რევაზ ხარაზი:2 999 900 ლარი გამოაცხადეს ტენდერი ავარიული სახლების გამაგრებაზე. იძახიან, ქალაქში 118 ავარიული სახლი გვაქვსო. ერთი სახლიც არ არის იქ [სატენდერო დოკუმენტაციაში] მითითებული, რომელიც უნდა გააკეთონ

ვერდიქტი: რევაზ ხარაზის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, მიმდინარე წლის 17 ივნისს, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 999 973 ლარი იყო. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის, კონკრეტულად რომელ მისამართებზე უნდა განხორციელდეს პროექტი. მოცემული ხარჯთაღრიცხვა არ იძლევა საშუალებას, რომ დაინტერესებული მხარე დეტალურად გაეცნოს, რომელ შენობას რა სახის სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს და თითოეულზე რამდენი უნდა დაიხარჯოს, თუმცა, მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საექსპერტო დასკვნა 118 სახლზეა მომზადებული. ტენდერში მონაწილე ერთადერთმა კომპანია შპს „ურბან სინერგიმ“ პროექტის ღირებულება 25%-ით გააიაფა და შემსყიდველს შპს „რეალექსპერტის“ მიერ მომზადებული ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტზე მიბმული ინვოისები გაცემულია შპს „ჯეიბის“ მიერ, რომლის ასპროცენტიანი წილის მესაკუთრე და დირექტორიც, შპს „ურბან სინერგის“ მესაკუთრესა და დირექტორთან ერთად, შპს „სპეც ტრანსპორტში“ ფლობდა წილს. ინვოისები მხოლოდ ოთხი დასახელების მასალაზეა გაცემული. დანარჩენი მასალის ფასების შესახებ ინფორმაცია ექსპერტიზის ანგარიშს არ ახლავს.

სატენდერო დოკუმენტაციაში მიწოდების ადგილად ქალაქ ბათუმის ტერიტორიაა მითითებული. შპს „ურბან სინერგი“ ხელშეკრულების გასაფორმებლადაა მიწვეული. მხარეებს შორის ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა შპს „ურბან სინერგიმ“, თავის მხრივ, მიმდინარე წლის 18 ივლისს, კონტრაქტი შპს „თბილისი დეველოპმენტ გრუპთან“ დადო. ხელშეკრულების თანახმად, ის როგორც შემსყიდველი, კონტრაქტორ ანუ შემსრულებელ მხარეს გადასცემს ბათუმში ავარიული სახლების დემონტაჟის, მშენებლობის, გამაგრებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების მუშა პროექტებსა და ყველა საჭირო დოკუმენტაციას. შპს „ურბან სინერგი“ სამუშაოების ხარისხსა და ვადასაც თვითონ გააკონტროლებს. პროექტის დასრულების ვადად განისაზღვრა პერიოდი ხელშეკრულების გაფორმებიდან მიმდინარე წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ შპს „თბილისი დეველოპმენტ გრუპს“, სახელშეკრულებო პირობების შესასრულებლად, ხუთი თვე დარჩა. მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტების მისამართი, დეფექტური აქტი ან/და წინასაპროექტო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წერილობით გადაეცემა.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ თვლის, რომ რევაზ ხარაზის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რევაზ ხარაზმა TV25-ის ეთერში განაცხადა: „2 999 900 ლარი გამოაცხადეს ტენდერი ავარიული სახლების გამაგრებაზე. იძახიან, ქალაქში 118 ავარიული სახლი გვაქვსო. ერთი სახლიც არ არის იქ [სატენდერო დოკუმენტაციაში] მითითებული, რომელიც უნდა გააკეთონ.“

ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 2022 წლის 17 ივნისს გამოცხადდა. შემსყიდველმა, ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, სატენდერო დოკუმენტაციაში არ მიუთითა, შესყიდვა კონკრეტულად რომელ ობიექტებს მოიცავს. მიწოდების ადგილად ქალაქ ბათუმის ტერიტორიაა მითითებული.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 999 973 ლარი იყო. ერთადერთმა მონაწილე კომპანია შპს „ურბან სინერგმა“ შემსყიდველს სამუშაოების შესრულება 2 249 980 ლარად შესთავაზა, რაც ნიშნავს, რომ მან ფასი 25%-ით გააიაფა. იმის დასტურად, რომ დასახელებულ ფასად პროექტის განხორციელება შესაძლებელია, კომპანიამ შპს „რეალექსპერტის“ დასკვნა წარადგინა. 22 ივლისს სატენდერო კომისია შეიკრიბა და დაასკვნა, რომ შპს „ურბან სინერგის“ მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასკვნა სატენდერო პირობებს სრულად შეესაბამება და კომპანია ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია. სტატიაზე მუშაობის პერიოდში ხელშეკრულება გაფორმებული არ იყო.

აღსანიშნავია, რომ შპს „ურბან სენერგიმ“, მიმდინარე წლის 18 ივლისს, თავის მხრივ, კონტრაქტი შპს „თბილისი დეველოპმენტ გრუპთან“ დადო. ამ ხელშეკრულებაში წერია, რომ ის როგორც შემსყიდველი, კონტრაქტორ ანუ შემსრულებელ მხარეს გადასცემს ბათუმში ავარიული სახლების დემონტაჟის, მშენებლობის, გამაგრებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების მუშა პროექტებსა და ყველა საჭირო დოკუმენტაციას. შპს „ურბან სინერგი“ ასევე განახორციელებს სამუშაოების ხარისხისა და ვადის კონტროლს. პროექტის დასრულების ვადად განისაზღვრა პერიოდი ხელშეკრულების გაფორმებიდან მიმდინარე წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ შპს „თბილისი დეველოპმენტ გრუპს“, სახელშეკრულებო პირობების შესასრულებლად, ხუთი თვე დარჩა. მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტების მისამართი, დეფექტური აქტი ან/და წინასაპროექტო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წერილობით გადაეცემა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ დროისთვის საექსპერტო დასკვნა 118 სახლზეა მომზადებული. კონკრეტულად რომელი მათგანის რეაბილიტაცია, დემონტაჟი და მშენებლობა იგეგმება, უცნობია.

აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში იკვეთება კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელსაც „ფაქტ-მეტრმა“ კომპანიების შესახებ ინფორმაციების გაცნობისას ყურადღება მიაქცია. კერძოდ, შპს „ურბან სინერგის“ დირექტორი და მფლობელია დიმიტრი ტატინაშვილი, რომელიც 2018 წლის ამონაწერში ფიქსირდება შპს „სპეც ტრანსპორტის“ 33,3%-იანი წილის მფლობელად. ამავე კომპანიაში წილი ჰქონდა ჯუანშერ ახალაიას. 2018 წლის ამონაწერის თანახმად, სწორედ ჯუანშერ ახალაია ფიქსირდება შპს „ჯეიბის“ 100%-იანი მესაკუთრედ, რომლის მიერ მიწოდებული ინვოისებიც „ურბან სინერგიმ“ სატენდერო კომისიას წარუდგინა. მაგალითად, შემსყიდველის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის თანახმად, 1 ტ არმატურა ა-III-ის ფასი 2 720 ლარია, ინვოისის მიხედვით კი - 2 040 ლარი. ინვოისები წარდგენილია არმატურა ა-I-ზე, არმატურა ა-III-ზე, ლითონის მილკვადრატებსა და საღებავზე. დანარჩენი მასალის ფასების თაობაზე დოკუმენტაცია ატვირთული არ არის.

აქედან გამომდინარე, რევაზ ხარაზის განცხადება, რომ ბათუმში ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტაცია კონკრეტულ მონაცემებს არ შეიცავს და გარკვეულ კითხვებს აჩენს, სიმართლეს შეესაბამება.

ინფორმაციისთვის: „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული პროგრამის შესახებ უკვე დაწერა. ჩვენ ასევე განვიხილეთ რისკები და მოლოდინები, რომლებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისა და საკრებულოს ოპოზიციის შეფასებით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა გააჩინა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ბათუმის მერს, პროგრამის ფარგლებში, კ2 კოეფიციენტის გაზრდის უფლებას ანიჭებს. ატეხილი ხმაურის შემდეგ, კანონპროექტში მცირე ცვლილება შევიდა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდის გადაწყვეტილება მერმა სათათბირო საბჭოსთან უნდა შეათანხმოს, თუმცა ოპოზიცია და არასამთავრობოების ნაწილი, ასევე აქტივისტები მიიჩნევენ, რომ კორუფციისა და ბათუმის ურბანული დამახინჯების რისკები კვლავაც მაღალია, რადგან საბჭოს წევრებს მერი თვითონ ნიშნავს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი