Facebook-მომხმარებელი -ლაშა მენთეშაშვილი, მაიმუნის ყვავილის ვირუსისა და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. Facebook-მომხმარებელი The Expose-ის სტატიას აქვეყნებს, რომელიც Covid-19-ის შესახებ დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებდა და ამტკიცებს: „ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მაიმუნის ყვავილი არის იმუნური სისტემის დაზიანების წინა მხარე, რომელიც გამოწვეულია კოვIDის ვაქცინაციით, რაც იწვევს აუტოიმუნურ დაავადებას, ბუშტუკებით და ჰერპესული გამონაყარით. უცნაურად არ გეჩვენებათ ის რომ გასული 50 წლის განმავლობაში მაიმუნის ყვავილი არასოდეს გამოსულა აფრიკის რამდენიმე ქვეყნის გარეთ, მაგრამ შემდეგ კოვIDის სავარაუდო გაჩენიდან ორი წლის განმავლობაში ის მოულოდნელად ჩნდება მთელ დასავლეთში?”

სინამდვილეში, ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს (MHRA) თანახმად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გვერდითი ეფექტითაა გამოწვეული. მედიცინის ექსპერტებისა და მედიკამენტებისა და ჯანდაცვის მარეგულირებელი სააგენტოს თანახმად, ვაქცინასა და ჰერპესს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს. COVID-19 ვაქცინას არ შეუძლია მაიმუნის ყვავილის ვირუსის გამოწვევა, რადგან არცერთი ვაქცინა არ შეიცავს მაიმუნის ყვავილის ვირუსს.

მაიმუნის ყვავილი ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად მღრღნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ინფიცირებულ პირთან ახლო ფიზიკური კონტაქტით, ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებით ხდება. ის ასევე სქესობრივი გზითაც ვრცელდება.

The Expose-ის სტატიაში აღნიშნულის მტკიცებულებად, VAERS-ის (Vaccine Adverse Event Reporting System) მონაცემებია გამოყენებული. მტკიცების თანახმად, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ „ჰერპესთან დაკავშირებული ინფექციების“ უფრო მეტი შემთხვევა გამოიწვია, ვიდრე ყველა ვაქცინამ წინა 12 წლის განმავლობაში. თუმცა, VAERS-ის მონაცემების საფუძველზე, აღნიშნული მტკიცების გავრცელება არამართებულია.

VAERS ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემაა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ იმართება. VAERS-ის ბაზაში მონაცემების შეყვანა და დაფიქსირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მაგალითად, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელს, პაციენტებს ან მათი ოჯახის წევრებს. VAERS-ს, როგორც ადრეული გაფრთხილების სისტემას, შეუძლია, ბაზაში მნიშვნელოვანი მონაცემები დააფიქსიროს, თუმცა ეს მონაცემები დამატებით კვლევასა და დამუშავებას საჭიროებს. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, მხოლოდ VAERS-ის ანგარიშზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადგენა, რაიმე გვერდითი მოვლენა უშუალოდ ვაქცინის გამოწვეულია, თუ - არა. შესაბამისად, VAERS-ზე დაყრდნობით იმის მტკიცება, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰერპესთან დაკავშირებულ ვირუსებს, მათ შორის - მაიმუნის ყვავილის ვირუსს, იწვევს, მართებული არ არის.

The Expose-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს (MHRA) წარმომადგენელმა Full Fact-თან გააკეთა კომენტარი. მან აღნიშნა, რომ ჰერპესსა და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის კავშირი Human Medicines-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების კვლევების ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა. მათ დაადგინეს, რომ ვაქცინაციის შემდეგ ჰერპესის გამოვლენის შემთხვევები ბუნებრივად, მთლიან მოსახლეობაში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობას, არ აღემატებოდა. ამდენად, ჰერპესსა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა არ დასტურდება.

ამასთან, იმის შანსი, რომ ცხოვრებაში ვინმე ჰერპესით დაავადდეს, საკმაოდ მაღალია. ხოლო ჰერპესის გავრცელების სიხშირის გათვალისწინებითა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ადამიანებში მისი გამოვლენის ალბათობით დგინდება (დიდი ბრიტანეთის მაგალითზე), რომ ვაქცინაციის შედეგად ჰერპესის გამოვლენის ალბათობა არ იზრდება.

ამდენად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მაიმუნის ყვავილის ვირუსის გამოწვევა შეუძლია. COVID-19 ვაქცინას მაიმუნის ყვავილის ვირუსის გამოწვევა არ შეუძლია, რადგან არცერთი ვაქცინა მაიმუნის ყვავილის ვირუსს არ შეიცავს. გარდა ამისა, ადენოვირუსები და ყვავილის ვირუსები ვირუსების სხვადასხვა ოჯახს მიეკუთვნებიან და სხვადასხვა დაავადებებს იწვევენ. შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მტკიცება ყალბია და სინამდვილესთან კავშირი არ აქვს.

--------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი