დეკანოზ ზურაბ სირაძის მრევლის Facebook-გვერდზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. Facebook-გვერდი აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, NASA-ს ეკუთვნის: „🌿🌿ცათა სასუფევლის კარიბჭე🌿🌿⛪ბოლო სურათები ნასას ცენტრიდან. დიდება სამყაროს შემოქმედ ღმერთს“. აღნიშნული ფოტოები ქართულ Facebook-სივრცეში შეცდომაში შემყვანი აღწერით რამდენიმე წუთით ადრე დეკანოზი დავით კონჯარიას Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. მოგვიანებით, დეკანოზმა დავით კონჯარიამ პოსტის აღწერა შეცვალა. აღნიშნული ფოტოები ერთ-ერთ ინგლისურენოვან ვებგვერდზეც გამოქვეყნდა შემდეგი აღწერით: „გამჟღავნდა ფოტოები იმისა, თუ როგორ გამოიყურება სამოთხე!”

სინამდვილეში, NASA-ს არც ერთ ოფიციალურ ვებგვერდზე, მათ შორის, Facebook-ზე, Instagram-ზე, Twitter-სა და ოფიციალურ ვებსაიტზე აღნიშნული ფოტოები არ იძებნება. გავრცელებული ფოტოები არც ჯეიმს ვების ტელესკოპითაა გადაღებული, რომლის მიერ გადაღებული კოსმოსის ღრმა ხედვის ფოტოები ტელესკოპის ოფიციალურ ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი.

ღია წყაროების გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ფოტოები 10-11 აგვისტოს Facebook-ჯგუფში Universe-ში გამოქვეყნდა აღწერით: „THE MIDJOURNEY AI CUSTOMIZED THE COSMETIC NEBULA. 🖨 Tithipriya Debhath”, საიდანაც ირკვევა, რომ ფოტოები ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. შესაბამისი ფოტოები Facebook-ზე სხვა Facebook-გვერდებმაც (ბმული 1, ბმული 2) გაავრცელეს. დეკანოზ ზურაბ სირაძის მრევლი ამავე ფოტოებს შეცდომაში შემყვანი აღწერით 16 აგვისტოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, როგორც პროგრამის ოფიცილურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, Midjourney დამოუკიდებელი კვლევითი ლაბორატორიაა, რომელიც აზროვნების ახალ საშუალებებს იკვლევს და ადამიანის წარმოსახვით შესაძლებლობებს აფართოებს. პროგრამაში შესაძლებელია ტექსტური აღწერების ფოტოებად გარდაქმნა. სავარაუდოდ, გავრცელებული ფოტოებიც სწორედ ამგვარად არის პროგრამაში დამუშავებული.

ამდენად, დეკანოზ ზურაბ სირაძის მრევლის Facebook-პოსტში გამოქვეყნებული ფოტოები რომლებსაც 120 გაზიარება აქვს, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ ადმინისტრაციას (NASA) არ ეკუთვნის და ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი, პროგრამულადაა დამუშავებული და რეალობას არ ასახავს.

იხილეთ Midjourney-ზე შექმნილი სხვა ფოტოები:

--------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი