოებზე.

ფოტო: ნორიოს საჯარო სკოლა 20 აგვისტოს მდგომარეობით

ფოტო: ნორიოს საჯარო სკოლა 20 აგვისტოს მდგომარეობით

როგორც ხელშეკრულების თანდართული შავი სიის დოკუმენტაციიდან ირკვევა, მგფ-მა შპს „ალიანსის“ დირექტორს არაერთხელ მიმართა ნორიოს საჯარო სკოლაში შესასრულებელი სამუშაოების ტემპის შეფერხებასთან დაკავშირებით. კერძოდ, იმის თაობაზე, რომ რეაბილიტაცია განსაზღვრული გრაფიკის არსებითი დარღვევებით მიმდინარეობდა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულებას შეუძლებელს ხდიდა. დოკუმენტაციაში, ასევე იძებნება ნორიოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ფუნქციათა შემსრულებლის წერილებიც, რომლებშიც იმავე პრობლემაზეა საუბარი.

იქიდან გამომდინარე, რომ გაფრთხილებების მიუხედავად, შპს „ალიანსმა“ დაკისრებული ვალდებულებები სათანადოდ ვერ შეასრულა, მიმდინარე წლის 5 აგვისტოდან მგფ-მა კომპანიასთან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პროცედურები დაიწყო.

სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის სასწავლო პროცესი, შენობის რეაბილიტაციის პერიოდში, ნაწილობრივ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N 1 და N 2 საჯარო სკოლებში ტარდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლა უკვე მარტყოფის N1 საჯარო სკოლაშიც მიმდინარეობს, გაურკვეველია, მოსწავლეთა ნაწილი სექტემბერში სასწავლო პროცესს სად განაახლებს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „ალიანსი“, სხვადასხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, „შავ სიაში“ უკვე ხუთჯერ ჰყავს შეყვანილი. აღნიშნული კომპანია, ნორიოს საჯარო სკოლის გარდა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამარჯვების საჯარო სკოლაშიც შეფერხებით ახორციელებს, რის გამოც, აღნიშნულ სკოლაში სამუშაოების ვადა მიმდინარე წლის დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაპირება, რომ სოფელ ნორიოს ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა ექნებოდა, არ შესრულდა. შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბიდან გამომდინარე, დაპირებულ თანამედროვე სკოლის შენობაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, 2022 წელს ვერ განახლდება. „ფაქტ-მეტრი“ნორიოს სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაკვირვებას გააგრძელებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი