მიმდინარე გამოცემის თემები

• შიშის დამნერგავი ნარატივი ომის უკრაინის ფარგლებს გარეთ საქართველოში გავრცელების შესახებ

• დადანაშაულების თამაში - არაპროვოცირებული შეჭრის გამართლება

• კრემლის პერსპექტივით დანახული სამხედრო ვითარება

• პროპაგანდისტული ნარატივები ეკონომიკური სანქციების შესახებ

• პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით

• რუსული პროპაგანდა მოგვიწოდებს: არა ნატოს, შევუერთდეთ რუსეთის მართულ ორგანიზაციებს

• საქართველოში რუსული პროპაგანდის გამავრცელებლების პოზიცია: დასავლეთი მტერია, რუსეთი მოკავშირე

• ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში

(25-31 ივლისი)

შიშის დამნერგავი ნარატივი ომის უკრაინის ფარგლებს გარეთ საქართველოში გავრცელების შესახებ

გასული პერიოდების მსგავსად, 24-31 ივლისის კვირაში დეზინფორმაციის წამყვან ნარატივს ტრადიციულად კვლავ ქართული საზოგადოების რუსეთთან ომით დაშინება და საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის სურვილის გამო დასავლეთის კრიტიკა წარმოადგენდა. ამ მხრივ, აშშ და აშშ-ის ელჩი საქართველოში დეზინფორმაციის გამავრცელებელი აქტორების ერთ-ერთ უმთავრეს სამიზნეს წარმოადგენდნენ. აღნიშნულ ტენდენციას ბიძგი „ქართულმა ოცნებამ“ და მასთან აფილირებულმა სამმა დეპუტატმა მისცეს, რომლებმაც მცირე ხნის წინ მხოლოდ ფორმალურად დატოვეს მმართველი პარტიის რიგები და აშშ-ის ელჩის შესახებ კრიტიკული განცხადებები გაავრცელეს.

„კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის“ (ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, რომელიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლას) დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელებული ნარატივის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც დასავლეთი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევას ცდილობს, ახალი საჯარო კამპანია დაიწყო. აღნიშნული კამპანია, რომელიც საჯარო სივრცეებში პლაკატებისა და ბილბორდების გამოკვრას, ისევე როგორც ვიდეოკლიპების დამზადებასა და მედიაში აქტიურობას მოიცავს, მალევე პროპაგანდის სამიზნე გახდა:

• „კოალიცია ინფორმაციის სანდოობის“ მიერ დაწყებული კამპანიის პასუხად,Facebook-გვერდი „პოლიტიკური სატირა“ ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დავალების მიმცემებს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა არ გამოუვიდათ, მათ „თავის მართლების კამპანია“ დაიწყეს.

• პრორუსულ პოლიტიკურ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“ აფილირებულ მედიამ - „ტვ ობიექტივი“ - ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი განიხილა, სადაც მან დაადასტურა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის ელჩთან შეხვედრის ფაქტი. „ტვ ობიექტივის“ თანახმად, ბიძინა ივანიშვილის წერილიდან აშკარაა, რომ საქართველოს რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში ჩათრევის მცდელობებს ჰქონდა ადგილი. „ტვ ობიექტივის“ მორიგ გადაცემაში გაჟღერდა, რომ ქართველმა ხალხმა ოპოზიციასა და მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ევროპარლამენტარებს, არ უნდა მისცეს საშუალება რომ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაიხსნას. „ტვ ობიექტივმა“ ასევე გაავრცელა ყალბი მტკიცება, რომ საქართველოს მხრიდან „ანტირუსულ“ სანქციებთან შეერთება და მეორე ფრონტის გახსნა ევროპული კომისიის მიერ შემუშავებული 12 პუნქტიანი რეკომენდაციების საიდუმლო ნაწილია, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

• პრორუსული „ალტ-ინფო“ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო წერილს ასევე გამოეხმაურა და ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, განაცხადა ის, რაც უკვე ცნობილი იყო, რომ კოლექტიური დასავლეთი, მისი დიპლომატიური წარმომადგენლების მეშვეობით, საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. „ალტ-ინფოს“ თანახმად, ბიძინა ივანიშვილის წერილი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნების“ ურთიერთობები დასავლეთთან გაუარესდა, რადგან საქართველო ომში არ ჩაერთო. „ალტ-ინფომ“ დასვა რიტორიკული შეკითხვა - - „რატომ უნდა მივისწრაფვოდეთ დასავლეთისკენ, რომელიც ცდილობს რომ სახელმწიფოებრივი თვითმკვლელობის ჩადენა გვაიძულოს?“. ეს იყო მცდელობა, ხაზი გაესვა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის საჭიროებისთვის. „ალტ-ინფოს“ მორიგ გადაცემაში ნახსენები იყო, რომ აშშ-ს და ევროკავშირს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ და საქართველოს მთავრობამ ირიბი მინიშნებების ნაცვლად ღიად უნდა განაცხადოს, რომ ქვეყნები რომლებიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, მტრები არიან. „ალტინფომ“ დაასკვნა, რომ დასავლეთს ძლიერი ბერკეტები გააჩნია „ქართული ოცნების“, განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ევროპაში და აშშ-ში დიდძალ უძრავ ქონებას ფლობს. „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი მარტინენკომ, საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის სურვილში განსაკუთრებით აშშ დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, აშშ-ს საქართველოში დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კეთილდღეობა არ ადარდებს და ქვეყანა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ პოლიგონად სჭირდება. „ალტ-ინფო“-ს ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე, ასევე დაესხა თავს აშშ-სა და აშშ-ს ელჩს საქართველოში. მახარაძის თანახმად, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მხარს ომის მოსურნეებს უჭერს, რადგან აშშ-ს სურს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას; ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტის სიტყვები, რომ აშშ-ის ელჩი განცხადებები მათ პოზიციას ასახავს, მიუთითებს, რომ კელი დეგნანი აშშ-ის მთავრობის ბრძანებებს ასრულებს. ზურაბ მახარაძის შეფასებით, აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან შევიწროების რისკების მიუხედავად, „ალტ-ინფო“ ერთგვარი „ყინულმჭრელის“ როლს ასრულებს, რომ საქართველომ უკრაინის, განსაკუთრებით კი მარიუპოლის ბედი არ გაიზიაროს, რადგან „ალტ-ინფოს“ ჯგუფი ღიად საუბრობს დასავლეთის მხრიდან საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის მცდელობაზე.

• ანტიდასავლური შეხედულებებით ცნობილი Facebook-მომხმარებელი, დიტო ბიძინაშვილი, სპეკულირებდა, რომ პოლონეთი შესაძლოა დასავლეთისთვის კონფლიქტის მორიგი ცხელი წერტილი გახდეს. მისი მტკიცებით, პოლონეთი დიდი რაოდენობით შეიარაღების შეძენას და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდას გეგმავს, რაც მიანიშნებს რომ ქვეყანაში რუსეთთან ომისთვის მზადება მიმდინარეობს. ბიძინაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა, უკრაინის მსგავსად, დასავლეთის მარიონეტია და ჩათრეული აღმოჩნდება სისხლიან ომში, რომელშიც ვერ გაიმარჯვებს. დიტო ბიძინაშვილმა გაფრთხილების სახით ხაზი გაუსვა, რომ საქართველო შესაძლოა კონფლიქტის გაჩაღების ახალი სამიზნე აღმოჩნდეს, რადგან დასავლეთი „ვინმეს დაზოგვას“ არ აპირებს.

• Facebook-გვერდ „სექტას“ თანახმად, სამ დეპუტატს (ხუნდაძე, ყაველაშვილი და სუბარი), 100%-იანი სანდოობის მტკიცებულება გააჩნიათ, რომ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, არაფორმალურ მმართველად მიჩნეულ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ომში ჩართვა მოსთხოვა. აღნიშნული გვერდი ასევე შეუერთდა აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ კამპანიას და ამტკიცებდა, რომ აშშ-ს საქართველოსთვის დიდი ზიანი მოაქვს.

• კრემლთან აფილირებულმა მედიასაშუალება „ნიუსფრონტმა“ გამოაქვეყნა პრორუსული „ევრაზიული ინსტიტუტის“ დირექტორის, გულბაათ რცხილაძის, რომელიც ახლო წარსულში იმყოფებოდა ოკუპირებული დონბასის რეგიონში, „ტვ ობიექტივის“ ეთერში გასული ინტერვიუ. გულბაათ რცხილაძემ განაცხადა, რომ იგი უკრაინის მიმართ სოლიდარული არაა, რადგან კიევი საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობს. მისი განცხადებით, ქართველებმა უკრაინის დროშები უნდა ჩამოხიონ.

დადანაშაულების თამაში - არაპროვოცირებული შეჭრის გამართლება

პრორუსულმა პროპაგანდამ ომის დაწყებაში NATO-სა და დასავლეთის „მარიონეტების“ - უკრაინელი მაღალი თანამდებობის პირების - დადანაშაულების მიზნით ძალისხმევა გაზარდა:

• პრორუსული მედიამ და პოლიტიკურმა ჯგუფმა „ალტ-ინფომ“ ომის დაწყებაში კვლავ უკრაინის ხელისუფლებაა დაადანაშაულა. პრორუსული პროპაგანდისტული გამოცემა გამავრცელებელი ამტკიცებდა, რომ უკრაინის გამანადგურებელ ომში ჩათრევაზე, რომელმაც 40-მილიონიანი ქვეყანა გაქრობის პირზე მიიყვანა, პასუხისმგებლობა არესტოვიჩს, დმიტრო კულებას, მიხაილო პოდოლიაკს და სხვა უკრაინელ თანამდებობის პირებს ეკისრებოდათ. „ალტ-ინფომ“ ასევე განაცხადა, რომ ზემოხსენებული უკრაინელი მაღალჩინოსნები ემუქრებიან საქართველოს მთავრობას, რომელმაც უკრაინისგან განსხვავებით არ შეასრულა დასავლეთის მთავარი დავლება საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით.

• „ალტ-ინფომ“ გაიმეორა, რომ ომი უკრაინის NATO-სკენ სწრაფვამ გამოიწვია. კერძოდ, „ალტ-ინფომ“ განაცხადა, რომ რუსეთი აფრთხილებდა უკრაინას NATO-ს საზღვრების გაფართოებისა და უკრაინის ტერიტორიაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განალაგების თაობაზე, რაც აღქმული იქნებოდა რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ არსებულ საფრთხედ. პრორუსული „ევრაზიული ინსტიტუტის“ დირექტორმა გულბაათ რცხილაძემ ასევე გაავრცელა აღნიშნული გზავნილი და განაცხადა, რომ საქართველომ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სწორად უნდა შეაფასონდა პატივი სცენ რუსეთის ფედერაციის ძლიერებას. იგი ამტკიცებდა, რომ უკრაინის კატასტროფა გამოწვეული იყო NATO-ს გაფართოებით და არა რუსეთის მიერ ახალი ტერიტორიების დაპყრობის სურვილით. გზავნილები NATO-ს ბრალეულობის შესახებ სხვა Facebook-მომხმარებლებმაც გაავრცელეს.

• რამდენიმე Facebook-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია იმ ადგილზე მომხდარი აფეთქების შესახებ, სადაც „აზოვის“ ბატალიონის ტყვედ აყვანილი წევრები იმყოფებოდნენ. აღნიშნული პოსტების თანახმად, დაბომბვა ამერიკელებმა და უკრაინელებმა განახორციელეს, რადგან მათ იცოდნენ, რომ ტყვეები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ ოფიციალურ ჩვენებას მისცემდნენ. კერძოდ, მათი მტკიცებით, ტყვეები აპირებდნენ ეღიარებინათ, რომ უკრაინა აშშ-ს ხელისუფლების ხელშეწყობითა და წაქეზებით რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს გეგმავდა.

• Facebook-მომხმარებელმა გაავრცელა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყოფილი დაზვერვის ოფიცრის და სექსუალური დანაშაულისთვის გასამართლებული სკოტ რიტერის განცხადება, რომელიც აშშ-ის ომის გაჩაღებაში ადანაშაულებდა. რიტერის მტკიცებით, აშშ-ს წაქეზების გარეშე უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდა.

კრემლის პერსპექტივით დანახული სამხედრო ვითარება

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის წინსვლა პრაქტიკულად შეჩერდა და გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელშესახები წარმატება არ დაფიქსირებულა, პრორუსული პროპაგანდისტული წყაროები კვლავ ცდილობდნენ საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ რუსეთმა უკვე გაიმარჯვა და დაიწყეს დაპირებების გაცემა, თუ როდის აღიარებდნენ უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები დამარცხებას:

• სამხედრო ექსპერტი გურამ ნიკოლაიშვილი „ტვ ობიექტივის“ ეთერში აცხადებდა, რომ რუსეთის „სპეციალური ოპერაცია“ 30 დღეში დასრულდებოდა.

• „ალტ-ინფომ“ გაიმეორა ნარატივი, რომ უკრაინა ომში დამარცხდებოდა. ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ უკრაინელები - დასავლეთის მარიონეტები - ზამთრის მოსვლასთან ერთად მიხვდებოდნენ, რომ უკრაინა ომში მარცხისთვის განწირულია.

• პრორუსული Facebook-გვერდი „სექტა“ ამტიცებდა, რომ რუსეთი ყირიმის მსგავსად განახორციელებს ხერსონის, დონბასის, ზაპოროჟიესა და სხვა ქალაქების ანექსიას. აღნიშნულ მტკიცებაზე დაყრდნობით, გვერდმა დაცინვით მოიხსენია ადამიანები, რომელთაც უკრაინის ომში გამარჯვების სჯერათ და ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას აშშ-ის მარიონეტია.

• პრორუსული Facebook-გვერდი ამტკიცებდა, რომ ომის და შესაბამისად, ზელენსკის დასასრული მოახლოვებულია. აღნიშნული გვერდი ყოველგვარი ფაქტობრივი ან ლოგიკური საფუძვლის გარეშე ასევე აცხადებდა, რომ უკრაინელი ხალხი დიმიტრი მედვედევს უკვე უკრაინის პრეზიდენტად მიიჩნევდა.

პროპაგანდისტული ნარატივები ეკონომიკური სანქციების შესახებ

იელის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით კრემლის რიტორიკისა და გზავნილების სიცრუის გამოაშკარავებისა და გაბათილების მიუხედავად, რუსული პროპაგანდა კვლავ ამტკიცებდა, რომ რუსეთზე ვერაფერი ახდენს სერიოზულ ზეგავლენას, ხოლო დასავლეთი უფსკრულისკენ მიექანება:

• პრორუსული პროპაგანდისტული გვერდის თანახმად, „ბრიქსი“-ს კავშირის ჩამოყალიბება აშშ-ის და ევროკავშირის ეკონიმიკებს წერტილს უსვამს.

• პრორუსული „ალტ-ინფოს“ ეთერში, პროკრემლისტურმა პირებმა გაავრცელეს გზავნილი, რომ დასავლეთმაც კი გაიაზრა, რომ სანქციები არ მუშაობს და ვერ იმუშავებს და ამის საწინააღმდეგოდ, სანქციები მათ წინააღმდეგ მოქმედებს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ გერმანიამ სანქციების მიუხედავად კანადას „ნორდ სტრიმ 1“ გაზსადენის ტურბინის გადაცემა სთხოვა.

• „ალტ-ინფოს“ სატელევიზიო ეთერში, ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მარტინენკო, ამტკიცებდა, რომ ომის დინამიკა დასავლეთს მკაფიოდ აჩვენებს, რომ სანქციებით რუსეთის დამარცხების სტრატეგია არ მუშაობს, მაგრამ რუსეთს არ შეუძლია ომში სწრაფი გამარჯვების მიღწევა. თუმცა, მარტინენკოს თანახმად, დასავლეთის მარიონეტი უკრაინის დანაკარგები ისეთ მასშტაბებს მიაღწევს, რომ უკრაინის ომში დამარცხების გარდაუვალობა ნათელი გახდება.

• „ალტ-ინფოს“ ეთერში საუბრისას, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ იმის ფონზე, რომ რუსეთის ეკონომიკა მოლოდინებთან შედარებით ხანგრძლივი ომის ფონზე არ ჩამოიშალა, დასავლეთი მწვავე პრობლემებს განიცდის. მისი თქმით, აშშ-ში განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენს არის თუ არა აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში.

• ანტიდასავლური „დიდგორი ტვ“ ამტკიცებდა, რომ რუსეთი მთელ მსოფლიოს ქიმიური სასუქებითა და ინერტული გაზებით ამარაგებს, რის გარეშეც წარმოუდგენელია კომპიუტერული ჩიპებისა და მაღალტექნოლოგიური ელექტრონული მოწყობილობების წარმოება. „დიდგორი ტვ“-მ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა დასავლურ ეკონომიკებს ზიანი მიაყენა რადგან ენერგეტიკასთან, ხორბალთან და ახლო უკვე სასუქებთან დაკავშირებულ პრობლემებს დასავლეთი ვეღარ გაუმკლავდება.

• კრემლისტური პროპაგანდა კვლავ აგრძელდებდა მტკიცებას, რომ დასავლეთი მსოფლიოს შიმშილის საფრთხეს უქმნის. აღნიშნული საკითხის განხილვისას, „სპუტნიკ-საქართველომა“ დასავლელ დიპლომატებსა და წამყვან მედიებს ბრალი დასდო, რომ ისინი ტყუილად ადანაშაულებდნენ რუსეთს მსოფლიოს დიდი ნაწილის შიმშილისა და სიკვდილისთვის გაწირვაში. ამის საპირისპიროდ, „სპუტნიკი“ ამტკიცებდა, რომ სწორედ დასავლეთი ამზადებს მსოფლიოს უკრაინული ხორბლის გარეშე შიმშილისთვის და დროა, დასავლეთმა გაიაზროს, თუ რეალურად ვინ იწვევს სასურსათო კრიზისს.

• პრორუსული „Isari.ge”-ს მთავარმა რედაქტორმა, ჰამლეტ ჭიპაშვილმა, გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, აშშ კატასტროფულ ეკონომიკურ ვითარებაში იმყოფება და რეცესიაში შევიდა, თუმცა დასავლური მედიისთვის განტევების ვაცი ყველა პრობლემისთვის მხოლოდ რუსეთია. ჭიპაშვილი ასევე ამტკიცებდა, რომ „ანტირუსული“ სანქციების დაწესებით აშშ-მა საკუთარი თავი და დანარჩენი მსოფლიო დააზარალა, ხოლო რუსეთს კი ბევრი ვერაფერი დააკლო.

• პრორუსულმა გამოცემა „საქინფორმმა“ განაგრძო ნარატივის გავრცელება, რომლის თანახმადაც „ანტირუსული“ სანქციების გვერდითი ეფექტებიდან მწვავე ზიანი მხოლოდ დასავლეთს ადგება და ამტკიცებდა, რომ გერმანიამ ტუალეტის ქაღალდის წარმოების შემცირება გამოაცხადა, რადგან ქვეყანა ენერგომატარებლების მასობრივი დეფიციტის წინაშეა. სტატიის მიხედვით, აღნიშნული კოშმარი გერმანიის ოპორტუნისტულმა საქციელმა განაპირობა, რადგან გერმანელებმა კაპიტულაციიდან 77 წლის შემდეგ კვლავ გადაწყვიტეს ბედი ეცადათ და რუსეთის დამარცხება ეცადათ, თუმცა ამჯერად უკრაინელი ნაცისტების ხელით.

პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით

უკრაინაში დასავლეთიდან შეიარაღების დამატებითი პარტიების მიწოდების ფონზე, სამონიტორინგო პერიოდში პროპაგანდა გასული კვირების ნარატივებისგან განსხვავებით არ ამტკიცებდა, რომ დასავლური სამხედრო დახმარება ფუჭია და შემოიფარგლებოდა მტკიცებით, რომ სამხედრო დახმარება კონფლიქტის კიდევ უფრო ფართო ესკალაციას გამოიწვევს.

მიმდინარე კვირაში, „სპუტნიკ-საქართველო“ წერდა, რომ აშშ გეგმავს უკრაინისთვის „F-16“ ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემას და აღიარა, რომ აღნიშნული მოდელის თვითმფრინავები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აპარატებია, რის საფუძველზეც დაასკვნა, რომ მათი გადაცემა კონფლიქტის დამატებით ესკალაციას გამოიწვევს.

რუსული პროპაგანდა მოგვიწოდებს: არა ნატოს, შევუერთდეთ რუსეთის მართულ ორგანიზაციებს:

• პრორუსული „პატრიოტი ტვ“-ს დამფუძნებელმა გიორგი ირემაძემ გააჟღერა ნარატივი, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას NATO-ზე, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და ეს კონსტიტუციაში ჩაწეროს. მისი თქმით, ასეთი საგარეო პოლიტიკური კურსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას თავიდან აარიდებდა, რასაც მისი შეხედულებით მხარს უჭერენ ოპოზიციური პარტიები, ამერიკელი პოლიტიკოსები და ევროპარლამენტარები. ირემაძემ ასევე განაცხადა, რომ მის მიერ შეთავაზებული საგარეო პოლიტიკური კურსი, NATO-ზე უარის თქმასთან ერთად ასევე ითვალისწინებს უარის თქმას ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, ასევე რუბლის ზონასა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლას.

• პროპაგანდისტული აქტორების მიერ საქართველოში NATO-ს წინააღმდეგ ერთ-ერთი ტრადიციული გზავნილი ამტკიცებს, რომ ალიანსი დაშლის ზღვარზეა. აღნიშნული ნარატივის ფარგლებში, „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრი და პროპაგანდისტული Facebook-გვერდი „სექტა“ ამტკიცებდნენ, რომ NATO-ს დასასრული მოახლოვებულია. აღნიშნული ნარატივი დამყარებულია ყალბ ამბავზე, რომლის თანახმადაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში ალიანსის წევრებს არ დაიცავდა.

საქართველოში რუსული პროპაგანდის გამავრცელებლების პოზიცია: დასავლეთი მტერია, რუსეთი მოკავშირე

• პრორუსული Facebook-გვერდი აგრძელებდა მტკიცებას, რომ რუსეთი მეგობარია, ხოლო აშშ და ევროპა - მტრები. კიდევ ერთმა პროპაგანდისტულმა Facebook-გვერდმა - „სექტა“ - გაავრცელა გზავნილი, რომ აშშ-ის დომინირება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ევროპასა და მსოფლიოში დასრულდება.

• პროკრემლისტური გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ წერდა, რომ წარსულში სტრატეგიულ მოკავშირეებად მიჩნეული ევროპა და აშშ ახლა ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით საქართველოზე ზეწოლას ახდენენ და ხელისუფლებაში საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით სახელგატეხილი ყოფილი მმართველი ძალის დაბრუნება უნდათ.

• გიორგი ირემაძე და სხვა Facebook-ანგარიში საქართველო-დასავლეთის ურთიერთობას ახასიათებდნენ როგორც კოლონიასა და მეტროპოლიას შორის არსებული ურთიერთობას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა და ქვეყანაზე გავლენის კიდევ უფრო გამყარებისკენ მიისწრაფვის.

• სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა, პრორუსმა პროპაგანდისტმა დიტო ბიძინაშვილმა და „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა Facebook გვერდმა - „ლიდერი 41“ - ანტიამერიკულ ნარატივები გაავრცელეს და განაცხადეს, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. „ალტ-ინფომ“ იგივე რიტორიკა გააჟღერა და ამტკიცებდა, რომ რთული ვითარებიდან გამოსავალს რუსეთთან დაახლოვება წარმოადგენს. ისინი ასევე ამბობდნენ, რომ დასავლეთი უნდა იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ნაწილი, თუმცა ქვეყანამ საქმე უნდა დაიჭიროს ისეთ ლიდერებთან, როგორებიც არიან დონალდ ტრამპი, ვიქტორ ორბანი, მატეო სალვინი და მარინ ლე პენი - ყველა არალიბერალური შეხედულებებით გამოირჩევა, ხოლო ზოგიერთს კი კრემლთანაც აქვს კავშირი. „ალტ-ინფომ“ ნიჰილიზმის გაღვივებასაც სცადა და განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასოდეს გახდება, რაც კარგად ესმით როგორც საქართველოში, ისე ევროპაში.

• ანტიდასავლური პოლიტიკური პარტია „ქართული იდეის“ ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა, „ალტ-ინფოს“ ეთერში განაცხადა, რომ უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავით არახამია, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არასამთავრობო ორგანიზაციები და ლგბტ თემი - ერთი ბოროტების სხვადასხვა ნაწილები არიან. ფალავანდიშვილის თქმით, რუსეთი ამ ჯგუფების სამიზნეა და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ იარაღს წარმოადგენს.

ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი: რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

რუსული პროპაგანდისტული მანქანა უკრაინას კვლავ ნაცისტურ სახელმწიფოდ ნათლავდა და ამ გზით ცდილობდა ქვეყნის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომის გამართლებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Facebook-ზე გავრცელდა ყალბი მტკიცება, სადაც გაჟღერებული იყო, რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აშშ-ში ფართოდ გავრცელდა ნაცისტური იდეოლოგია. აღნიშნული დეზინფორმაციის თანახმად, ვაშინგტონში ნაციზმის მიმართ სიმპათიები სრულად არ გამქრალა და ახლა ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს კიევის ნაცისტურ ხელისუფლებას. ანალოგიური შინაარსის ვირუსულად გავრცელებულ პოსტები შეიცავდა მცდარ მტკიცებებს, რომ ხორვატიაში ნაცისტური სვირინგის მატარებელი უკრაინელი ლტოლვილები დააფიქსირეს, მაშინ როდესაც სინამდვილეში სურათზე აღბეჭდილი ორი მამაკაცი საერთოდ არ იყვნენ უკრაინელები. პარალელურად, რუსული პროპაგანდის თანახმად, პოლონელმა ახალგაზრდობამ აქცია გამართა ვროცლავში და საჯარო ტრანსპორტიდან უკრაინის დროშების ჩამოხსნა მოითხოვა, რაც რეალურად რამდენიმე ადამიანის მიერ ორგანიზებული „ფლეშმობის“ გაზვიადებულად წარმოჩენას ემსახურებოდა. რუსული პროპაგანდა ასევე იტყობინებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკული ეკონომიკის მდგომარეობა საკუთარ ჯანმრთელობას შეადარა, ხოლო პროკრემლისტური წყაროები ამტკიცებდნენ, რომ მიმდინარე ქაოსიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ვლადიმირ პუტინს უკავშირდებოდა. კერძოდ, რუსული პროპაგანდის თანახმად, იტალიელები უკვე მიხვდნენ ამას და ბევრი იტალიელი სწორედ პუტინს სთხოვს მსოფლიოს გადარჩენას.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი