2022 წლის 11 ივლისს „ემი“ ჯგუფმა, რომელიც ანტივაქსერებსა და კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციის გამავრცელებლებს აერთიანებს, Facebook-გვერდზე მანიპულაციური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. პოსტი გამოცემა „The Epoch Times“-ის სტატიას ეყრდნობა, სათაურით - „Pfizer-ის ვაქცინა სპერმის რაოდენობას ამცირებს - შეთქმულების თეორეტიკოსები მართლები იყვნენ“.

„ემი“ ჯგუფის პოსტი „The Epoch Times“-ის ინგლისურენოვანი სტატიის ქართულ თარგმანს წარმოადგენს. „The Epoch Times“ საერთაშორისო მედიაა, რომელიც, Media Bias/Fact Check-ის (ემსახურება მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას) თანახმად, არაზუსტი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაშია შემჩნეული, განსაკუთრებით, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით. აღნიშნული სტატიაც „The Epoch Times“-ის დეზინფორმაციული მასალის ერთ-ერთი მაგალითია.

სტატიის თანახმად, 17 ივნისს ჟურნალში - Andrology - გამოქვეყნდა რეცენზირებული კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ COVID-19-ის ვაქცინები მამაკაცის ფერტილურობას ვნებს. მასალის მიხედვით, კონკრეტულად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ხუთი თვის განმავლობაში, სპერმის რაოდენობა შემცირდა.

ჟურნალმა - Andrology – 17 ივნისს კვლევა ნამდვილად გამოაქვეყნა, თუმცა მასში არსად წერია, რომ ვაქცინა მამაკაცთა ფერტილურობას ვნებს. კვლევის მიზანი არა ფერტილურობის შესწავლა, არამედ ვაქცინირებულ დონორებში სპერმის რაოდენობის შესწავლა იყო. კვლევაში მონაწილეობა 37-მა ისრაელელმა სპერმის დონორმა მიიღო, რამაც აჩვენა, რომ Pfizer/BioNTech ვაქცინის მეორე დოზის მიღების მომდევნო თვეებში სპერმის რაოდენობა დაახლოებით 15%-ით შემცირდა. ავტორები ამ მოვლენას სხეულის ტემპერატურის მატებას - ყველა ვაქცინისთვის დამახასიათებელ გვერდით ეფექტს, მიაწერენ და აღნიშნავენ, რომ სპერმის რაოდენობა ვაქცინამდელ დონეს 145 დღის შემდეგ უბრუნდება. ამასთან, საკვლევ პერიოდში, სპერმის ხარისხის/ფუნქციის დაქვეითების ან ნებისმიერი სხვა სახის ზიანის შემთხვევები არ აღრიცხულა.

ვაქცინაციის ფერტილურობაზე გავლენის შესახებ დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. სინამდვილეში, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს, კონკრეტულად კი - მამაკაცებსა და ქალებში ნაყოფიერებას ამცირებს.

საპირისპიროდ კი, მეცნიერული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ კოვიდ-19-ის ინფექციას მამაკაცის სპერმის ხარისხზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. შესაბამისად, ვაქცინა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებას ამცირებს და ადამიანებს მისი გართულებისგან იცავს, მამაკაცებს ინფექციისგან გამოწვეული გართულებების, მათ შორის - სპერმის ხარისხის გაუარესების, თავიდან აცილებაში ეხმარება.

ამრიგად, „ემი“ ჯგუფის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უახლესმა კვლევამ მამაკაცების ფერტილურობაზე ვაქცინის უარყოფითი გავლენა დაადასტურა, მცდარია. ისრაელში ვაქცინის შემდეგ არა სპერმის ხარისხი და მამაკაცთა ფერტილურობა, არამედ სპერმის რაოდენობის ცვლილება შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ სპერმის რაოდენობა დროებით შემცირდა, რაც ტემპერატურის მატებას უკავშირდება, თუმცა ამას სპერმის ხარისხსა და ფუნქციაზე გავლენა არ მოუხდენია.

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი