თეონა ჭალიძე: ქვეყანაში 661 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანია, სიღარიბეში იმყოფება 244 ათასი ბავშვი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეონა ჭალიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2020-2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა [საარსებო შემწეობის მიმღები] ყოველთვიურად იზრდება. 2022 წლის ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში 661,061 ადამიანი (179,214 ოჯახი) არის საარსებო შემწეობის მიმღები, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 17.9%-ს შეადგენს.

სოციალურად დაუცველთა ოჯახებში 224.2 ათასზე მეტი 16 წლამდე პირი ცხოვრობს, რაც 16 წლამდე ბავშვების საერთო რაოდენობის 27.7%-ს შეადგენს. თეონა ჭალიძე განცხადებაში, სავარაუდოდ, 18 წლამდე პირებზე საუბრობს, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 244 ათასს აჭარბებს.

ანალიზი

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა ჭალიძემ განაცხადა: „ქვეყანაში 661 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანია... სიღარიბეში მყოფი ბავშვების რაოდენობა 244 ათასია“.

სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) სახელმწიფო პროგრამა მიზნად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას ისახავს. პანდემიით და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებით გამოწვეულმა სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა მოქალაქეთა მხრიდან სოციალურ დახმარების დანიშვნაზე მიმართვიანობა გაზარდა. 2020-2022 წლებში ყოველთვიურად იზრდება როგორც სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა, ისე ფულადი დახმარების მიმღებთა რაოდენობაც. ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობამ [საარსებო შემწეობის მიმღები] ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია 1,124,023 ადამიანი [358,000 ოჯახი], რაც ქვეყნის მოსახლეობის 30%-ს აჭარბებს. 2020 წლის იანვრიდან დღემდე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა ჯამში 201,450 [52,411 ოჯახით] გაიზარდა.

2022 წლის ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში 661,061 ადამიანი (179,214 ოჯახი) არის საარსებო შემწეობის მიმღები. საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 17.9%-ს შეადგენს.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა ოჯახებში მცხოვრები ბავშვებს, 16 წლამდე საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 224,241-ია, რაც 16 წლამდე ბავშვების საერთო რაოდენობის 27.7%-ს შეადგენს. თეონა ჭალიძე განცხადებაში, სავარაუდოდ, 18 წლამდე პირებზე საუბრობს. აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 244,082-ს შეადგენს.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივლისიდან ბავშვთა დახმარების მიმღებთა წრე გაფართოვდა. კერძოდ, 16 წლამდე ასაკის ბავშვზე დახმარებას იღებენ ის ოჯახები,რომელთა სარეიტინგო ქულაც 120 ათასზე ნაკლებია. მანამდე დახმარება 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა. 16 წლამდე პირების რაოდენობა, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 100,001-120,000 ქულაა, 27.083 ათასია. შესაბამისად, სოციალურად დაუცვლთა ოჯახებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა გარკვეულწილად პროგრამის გაფართოების შედეგად გაიზარდა. თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ დღეს 224 ათასზე მეტი ბავშვი სიღარიბეში ცხოვრებს.

გრაფიკი 1: 2020-2022 წლებში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდაზე გავლენა მთავრობის პოლიტიკამაც იქონია. კერძოდ, პანდემიის პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლიდან სოციალური დახმარება არცერთ ოჯახს არ შეუწყდა. მორატორიუმი მიმდინარე წლის აპრილში მოიხსნა, თუმცა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა კვლავ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2021 წლის ივლისიდან ბავშვთა დახმარების მიმღებთა წრე გაფართოვდა, რასაც პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდაზე გარკვეული გავლენა ჰქონდა.

თუმცა ის ფაქტი, რომ 2020-2022 წლებში მოქალაქეთა მხრიდან სოციალურ დახმარების დანიშვნაზე მიმართვიანობა რეკორდულად გაიზარდა, იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი