ელგუჯა ბაგრატიონი: [მუნიციპალიტეტებს] 6 მილიონამდე ეზრდებათ ტრანსფერი... აქვთ ჩამორჩენა და ვერ ხდება ბიუჯეტის ათვისება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

განცხადება: 6 მლნ ლარამდე იზრდება მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერი. ამავე დროს ხედავთ, რომ ბიუჯეტის შესრულების მომენტში, ყოველ წელიწადს, თუნდაც ამ ორი კვარტლის შესრულებით, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ჩამორჩენა და ვერ ხდება ბიუჯეტის ათვისება.

რეზიუმე: აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით, თავდაპირველად, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი სპეციალური ფინანსური დახმარება 61 160 100 ლარით განისაზღვრა. მიმდინარე წლის 27 ივნისს კანონში ცვლილება შევიდა, რის შედეგადაც, აღნიშნული პარამეტრი 4 894 300 ლარით გაიზარდა და 66 054 400 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 675 700 ლარი დაემატა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემ კაპიტალურ ფინანსურ დახმარებას, რომლის გეგმაც, ცვლილების შემდეგ, 97 175 600 ლარი გახდა. ჯამში, ზრდა 5 570 000 ლარია. 2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, კაპიტალური ფინანსური დახმარების დაზუსტებული გეგმა 28 389 800 ლარი იყო, ხოლო საკასო შესრულებამ 25 902 800 ლარი შეადგინა. სპეციალური ფინანსური დახმარების ნაწილში, გეგმით განსაზღვრული 24 645 100 ლარიდან, ათვისებულია 21 095 500 ლარი. პირველ შემთხვევაში გეგმას 2 487 000 ლარი დააკლდა, მეორე შემთხვევაში - 3 549 600 ლარი. აუთვისებელი თანხის მოცულობა, ჯამში, 6 036 600 ლარს შეადგენს. დაგეგმილთან მიმართებით, ყველაზე დაბალი ათვისება შუახევის მუნიციპალიტეტს აქვს, ყველაზე მაღალი - ქედის მუნიციპალიტეტს.

მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ფინანსური დახმარების გეგმა 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტშიც გაიზარდა 51 255 100 ლარით და 131 086 700 ლარი შეადგინა. თუმცა თანხის სოლიდური ნაწილი აუთვისებელი დარჩა. კერძოდ, კაპიტალური ფინანსური დახმარების ათვისების მაჩვენებელი 72.2%-ია, ხოლო სპეციალური ფინანსური დახმარებიდან ათვისებულია 85.6%. ამის შესახებ საუბარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშიც არის. უწყება წერს, რომ ბიუჯეტის აუთვისებლობა გამოწვეულია სხვადასხვა გარემოებით, მათ შორის: ტენდერებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიებით, რაც, რიგ შემთხვევებში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არასათანადოდ განსაზღვრითაა განპირობებული; ასევე, რამდენიმე დაგეგმილი სახელმწიფო შესყიდვა საერთოდ არ ხორციელდება, ან ხორციელდება არაჯეროვნად, ან/და მიმწოდებლები არ ასრულებენ სახელშეკრულებო ვალდებულებებს.

ზემოთ მოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონმა, აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილების განხილვის დროს, განაცხადა: „6 მლნ ლარამდე იზრდება მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერი. ამავე დროს, ხედავთ, რომ ბიუჯეტის შესრულების მომენტში, ყოველ წელიწადს, თუნდაც ამ ორი კვარტლის შესრულებით, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ჩამორჩენა და ვერ ხდება ბიუჯეტის ათვისება.“

„ფაქტ-მეტრმა“ პოლიტიკოსის განცხადება გადაამოწმა.

აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონის თავდაპირველი (ცვლილებამდე) ვერსიის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის, კაპიტალური ფინანსური დახმარების სახით, დაგეგმილი იყო 96 499 900 ლარის გადაცემა. 27 ივნისს განხორციელდა ცვლილება და დაზუსტებულმა გეგმამ 97 175 600 ლარი შეადგინა. სპეციალური ფინანსური დახმარება კი, რომელიც თავიდან 61 160 100 ლარით განისაზღვრა, ცვლილების შემდეგ, 66 054 400 ლარი გახდა. პირველ შემთხვევაში, ზრდა 675 700 ლარს შეადგენს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 4 894 300 ლარს. მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებები ჯამურად 5 570 000 ლარით არის გაზრდილი.

ცხრილი 1. აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი ფინანსური დახმარება მუნიციპალიტეტების მიხედვით, ცვლილებამდე და ცვლილების შემდეგ

წყარო: „აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ა/რ კანონი

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით, ექვსი თვის მონაცემებით, კაპიტალური ფინანსური დახმარების დაზუსტებული გეგმა 28 389 800 ლარი იყო, საკასო შესრულებამ კი 25 902 800 ლარი შეადგინა. სპეციალური ფინანსური დახმარებისთვის გეგმით განსაზღვრული 24 645 100 ლარიდან კი ათვისებული 21 095 500 ლარია. პირველ შემთხვევაში გეგმას 2 487 000 ლარი დააკლდა, მეორე შემთხვევაში - 3 549 600 ლარი. აუთვისებელი თანხის მოცულობა, ჯამში, 6 036 600 ლარს შეადგენს. დანართი 1

ცხრილი 2. მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებების ათვისება, 2022 წლის იანვარ-ივნისი

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ცხრილი 2-დან ჩანს, რომ თანხა, ქედის მუნიციპალიტეტის გარდა, სრულად ვერც ერთმა მუნიციპალიტეტმა ვერ გახარჯა. ბუნებრივია, აუთვისებელი თანხის ნაწილი ტენდერებისგან მიღებული ეკონომიების შედეგი იქნება. დანარჩენი კი, როგორც ეს 2021 წელს მოხდა, შესაძლოა, განუხორციელებელ ან არაჯეროვნად განხორციელებულ პროექტებს უკავშირდებოდეს, ასევე - შეწყვეტილ, არშემდგარ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ ტენდერებს.

ფინანსური დახმარების ათვისების განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელი შუახევის მუნიციპალიტეტს აქვს. მიუხედავად ამისა, რეგიონის მთავრობამ კაპიტალური ფინანსური დახმარების გეგმა 500 000 ლარით გაუზარდა. ასევე დაბალია ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალური ფინანსური დახმარების ათვისების მაჩვენებელი. თუმცა აღნიშნული პარამეტრი 4 მლნ ლარით გაიზარდა.

რაც შეეხება შარშანდელ მონაცემებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ აჭარის ა/რ 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების გეგმა - 72.2%-ით, ხოლო სპეციალური ფინანსური დახმარების გეგმა 85.6%-ით შესრულდა. უწყება წერს, რომ ბიუჯეტის აუთვისებლობა ტენდერებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიებით არის გამოწვეული, რაც, რიგ შემთხვევებში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არასათანადოდ განსაზღვრითაა განპირობებული; ასევე, რამდენიმე დაგეგმილი სახელმწიფო შესყიდვა საერთოდ არ ხორციელდება, ან ხორციელდება არაჯეროვნად, ან/და მიმწოდებლები არ ასრულებენ სახელშეკრულებო ვალდებულებებს.

ცხრილი 3. მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებების ათვისება, 2021 წელი

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

როგორც ვხედავთ, 2021 წელს კაპიტალური ფინანსური დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აითვისეს შუახევის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მუნიციპალიტეტებმა. გეგმის შესრულების მაჩვენებელი შედარებით მაღალი იყო ქედის მუნიციპალიტეტში, ხოლო ხულომ თითქმის სრულად აითვისა. სპეციალური ფინანსური დახმარება ბათუმის მუნიციპალიტეტმა ფაქტობრივად მთლიანად გახარჯა. ასევე მაღალი ათვისება ჰქონდა ქედის მუნიციპალიტეტს, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ 66%-ის ათვისება შეძლო.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი