იტვირთება

სოციალურ ქსელში ევროპის ქვეყნების ამინდის პროგნოზის რუკების შესახებ მანიპულაციური შინაარსის პოსტები ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). პოსტების აღწერიდან და მათ ქვეშ გაკეთებული კომენტარებიდან ირკვევა, რომ Facebook-მომხმარებლები ევროპის ქვეყნებს, კერძოდ - გერმანიას, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთს, ტემპერატურის მატების შესახებ მანიპულირებაში ადანაშაულებენ.

აღნიშნული ფოტოები და ვიდეოები ანალოგიური შინაარსით არაერთ ქვეყანაში გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). როგორც ფაქტების გადამოწმების ესპანური პლატფორმა - Maldita - წერს, მსგავს ფოტოებს სოციალურ ქსელში კლიმატის ცვლილების უარმყოფლები ყოველწლიურად ავრცელებენ.

სინამდვილეში, Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ფოტოზე, სადაც გერმანიის ამინდის პროგნოზებია მოცემული, ორი შინაარსობრივად განსხვავებული რუკაა გამოსახული. პირველი ფოტო, სადაც გერმანია მწვანე ფერებშია მოცემული, ტოპოგრაფიული რუკაა, რომლის ფერები ტემპერატურის მიხედვით არ იცვლება. მეორე ფოტო კი, რომელზეც გერმანია ძირითადად ნარინჯისფერ-წითელ ფერებშია მოცემული, ტემპერატურის რუკაა, რომელზეც ფერების ტონები ტემპერატურის მიხედვით იცვლება.

ამასთან, მტკიცება, რომ 2017 წელს ამინდის პროგნოზის გამოცხადებისას რუკას მწვანე ფერში აჩვენებდნენ, 2022-ში კი ეს შეიცვალა, მანიპულაციურია. პირველი ფოტო გერმანული ტელევიზიის ARD-ის ღამის ეთერში 2017 წლის 21 ივნისს (21:45 სთ-ზე) გასული ამინდის პროგნოზიდანაა ამოჭრილი. ამავე დღეს ტელევიზიის ღამის ეთერში კიდევ ერთხელ გასულ ამინდის პროგნოზში გერმანიის რუკა ნარინჯისფერ-წითელ ფერებშია მოცემული. იხილეთ ფოტოები:

2017 წლისა და 2022 წლის ფოტოებზე გარკვევით ჩანს, რომ 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურები ორივეგან მუქი წითლითაა გამოსახული, შედარებით დაბალ ტემპერატურებზე კი ფერი ყვითლისა და მწვანისკენ იცვლება:

რაც შეეხება ესპანეთის რუკებს, ამ შემთხვევაშიც მსგავს ტემპერატურებზე სხვადასხვა ფერებს რუკების განსხვავებული შინაარსი განაპირობებს.

რუკა, რომელზეც ესპანეთი მწვანე და ნარინჯისფერ ფერებშია გამოსახული, ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს (AEMET) ამინდის გამაფრთხილებელი რუკაა. აღნიშნული სააგენტო მხოლოდ 4 ფერს იყენებს: მწვანე - ტემპერატურა მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს; ყვითელი - კონკრეტული აქტივობებისას საფრთხე არსებობს; ნარინჯისფერი - ჩვეულებრივი აქტივობების დროს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეა; წითელი - საზოგადოება ძალიან მაღალი საფრთხის ქვეშაა.

აღნიშნული ფერების გამოყენებით მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ესპანური ტელევიზია - Antena 3, საზოგადოებას 2022 წლის 14 ივლისსაც აფრთხილებდა:

მეორე ფოტო, რომელზეც ესპანეთი მუქ ვარდისფერსა და იისფერშია გამოსახული, მაქსიმალური ტემპერატურის ამსახველი რუკაა. აღნიშნული რუკა არა მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებებს, არამედ კონკრეტულ ადგილას მოსალოდნელ მაქსიმალურ ტემპერატურას ასახავს. ამ შემთხვევაში - 30ºC ნარინჯისფრით გამოისახება, 36 ºC - წითლით, უფრო მაღალი ტემპერატურები კი - ვარდისფრითა და იისფერი ტონებით. აღნიშნულ სამ ფერს ტელევიზია 2017 წელსაც ანალოგიურად იყენებდა:

დიდი ბრიტანეთის ამინდის პროგნოზების რუკებთან დაკავშირებით განსხვავებული შემთხვევაა. როგორც Reuters-ი წერს, 2017 წლიდან 2022 წლამდე ტემპერატურის აღმნიშვნელი ფერები დალტონიზმის მქონე ადამიანებისთვის შეიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას BBC-მ მიაწოდა. ანალოგიური ინფორმაცია გამოაქვეყნა Twitter-ზე აიდენ მაკგივერმა, რომელიც Met Office-ის მეტეოროლოგია: „სამწუხაროდ, ძველი ტონები (რომელიც ლურჯი, მწვანე, ნარინჯისფერი და წითელი ფერებისგან შედგებოდა) არ იყო ხელმისაწვდომი ჩემნაირი ადამიანებისთვის, რომლებიც დალტონიკები არიან. ამიტომ ტემპერატურის გამომსახველი ფერები შევცვალეთ, რათა ფერების გარჩევის ანომალიის მქონე ადამიანებისთვის რუკები უფრო მარტივად აღსაქმელი გამხდარიყო. სულ ეს არის, არანაირი კონსპირაცია.“

ამრიგად, მტკიცება, თითქოს ევროპის ქვეყნების ტელევიზიები ცდილობენ, რუკაზე ფერების ცვლილებით ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მანიპულაციური ინფორმაცია მიაწოდონ, მცდარია. აღნიშნული პოსტები კლიმატის ცვლილების უარმყოფლების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

----------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4280 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი