2022 წლის 5 ივლისს Facebook-ანგარიშმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ დიდი ადრონული კოლაიდერის მუშაობის განახლების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ავტორის მტკიცებით, ნაწილაკების ამაჩქარებელი 3-წლიანი დახურვის შემდეგ ისევ გახსნეს და მისი გამოყენებით საშიში ექსპერიმენტების ჩატარება იგეგმება. კერძოდ, კოლაიდერის მეშვეობით შესაძლოა, სხვა განზომილებასთან დამაკავშირებელი პორტალი გახსნან, რის შედეგადაც ჩვენს სამყაროში „დაცემულები“ გადმოვლენ.

მტკიცება, თითქოს CERN-ი („ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია“) დიდი ადრონული კოლაიდერით სხვა სამყაროში პორტალის გახსნას აპირებს, შეთქმულების თეორიაა და ფაქტებს არ ეფუძნება. რეალურად, დიდი ადრონული კოლაიდერი მსოფლიოში ნაწილაკების ყველაზე მძლავრი ამაჩქარებელია. მისი მეშვეობით მეცნიერები ნაწილაკებს ერთმანეთთან მაღალი ენერგიით აჯახებენ და ამ გზით მატერიას სწავლობენ. „ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ“ იგივე CERN-მა დიდი ადრონული კოლაიდერის მშენებლობა საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვარზე 2008 წელს დაასრულა. კოლაიდერის შექმნაში 100 ქვეყნის 10 000-ზე მეტი მეცნიერი და ინჟინერი მონაწილეობდა.

გასული სამი წლის განმავლობაში კოლაიდერი შეკეთებისა და გაუმჯობესების სამუშაოების გამო არ ფუნქციონირებდა. ნაწილაკების ამაჩქარებელი ჩატარებული სამუშაოების შედეგად მომდევნო ხუთი წლის გამავლობაში იმუშავებს და რეკორდული რაოდენობის ენერგიას, 13.6 ტრილიონ ელექტრონვოლტს, მოიხმარს. განახლებული კოლაიდერით CERN-ი ექსპერიმენტების ჩატარებას კიდევ უფრო დიდი სიზუსტით შეძლებს. მეცნიერები დიდი ადრონული კოლაიდერის ბნელი მატერიის კვლევისთვის გამოყენებას აპირებენ. თავად CERN-ის განმარტებით, ბნელი მატერია სამყაროს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იგი ელექტრომაგნიტურ ძალასთან არ ურთიერთქმედებს. შესაბამისად, სინათლეს არც შთანთქავს, არც ირეკლავს და არც გამოსცემს, რის გამოც მისი აღმოჩენა ძალიან რთულია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბნელი მატერიის რაოდენობა - ხილულ მატერიის რაოდენობას, ექვსჯერ აღემატება და სამყაროს დაახლოებით 27%-ს შეადგენს.

მტკიცება, თითქოს მეცნიერები კოლაიდერის გამოყენებას პორტალის გასახსნელად და ჩვენს სამყაროში დემონური ქმნილებების გადმოსაყვანად აპირებენ, სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ამერიკული გამოცემა USA TODAY რამდენიმე ექსპერტს დაუკავშირდა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ კოლაიდერით პორტალების გახსნა შეუძლებელია. ბუფალოს უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორს დეიან სტოიჩკოვიჩის განმარტებით, „თანამედროვე გრავიტაციული თეორიების მიხედვით, მიკროსკოპული შავი ხვრელის ან ჭიის ხვრელის შესაქმნელადაც კი მთელი სამყაროს სიდიდის ამაჩქარებელი დაგვჭირდებოდა. შესაბამისად, [დიდი ადრონული კოლაიდერით] მსგავსი პორტალის შექმნა შეუძლებელია“. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ჯოშუა რუდერმენის განმარტებით კი კოლაიდერი „ნაწილაკების წარმომქმნელი და აღმომჩენი დანადგარია“. აღსანიშნავია, რომ ადრონული კოლაიდერის გამოყენებით მეცნიერებმა ამ დროისთვის სამი სუბატომური ნაწილაკი აღმოაჩინეს, მათ შორის - 2012 წელს ჰიგსის ბოზონი.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი