მიმდინარე გამოცემის თემები:

• „ნაციზმის“ წინააღმდეგ წარმოებულ წმინდა ჯვაროსნულ ლაშქრობაში კრემლის პრიზმით დანახული არსებული სამხედრო ვითარება

• დეზინფორმატორებს ყოველთვის ახსოვთ უკრაინელი ლტოლვილები

• კრემლი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა ეკონომიკური სანქციები რუსეთის ნაცვლად საკუთარ თავს დაუწესა

• უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ არსებული პროპაგანდისტული ნარატივები

• შიშის დამნერგავი ნარატივი ომის უკრაინის ფარგლებს გარეთ და საქართველოში გავრცელების შესახებ

• ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში

(27 ივნისი - 3 ივლისი)

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული დეზინფორმაცია და პროპაგანდა გარკვეულწილად გადაფარა საქართველოში გამართულმა პრაიდის კვირეულმა, რომელიც დეზინფორმაციის გამავრცელებული წყაროების ყურადღების ცენტრში მოხვდა და მთავარ სამიზნედ იქცა. აღნიშნულ კონტექსტში, დეზინფორმაციის გამავრცელებელი წყაროები ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირი, აშშ და დასავლეთი ზეწოლას ახდენენ საქართველოზე „ამორალური“ ლგბტქ+ აღლუმის ჩატარების მიზნით და შესაბამისად, ქვეყანამ უარი უნდა თქვას ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციაზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკაზე და სანაცვლოდ ყურადღება დაუთმოს კავკასიაზე მიმართულ პოლიტიკას. აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის მხარდამჭერ ჯგუფებში რუსეთ-უკრაინის ომი კვლავაც ფართო განხილვის საგანს წარმოადგენდა.

„ნაციზმის“ წინააღმდეგ წარმოებულ წმინდა ჯვაროსნულ ლაშქრობაში კრემლის პრიზმით დანახული არსებული სამხედრო ვითარება

რუსული პროპაგანდა კვლავ აგრძელებს გზავნილებს აუდიტორიის დასარწმუნებლად, რომ რუსეთი იმარჯვებს უკრაინის ნაცისტური ხელისუფლების მიერ პროვოცირებულ ომში:

• რუსული პროპაგანდა მუდმივად იმეორებს ნარატივს, რომ უკრაინაში ნაცისტები არიან და რუსეთი უკრაინელ ხალხს მათგან ათავისუფლებს. ფეისბუქის მომხმარებლებმა გაავრცელეს ვიდეო წარწერით „უკრაინელი სამხედროები და ქრისტეს ჯვარცმის ფიგურა“, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები ჯვარცმის ფიგურასთან ერთად ცეკვავენ. აღნიშნულ ვიდეოზე დაყრდნობით, ფეისბუქის მომხმარებელი ირონიულად აცხადებს, რომ უკრანაში არ არიან ნაცისტები და ანტიქრისტიანული იდეოლოგიით ტვინგამორეცხილი ადამიანები და ამ ყველაფერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იგონებს.

• მწერალმა და პოლიტოლოგმა მერაბ რატიშვილმა, ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის ფონზე მიმდინარეობს ახალი მსოფლიოს ჩამოყალიბება. მან გაიხსენა ჰიტლერის ცნობილი ოპერაცია „ბარბაროსა“ და აღნიშნა, რომ ნატომ შეიმუშავა გეგმა „ბარბაროსა 2“, რომელიც მიზნად უკრაინის ოკუპაციას ისახავს. მერაბ რატიშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთის „სასიცოცხლო სივრცეზე“ და გაიმეორა პროპაგანდისტული ნარატივი, რომლის მიხედვითაც, უკრაინა 8 წლის განმავლობაში ბომბავდა რუსეთის ტერიტორიას, ისევე როგორც დონეცკსა და ლუჰანსკს, რითაც ომის პროვოცირება მოახდინა. კერძოდ, იგი ამტკიცებდა, რომ უკრაინის პარლამენტი 2021 წელს განიხილავდა უკრაინის ტერიტორიულ პრეტენზიებს ყუბანზე. მის თანახმად, ამ სცენარში რუსეთს იძულებით უნდა დაეთმო აღნიშნული რეგიონი უკრაინისთვის, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას მის დასაბრუნებლად უნდა განეხორციელებინა სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ამავე მტკიცებით, უკრაინა მიუახლოვდა და საფრთხეს უქმნიდა რუსეთის „სასიცოცხლო სივრცის“ საზღვრებს. მერაბ რატიშვილის თანახმად, აღნიშნული საფრთხის დადასტურებას წარმოადგენდა ეუთო-ს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ლუჰანსკის და დონეცკის დაბომბვა 17 თებერვლიდან გააქტიურდა.

• პრორუსული გამოცემა Isari.ge-ს მთავარი რედაქტორი ჰამლეტ ჭიპაშვილი პირდაპირ იმეორებდა პუტინის ტყუილს, რომ უკრაინას არ გააჩნია სახელმწიფოებრიობის ისტორია და არ წარმოადგენს ნამდვილ სახელმწიფოს. ამასთან, ჭიპაშვილი უკრაინელებს ფაშისტებს უწოდებდა და აცხადებდა, რომ „უკრაინელი ფაშისტი პატრიოტები“ უსირცხვილოდ ამტკიცებდნენ, რომ უკრაინას მდიდარი და მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კულტურა გააჩნდა, მაშინ როდესაც უკრაინის სახელის მქონე ქვეყანა მსოფლიო რუკაზე მხოლოდ მე-20 საუკუნეში, საბჭოთა უკრაინის სახელით გამოჩნდა.

• პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ამტკიცებდა, რომ უკრაინა ომში აშშ-მა ჩაითრია რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების ადგილზე შემოწმების მიზნით. კერძოდ, არნო ხიდირბეგიშვილი აცხადებდა, რომ აშშ-მა უკრაინა საცდელ პოლიგონად გადააქცია და ყურადღებით სწავლობდა რუსეთის არმიის შესაძლებლობების შესახებ არსებულ ინფორმაციას, რომლის მოპოვებას ომის გარეშე ვერც აშშ-ის სპეცსამსახურები და ვერც პენტაგონი ვერ შეძლებდა. მისი დასკვნით, უკრაინაში ომის წყალობით, დასავლეთმა უკვე გაიგო თუ როგორ სამხედრო ოპერაციებს ჩაატარებს რუსეთი მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში. არნო ხიდირბეგიშვილმა ასევე გაიმეორა, რომ ომი უკრაინაში წარმოადგენს აშშ-ის წინასწარ შემუშავებულ სცენარს რუსეთის წინააღმდეგ და აღმატებულად მოიხსენია რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები. არნო ხიდირბეგიშვილმა ასევე გააჟღერა შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც ევროპა, რომელიც წარსულში დამოკიდებული იყო რუსულ ენერგომატარებლებსა და საკვებზე, აშშ-მა საბოლოოდ „დაიპყრო“ ომში ჩათრევით და ევროკავშირის ეკონომიკა გაანახევრა.

• კრემლისტური გამოცემა „ნიუსფრონტი“ გადამდგარ გერმანელ გენერალ ჰარალდ კუიატთან (გერმანიაში მას პრორუსული შეხედულებების გამო ხშირად აკრიტიკებენ) ინტერვიუს გამოქვეყნებით ცდილობდა გაემყარებინა მტკიცება, რომ უკრაინა რუსეთთან ომში უკვე დამარცხდა. ჰარალდ კუიატის შეფასებით, კიევსა და დასავლურ დედაქალაქებში გაქრა საწყის ეტაპზე გადაჭარბებულად ოპტიმისტური განწყობები სამხედრო ვითარებასთან დაკავშირებით და მზარდი პანიკა იკიდებს ფეხს. გერმანელი რესპონდენტის თანახმად, არესტოვიჩი და ზელენსკი ცდილობენ დამალონ მკაცრი რეალობა და პროპაგანდის ხელშეწყობით ატყუებენ უკრაინელ ხალხს, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოს. კუიატი ასევე ამტკიცებდა, რომ უკრაინას არ გააჩნია ომში გამარჯვების შანსი და დასავლეთი ვერ შეძლებს უკრაინის არმიისთვის ფრონტის ხაზებზე არსებული ვითარების გამოსწორებას.

• „სპუტნიკ-საქართველომ“ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ დონბასში უკრაინის არმიის მეთოდური განადგურების პარალელურად, რუსეთის შეიარაღებულ ძალები არ ივიწყებენ მთლიანი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ უმთავრეს ამოცანას - უკრაინის ტერიტორიისა და სახელმწიფოს დენაციფიკაციას და დემილიტარიზაციას. სპუტნიკი ხოტბას ასხამდა რუსი სამხედროების უპირატესობას და აცხადებდა, რომ რუსეთის სარაკეტო, საავიაციო და საარტილერიო დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ზურგის სიღრმეში ყოველდღიურად მატულობს და მძიმე დანაკარგებს აყენებს მოწინააღმდეგეს. სტატიაში ასევე ნათქვამი იყო, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბევრი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა დაკარგეს და იძულებულები იყვნენ უკან დაეხიათ დონბასისთვის მიმდინარე ბრძოლებში. სპუტნიკი ამტკიცებდა, რომ დასავლეთს არ შეუძლია უზრუნველყოს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო პოტენციალებს შორის არსებული სხვაობის კომპენსირება. ამას გარდა, სპუტნიკი ავითარებდა შეთქმულების თეორიას და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს აბრალებდა უკრაინის არმიის განადგურებას სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში. სპუტნიკის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი შვიდეულის“ სამიტამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე - სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში - დატოვება სთხოვა.

• სპუტნიკი ამტკიცებდა, რომ ლისიჩანსკის ოკუპაცია მიუთითებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდაუვალ მარცხზე და წერდა, რომ დასავლეთს რუსეთის გამარჯვება უნდა ეღიარებინა.

• „ნიუსფრონტმა“ ლისიჩანსკის ოკუპაცია და ქალაქის მერიის შენობაზე წითელი დროშის აღმართვა იზეიმა. კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელმა აღნიშნულ ფაქტსა და ნაციზმის დამარცხებას შორის პარალელი გაავლო.

დეზინფორმატორებს ყოველთვის ახსოვთ უკრაინელი ლტოლვილები

უკრაინელი მიგრანტების მადისკრედიტებელი კამპანია, რომლის შესახებაც „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დეზინფორმაციის ბრიფის - „პუტინის ომი უკრაინაში“ წინა გამოცემებში ვწერდით, საქართველოში უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების შეწყვეტის მოთხოვნაში გადაიზარდა. პრორუსული ტელევიზია „სეზონის“ წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე ამტკიცებდა, რომ პოლონეთმა უკრაინელ მიგრანტებს დახმარება შეუწყვიტა და საქართველომ უნდა მიბაძოს პოლონეთს უკრაინელი ლტოლვილებისთვის და უკრაინისთვის დახმარებაზე უარის თქმაში, რადგან უკრაინელები საქართველოს აკრიტიკებენ.

კრემლი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა ეკონომიკური სანქციები რუსეთის ნაცვლად საკუთარ თავს დაუწესა

საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, პრორუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ეკონომიკური საკითხები წარმოადგენს. დეზინფორმაციის აქტორები კამპანიურად ავრცელებდნენ ოთხ ძირითად გზავნილს, რომელთა თანახმადაც, სანქციებმა რუსეთზე მეტად დასავლეთი დააზარალა, სანქციები რუსეთზე გავლენას ვერ ახდენს, დასავლეთი საიდუმლოდ აგრძელებს ვაჭრობას რუსეთთან და საქართველომ იმიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომ რუსეთს სანქციები არ დაუწესა. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დეზინფორმაციის ბრიფის - „პუტინის ომი უკრაინაში“ - გასულ გამოცემებში აღწერილი, ზემოხსენებული აპრობირებული გზავნილების გარდა, გაჩნდა ახალი გზავნილები, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ზიანს აყენებს გარემოს და იწვევს ევროკავშირის მოქალაქეთა ჯანმრთელობის გაუარესებას.

• პრორუსული პოლიტიკური პარტიის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი, ამავე პარტიასთან აფილირებული ტელევიზია „ობიექტივის“ ეთერში ამტკიცებდა, რომ დასავლეთის მიერ შემოღებულმა სანქციებმა რეალურად მწვავე პრობლემები გამოიწვია ევროპაში, რასაც შედეგად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მწვავე განხეთქილება და უთანხმოება მოჰყვა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე ასევე ავრცელებდა მცდარ მტკიცებას, რომ ევროპის ზოგადმა არასახარბიელო მდგომარეობამ ევროკავშირის სახელმწიფოებს და NATO-ს უკრაინის გაწირვისკენ უბიძგა.

• პრორუსული Isari.ge-ს მთავარმა რედაქტორმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა, კრემლისგან დაფინანსებულ „ნიუსფრონტზე“ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთის წიანაღმდეგ ეკონომიკური სანქციები უშედეგოა და დასავლეთისთვის კონტრპროდუქტიულია. „ნიუსფრონტი“ „დასავლეთზე სანქციების ბუმერანგის ეფექტის“ მრავალი მაგალითის მოყვანას შეეცადა. პროპაგანდისტული გამოცემის თანახმად, დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთზე დაწესებული სანქციებით, განსაკუთრებით კი სანქციებით ენერგოპროდუქტებზე (ნავთობსა და გაზზე) ენერგოკრიზისი გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო გაზრდილ უმუშევრობასა და მაღალ ინფლაციას. „ნიუსფრონტი“ აზვიადებდა დასავლეთში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას, ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოაჩენდა რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებს და ამტკიცებდა, რომ რუსეთი ევროპის ხუთასწლოვან მსოფლიო დომინირებას დაემუქრა. „ნიუსფრონტის“ თანახმად, ევროკავშირი ცდილობს კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, კიევს ომის გაგრძელებისკენ უბიძგოს და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალოს.

• Spacenews.ge-ზე გამოქვეყნდა ქართული წარმოშობის რუსი პროპაგანდისტისა და ცნობადი სახის, თინა კანდელაკის, განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსი ხალხის დამარცხება შეუძლებელია, რადგან რუსები ყოველთვის ერთიანდებიან მტრის წინააღმდეგ. თინა კანდელაკის თანახმად, ამ მხრივ, დასავლეთმა სანქციების დაწესებით რუსებში ერთიანობის განმტკიცებას შეუწყო ხელი და მათთვის საერთო იდეისა და მოტივაციის მიცემა უზრუნველყო.

• პრორუსული გამოცემა „საქინფორმი“ შეეხო საქართველოს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივას და ამტკიცებდა, რომ დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, ქვეყანა ვალდებულები იქნებოდა დაუყოვნებლივ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მიეწოდებინა შეიარაღება უკრაინისთვის და რუსეთთან ომი დაეწყო. პრორუსული აქტორებისთვის სანქციებთან შეერთება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა ერთნაირად მიუღებელი პოლიტიკაა და მათთვის რუსეთთან ომის დაწყებას უთანაბრდება. „საქინფორმის“ დასკვნით, ევროკავშირი უსამართლოდ მოექცა საქართველოს, რადგან უარი თქვა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რუსეთისთვის სანქციების დაუწესებლობის მიზეზით, მაშინ როდესაც მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი ისე, რომ კიშინიოვს რუსეთის წინააღმდეგ მსგავსი სანქციები არ დაუწესებია.

• რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი გამოცემა, „საქართველო და მსოფლიო“ ევროპას აკრიტიკებდა რუსულ გაზზე უარის თქმისა და ზამთარში ქვანახშირის გამოყენების გეგმების გამო, ხოლო ევროპელ თანამდებობის პირებს ბრალს სდებდა არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის, არამედ ეკოლოგიური გარემოს საფრთხის ქვეშ დაყენებაში. აღნიშნული გზავნილი ფარისევლობის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს, რადგან რუსეთი ქვანახშირის მოხმარების მხრივ მსოფლიოს ხუთი მოწინავე სახელმწიფოს რიგებში შედის, თუმცა მის პროპაგანდისტულ მედიას ევროკავშირის ქვანახშირის მოხმარება „აწუხებს“. აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს, რომ რუსულმა პროპაგანდამ სანქციების მოხსნის აუცილებლობის დასამტკიცებლად ეკოლოგიური არგუმენტის გამოყენებაც კი დაიწყო. ამას გარდა, „საქართველოს და მსოფლიოს“ თანახმად, თითქმის ყველა წამყვანი ევროპული სახელმწიფო ცდილობს რუსული პროდუქტების შეტანას სანქციების გვერდის ავლით. დამატებით, იმის ხაზგასასმელად, რომ სანქციები უფრო მეტ ზარალს დასავლეთს აყენებს, „საქართველო და მსოფლიო“ ამტკიცებდა, რომ ცნობილმა კომპანიებმა, რომლებიც დაემორჩილნენ ზოგად აკრძალვას და გავიდნენ რუსული ბაზრიდან ასეულობით მილიონის ზარალი განიცადეს.

• „საქართველო და მსოფლიო“ ასევე ამტკიცებდა, რომ ევროპა და აშშ ცდილობდნენ საქართველოს შეცდომაში შეყვანას, რომ ქვეყანას უარი ეთქვა რუსულ ხორბალზე, რადგან თითქოს მას სხვა ბაზრებიდან შემოტანილი ხორბლით მარტივად ჩაანაცვლებდა. „საქართველოს და მსოფლიოს“ თანახმად, რუსეთიდან ხორბლის იმპორტის გაგრძელება მისასალმებელია, რადგან სხვა ალტერნატივები ხელმისაწვდომი არაა. პრორუსული გამოცემა ასევე ამტკიცებდა, რომ უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით, რომელსაც მომავალში შიმშილი ემუქრება, საქართველომ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს. „საქართველო და მსოფლიო“ ასევე ირწმუნებოდა, რომ დასავლეთი სჯის საქართველოს, რადგან ვერ აიძულა რუსეთის წინააღმდე ომის დაწყება ან სანქციების დაწესება და ქვეყანა კვლავაც ნახულობს სარგებელს რუსი ტურისტებისგან. პრორუსული მედია საქართველოს აქებდა საკუთარი ინტერესების დაცვის - რუსეთთან კონფლიქტის თავის არიდების - გამო და ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ დასავლეთმა 45-მილიონიანი უკრაინა გაწირა, და შესაბამისად, თვალის დახამხამების გარეშე გაწირავდა გაცილებით პატარა საქართველოსაც.

• „საქართველო და მსოფლიო“ ტრიუმფალური ტონით ამტკიცებდა, რომ ევროპული სახელმწიფოები მალე მიხვდებიან, რომ ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და უკრაინა იძლებული გახდება დათმობაზე წავიდეს თითოეულ იმ საკითხში, რასაც რუსეთი ომის წინ აყენებდა, რის მაგალითადაც NATO-ში ინტეგრაციაზე უარის თქმა დაასახელა. პრორუსული გამოცემის თანახმად, ევროპა აირჩევს აღნიშნულ კურსს, რათა შეძლოს სანქციების მოხსნა და თავი დააღწიოს ეკონომიკურ კრიზისს.

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ არსებული პროპაგანდისტული ნარატივები

დეზინფორმაციის წყაროები ცდილობენ უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიარაღების მიწოდების დისკრედიტაციას, რადგან აღნიშნულზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ომის ბედი, არამედ უკრაინული სახელმწიფოს გადარჩენის საკითხი. აღსანიშნავია, რომ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ გავრცელებული პრორუსული პროპაგანდისტული გზავნილები ერთმანეთთან გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის:

• პროკრემლისტურ „ნიუსფრონტზე“ გამოქვეყნებულ წერილში, ჰამლეტ ჭიპაშვილი ამტკიცებდა, რომ 25 ივნისს დასავლეთმა უკრაინას შემტევი შეიარაღება მიაწოდა და ამით ირიბად ჩაერთო კონფლიქტში. მისი განცხადებით, აღნიშნული შეიარაღება გამოიყენება დონბასში, ლუჰანსკსა და უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჭიპაშვილის შეფასებით, დასავლეთის დაუდევრობის გამო მაღალია კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის ალბათობა. ზემოხსენებული პროპაგანდისტული წერილის მთავარ აზრს წარმაოდგენს მტკიცება, რომ უკრაინა დასავლურ შეიარაღებას გამოიყენებს დონბასში მშვიდობიანი მოქალაქეების განადგურებისა და რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების განხორციელებისთვის.

• „სიენენის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც რვაასმა ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა მომდევნო წლებში უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების წარმოების სურვილი, ცალკეულმა Facebook-მომხმარებლებმა დაასკვნეს, რომ ამერიკელები უკრაინას მხარს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით უჭერენ.

• ტელევიზია „ობიექტივმა“ გაავრცელა ამერიკელი კონგრესმენის ტულსი გაბარდის განცხადება, რომლის თანახმადაც, კიევმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან ტერიტორიულ დათმობებისა და უკრაინის ნეიტრალიტეტის თაობაზე. ტულსი გაბარდი ამტკიცებდა, რომ აშშ-მა უნდა შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება, რადგან აღნიშნულს საბრძოლო ვითარების თვალსაზრისით აზრი არ აქვს და აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოების მიერ შეიარაღების მიწოდება იწვევს ვითარების შემდგომ ესკალაციას. მტკიცება, რომ დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, რადგან აღნიშნული ვერ ცვლის ადგილზე არსებულ ვითარებას და იწვევს ომის ესკალაციას, იდეალურად ერგება მოსკოვის სტრატეგიულ ინტერესებს.

• „სპუტნიკ-საქართველო“ წერდა, რომ რუსული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შესაძლებლობები გაცილებით აღემატება უკრაინისთვის მისაწოდებელ დასავლურ ანალოგებს, კერძოდ კი ამერიკულ „ჰარპუნსა“ და ნორვეგიულს „ნსვ“-ს. „სპუტნიკი“ ხაზს უსვამდა რუსული სარაკეტო სისტემების „ბასტიონის“ და „ბალის“ უპრეცედენტოდ შორი მოქმედების რადიუსს და ამტკიცებდა, რომ კალინიგრადში განლაგების შემთხვევაში მათ შეეძლოთ მიეღწიათ გერმანიამდე, პოლონეთამდე, შვედეთამდე, დანიამდე და ბალტიისპირეთის ქვეყნებამდე. „სპუტნიკის“ თანახმად, უკრაინამ შესაძლოა მიიღოს NATO-ს შეიარაღებაზე არსებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, თუმცა აღნიშნული ვერ გადაჭრის უკრაინის პრობლემებს, რადგან ქვეყანას არ გააჩნია სხვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, როგორებიცაა: დამიზნების და გამოთვლის საშუალებები, რაც აღნიშნული სარაკეტო სისტემების ეფექტურად გამოყენებისთვისაა საჭირო. „სპუტნიკის“ შეფასებით, უკრაინისთვის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებით დასავლეთი მიზნად ისახავს არა უკრაინული პორტებისთვის ბლოკადის მოხსნას მარცვლეულის ექსპორტისთვის, არამედ რუსეთისთვის მიკოლაივის და ოდესას რეგიონების „გათავისუფლებაში“ ხელშეშლას.

• „საქართველო და მსოფლიო“ ამტკიცებდა, რომ „სიენენის“ აღიარებით, სევეროდონეცკისა და ლუჰანსკის სამხრეთ მდებარე ტერიტორიების დაკავების შემდეგ, რუსეთის არმია ომის დაწყების შემდეგ ყველაზე ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პრორუსული გაზეთის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომმა წარუმატებლობამ შესაძლოა უბიძგოს დასავლეთს კიევისთვის მისაწოდებელი შეიარაღების გაზრდისკენ, თუმცა დასავლეთს „უკრაინით გადაღლის“ სინდრომი გაუჩნდა.

შიშის დამნერგავი ნარატივი ომის უკრაინის ფარგლებს გარეთ და საქართველოში გავრცელების შესახებ

დეზინფორმაციის აქტორების მთავარ სტრატეგიად ჩამოყალიბდა ომის საქართველოში გავრცელების შიშის ტირაჟირება. ყველა პოლიტიკური მოვლენა საზოგადოებას მიეწოდება იმ ჭრილში, თუ რამდენად ზრდის ან ამცირებს ეს რუსეთთან ომის შესაძლებლობას. „ქართული ოცნების“ მთავრობა ომის შიშებს იყენებს ოპოზიციის დემონიზებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით წარუმატებლობის გამართლების მიზნით, რასაც მანიპულაციურად უკავშირებს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას. მეორე მხრივ, ულტრამემარჯვენე პრორუსული ჯგუფები საკუთარ აუდიტორიას კვებავენ ომის და განადგურების შიშებით და აღნიშნულ ნარატივებს იყენებენ ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად, მათ შორის კოლექტიურ დასავლეთზე წაყენებული ბრალდებით, რომ მათ უნდათ საქართველო რუსეთთან ომის პოლიგონად აქციონ. გავრცელების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად პრევალირებს გზავნილი, რომ დასავლეთი საქართველოს რუსეთთან წინააღმდეგ ომში ჩართვისკენ უბიძგებს. აღნიშნულს განაპირობებს ორი ფაქტორი - გზავნილის შერწყმა ანტი-ლგბტქ+ ნარატივებთან და სამი დეპუტატის განცხადებები, რომლებმაც გასულ კვირას ოფიციალურად განაცხადეს „ქართული ოცნების“ რიგებიდან გასვლის შესახებ:

• სამმა დეპუტატმა, რომლებიც მმართველი „ქართული ოცნების“ რიგები დატოვეს, რათა „ესაუბრათ თავისუფლად და არ ყოფილიყვნენ შეზღუდულების პარტიული პოლიტიკით“, გამოქვეყნეს საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის კომისიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების სრულად შესრულების შემთხვევაშიც, ექვსი თვის შემდეგ ევროკავშირი საქართველოს მაინც არ მიანიჭებს წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუ საქართველო არ დაიწყებს ომს რუსეთთან. ამავე ჯგუფმა ასევე გამოაქვეყნა დამატებითი განცხადებები, რომელთა მიხედვით, არსებობს შეთქმულება საქართველოს ომში ჩათრევის მიზნით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ამ მხრივ საკვანძო ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული დეპუტატები ასევე ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც აღნიშნულ შეთქმულებაშია ჩართული.

• აღნიშნულ ნარატივს ასევე ავრცელებდა პრორუსული „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია. მისი მტკიცებით, ევროკავშირი არ მისცემს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსს იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვეყანა დააკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ დადგენილ ყველა კრიტერიუმს, რადგან სტატუსის მიღების რეალურ წინაპირობას საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა წარმოადგენს.

• „საქართველო და მსოფლიომ“ ასევე გამოაქვეყნა პრორუსულად განწყობილი ჟურნალისტის და „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარის ვალერი კვარაცხელიას ინტერვიუ, სადაც ის ამტკიცებდა, რომ უკრაინელ და ქართველ ერებს შორის ისტორიული ძმური ურთიერთობების ცნება ამერიკული სპეცსამსახურების მიერ თავსმოხვეული იდეაა. ვალერი კვარაცხელიას მიხედვით, დასავლეთი ცდილობს რუსეთთან ომში საქართველოს ჩათრევას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ისტერიაც ამ შეთქმულების ნაწილია. მისი მოსაზრებით, ივნისსა და ივლისში ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერის მიზნით თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე გამართული მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ იყო კოორდინირებული.

• ულტრამემარჯვენე აქტივისტმა და Facebook-ვლოგერმა რამინ აბესაძემ ულტრამემარჯვენე პრორუსული ჯგუფების მიერ ორგანიზებულ ანტი-ლგბტქ საპროტესტო აქციაზე ვიდეო ჩართვისას მრავალი ანტიდასავლური პროგანდისტული გზავნილი გააჟღერა, სადაც მათ შორის ამტკიცებდა, რომ დასავლეთი ცდილობს რუსეთთან წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩათრევას და ქვეყნის განადგურებას.

• პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა, არნო ხიდირბეგიშვილმა, გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი თბილისში გამართულ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით, სადაც შესაძლებლობა არ გაუშვა დასავლეთის და უკრაინის გასაკრიტიკებლად და რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში დასადანაშაულებლად. მისი მტკიცებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იყო საქართველოსთვის და უკრაინისთვის მიცემული სატყუარა რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების იძულების მიზნით. არნო ხიდირბეგიშვილი ასევე აცხადებდა, რომ უკრაინამ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი 2021 წლის სექტემბერში რევოლუციის მოწყობისა და ახალი ხელისუფლების მოყვანის მიზნით გამოგზავნა, რომელიც იქნებოდა უკრაინის მოკავშირე რუსეთთან ომში, ხოლო ამ ყველაფერს ხიდირბეგიშვილის მტკიცებით აშშ მართავდა.

• კიდევ ერთმა პრორუსმა პოლიტიკურმა აქტივისტმა და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ანტიდასავლურ გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“-სთან ინტერვიუში გააჟღერა შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან საიდუმლო მოლაპარაკებების გასამართად ჩამოვიდა, რომლის მიზანსაც ღარიბაშვილის იძულება წარმოადგენდა, რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფრონტაცია დაეწყო. დიმიტრი ლორთქიფანიძის თანახმად, ბრიტანელი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაემუქრა, რომ დასავლეთმა საქართველოზე ბევრი ფული დახარჯა და არ დაუშვებდა საქართველოს არც ერთი მთავრობის მხრიდან დამოუკიდებელი პოლიტიკის თამაშს და დასავლეთისადმი დაუმორჩილებლობას, ანუ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის არგახსნას. ამავე მტკიცებით, დასავლეთს განზრახული აქვს საქართველოს რუსეთთან წინააღმდეგ კონფრონტაციის ერთ-ერთ პლატფორმად გამოყენება.

• „სპუტნიკ საქართველომ“ გამოაქვეყნა სტატია ლიეტუვას მხრიდან რუსული ექსკლავის კალინინგრადის „ბლოკირების“ შესახებ და აღნიშნული შეაფასა რუსეთთან დაძაბულობის მორიგი კერის შექმნის მცდელობად. „სპუტნიკის“ თანახმად, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ გაეროს წესდების მიღმა დაწესებული ანტირუსული სანქციების საფუძველზე, ცალკეული ბალტიისპირა სახელმწიფოების მიერ კალინინგრადის საზღვაო და სახმელეთო ბლოკადაში მოქცევა ომის გამოცხადების ტოლფასია. რუსული პროპაგანდის ზემოხსენებული გზავნილი განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საინფორმაციო ველებში და „სპუტნიკ-საქართველომ“ ის საქართველოშიც გადმოიტანა.

ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

27 ივნისი - 3 ივლისის კვირაში, „ფაქტ-მეტრმა“ Facebook-სა და Instagram-ზე რუსული ყალბი ახალი ამბების მორიგი ტალღა გააბათილა. კრემლისტური პროპაგანდის გამავრცელებლების ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც საჯარო პირებს და ტროლებს/ბოტებს შორის კოორდინაციით ვრცელდებოდა, იყო ის რომ რუსეთი არ იყო პასუხისმგებელი კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის დაბომბვაზე. აღნიშნული წყაროების ყალბი მტკიცების თანახმად, რუსეთმა უბრალოდ გაანადგურა „მიმდებარე სამხედრო ობიექტი“, საიდანაც „ხანძარი გავრცელდა“ კომერციულ ცენტრზეც. აღნიშნული აშკარა ტყუილი გაბათილდა შესაბამისი ვიდეო კადრებით, რომელზეც ასახულია სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული რუსული სარაკეტო დარტყმები. ამას გარდა, რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ კვლავ გააჟღერა ტრადიციული დაუსაბუთებელი ბრალდებები „ამერიკის მხარდაჭერით მოქმედ ბიოლაბორატორებზე, სადაც ადამიანებზე ექსპერიმენტები ტარდება“, რითაც ეჭვქვეშ დააყენა დასავლური მედიასაშუალებების სანდოობა, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ აღნიშნულ ობიექტებზე. მორიგი დეზინფორმაციის გავრცელებით, კრემლისტური წყაროები ამტკიცებდნენ, რომ რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს „ქართველი დაქირავებული მებრძოლები“ უკრაინაში (იგულისხმება ქართული ლეგიონი), თუმცა ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე ქართველი მებრძოლები არ იმყოფებიან. ამას გარდა, რუსული პროპაგანდა ცდილობდა შიდა აუდიტორიის დარწმუნებას, რომ პოლონეთი ლიეტუვასთან ერთად ემზადებოდა რუსეთისთვის კალინინგრადის წასართმევად.


მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი