რუსეთის პირველი არხის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიაზეა საუბარი. სიუჟეტი სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლების მიერაც (ბმული 1, ბმული 2) გავრცელდა. სიუჟეტის თანახმად, საქართველოში ბიოლოგიური იარაღის მეშვეობით ჩატარებულ სახიფათო ექსპერიმენტებზე ღიად ალაპარაკდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ამერიკელების ექსპერიმენტების შესახებ მონაცემები გაასაჯაროვა. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ თბილისში მეცნიერთა კონფერენცია ჩატარდა, რომელთა წევრებიც მოსკოვს დსთ-ს ქვეყნებთან ერთობლივი კომისიის შექმნისკენ მოუწოდებენ, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესასწავლად და იმ ექსპერიმენტების ასაკრძალად, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

რუსეთის პირველი არხის ეთერში გასული სიუჟეტი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსული პროპაგანდა საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ლუგარის ლაბორატორიებს ესხმის თავს. უკრაინაში სამხედრო შეჭრისთანავე, კრემლმა საინფორმაციო ომის ფრონტიც გააქტიურა და დეზინფორმაციის სამიზნეში ბიოლოგიური ლაბორატორიები ამოიღო. სხვადასხვა დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავად საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, სერგეი კირილოვმა, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა არაერთი განცხადება გააკეთეს უკრაინასა და საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიაზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. ვრცლად, საქართველოსა და უკრაინაში ლუგარის ლაბორატორიების ბრალდებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

ამასთან, მტკიცებები, რომ საქართველოში არსებულ ბიოლაბორატორიებს პენტაგონი და თეთრი სახლი აკონტროლებს, ასევე დეზინფორმაციული შინაარსისაა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში ლაბორატორიები აშშ-ის მხარდაჭერითა და დახმარებით შეიქმნა, აბსურდულია იმის მტკიცება, რომ ამ ლაბორატორიებს ამერიკელები აკონტროლებენ. ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. სტრუქტურულად, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს დაავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუტებში. ცენტრის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ კვლევას თუ საქმიანობას შესაბამისი ექსპერტები მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური უწყებების კოორდინაციით ახორციელებენ. ცენტრის ამოცანების დასახვაში ამერიკელ პარტნიორებს არანაირი როლი და ფუნქცია არ გააჩნიათ. მათ რამე სახის დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების საშუალება არ აქვთ.

რაც შეეხება უკრაინაში ბიოლოგიურ ლაბორატორიებში ჩატარებულ ექსპერიმენტებს, კომპანია Metabiota-ს და ბიოლოგიურ იარაღს, რომელიც ჯო ბაიდენის შვილთან, ჰანტერ ბაიდენთან არის დაკავშირებული, ასევე დეზინფორმაციული და ყალბი მტკიცებაა.

ჰანტერ ბაიდენს უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში მონაწილეობას Metabiota და Rosemont Seneca Partners-ს კომპანიებთან კავშირის გამო სდებენ ბრალს. Rosemont Seneca Partners საინვესტიციო ფონდია, რომელიც ვაშინგტონში 2009 წელს ჰანტერ ბაიდენმა, ქრისტოფენ ჰაინცმა და დევონ არჩერმა დააარსეს.

ჰანტერ ბაიდენს უკრაინის ლაბორატორიებს იმ მიზეზით უკავშირებენ, რომ Metabiota-ს რაღაც პერიოდში Rosemont Seneca Partners (რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი ჰანტერ ბაიდენია) აფინანსებდა. თუმცა მას არაფერი აქვს საერთო არც უკრაინაში არსებულ ლაბორატორიებთან და არც ჰანტერ ბაიდენთან. კერძოდ, ბაიდენი არ იყო იმ კომიტეტის წევრი, რომელიც Metabiota-ში ინვესტიცირებაზე მუშაობდა, მეტიც, აღნიშნული ინვესტიციით ბაიდენს არ უსარგებლია, რადგან ის ფირმიდან გამოუშვეს. დაარქივებული ვებგვერდები ადასტურებს, რომ 2014 წლიდან 2015 წლამდე, ჰანტერ ბაიდენი გვერდის სექციიდან „ჩვენი გუნდი“ ამოშლილი იყო.

Metabiota-ს ვებსაიტის მიხედვით, პენტაგონის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ უკრაინაში შესასრულებელი სამუშაოებისთვის Metabiota 2013 წელს დაიქირავა. ფირმა უკრაინაში 2020 წლამდე მუშაობდა, სადაც ატარებდა ტრენინგებს, რათა გაეუმჯობესებინა ადგილობრივი შესაძლებლობები ჯანმრთელობის საფრთხეების გამოვლენისა და მათზე რეაგირებისთვის“.

ამრიგად, ჰანტერ ბაიდენი Metabiota-ს უკრაინაში შესრულებულ სამუშაოებთან ხელოვნურადაა დაკავშირებული. არც ამ ფირმის დაფინანსებასთან და არც უკრაინის სამუშაოებთან ჰანტერ ბაიდენს კავშირი არ ჰქონია. უფრო მეტ ინფორმაციას ჰანტერ ბაიდენთან და ბიოლაბორატორიების საქმიანობასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე, შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში ლუგარის ლაბორატორიაზე გაჟღერებული კრემლის ნარატივები საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია. სიუჟეტში ერთადერთ სიახლეს თბილისში გამართული „სამეცნიერო“ კონფერენციის ელემენტი წარმოადგენდა, რომელზეც ინტერვიუებში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციული გზავნილები თავად ქართველმა გააჟღერეს. რეალურად კი, სიუჟეტში წარმოდგენილ ადამიანებს სამეცნიერო კომპეტენცია არ გააჩნიათ. კონკრეტული კონფერენცია 3 ივლისს „ევრო-აზიური ალიანსისა“ და „ანტილაბ-საქართველოს“ ორგანიზებით საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სახელწოდებით - „ბიოლოგიური საფრთხეები და ჩვენი მომავალი“, გაიმართა.

„ანტილაბ-საქართველო“ 2021 წლის იანვარში დაფუძნებული საერთაშორისო კოალიცია „ანტილაბის“ ნაწილია, რომლის მიზანი ბიოლოგიური იარაღის შემუშავების აკრძალვაა. როგორც „ანტილაბის“ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, კოალიციის დამფუძნებლები არიან ყაზახეთის სოციალისტური მოძრაობა, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, ლატვიის სოციალისტური პარტია, პაკისტანის კომუნისტური პარტია და ირლანდიის პარლამენტის სოციალისტი წევრი პოლ მერფი. რაც შეეხება უშუალოდ კონფერენციას, კონფერენციის დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის „ანტილაბ-საქართველოს“ შექმნის შესახებ გამოცხადდა, რომლის მთავარი მიზანიც საქართველოში მოქმედი ამერიკული ბიოლაბორატორიებისგან მომდინარე საფრთხეების შესწავლა, ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და საბოლოოდ მათი დახურვა იქნება.

მაგალითისათვის, თინათინ გოცაძე, რომელიც მეცნიერებათა დოქტორად არის წარმოდგენილი, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდან არაერთხელ იყო შემჩნეული ვირუსის, ვაქცინებისა და პირბადეების შესახებ, ყალბი და დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში. ამის გამო, ის არაერთხელ მოხვედრილა „ფაქტ-მეტრის“ ყურადღების ცენტრში (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). ამჯერად კი, გოცაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ პენტაგონი მართავს ლუგარის ლაბორატორიას და მის პროექტებს, მათ შორის, პროექტს სახელწოდებით „მოკავშირე მწერები“.

სიუჟეტში წარმოდგენილი მეორე პირი, თეიმურაზ მაკარიძე „ნაციონალური ერთობის კავშირის“ ხელმძღვანელია, რომელმაც კარგად ნაცნობი გზავნილი გააჟღერა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში საშიში ექსპერიმენტები ტარდება. თეიმურაზ მაკარიძე თავისი პრორუსული განწყობებით არის ცნობილი. მაგალითად, 2022 წლის 9 აპრილს, მაკარიძე თავის პარტიასთან, საქართველოს კომუნისტურ პარტიასთან და სხვა პარტიებთან ერთად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნისტური სიმბოლიკის ამკრძალავი კანონმდებლობის მოქმედების შეჩერებას ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ მაკარიძე და მისი ორგანიზაცია ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

ხოლო სიუჟეტში წარმოდგენილმა მესამე ადამიანმა, ვიქტორ კუსიანმა, „ევრო-აზიური ალიანსის“ დირექტორმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოსა და სხვა ქვეყნების გამოყენებით რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური ომის წამოწყებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ კუსიანის ევრო-აზიური ალიანსი ერთ-ერთი იყო იმ პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების Sputnik V-ის შემოტანას სთხოვდა.

ამდენად, რუსეთის პირველ არხზე გასულ სიუჟეტში კრემლის კარგად ნაცნობ გზავნილებს უკვე ქართველი მოქალაქეები აჟღერებენ და ამ ფაქტით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ კრემლის მიერ წლების განმავლობაში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიების შესახებ, სიმართლეა, რასაც უკვე, ამ შემთხვევაში, საქართველოშიც აღიარებენ.

ლაბორატორიების რეალური საქმიანობა საქართველოსა და უკრაინაში

სინამდვილეში, საქართველოსა და უკრაინაში არსებული ლაბორატორიები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელებაა თუ ბიოტერორიზმის შედეგი.

როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ბიოლოგიური ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმება კი, თავის მხრივ, ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების (NPT) ფარგლებში დაიდო.

როგორც საქართველო, ასევე უკრაინა პირნათლად ასრულებენ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის - ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთადერთ ინსტრუმენტად.

კრემლის მიერ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის საპასუხოდ, 2018 წელს, თბილისის თხოვნით, საქართველოს ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელშიც 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დამკვირვებელი შედიოდა. თბილისმა რუსი ექსპერტებიც მოიწვია, თუმცა მოსკოვმა შემოთავაზება „კატეგორიულად უარყო“, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით. ვიზიტი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენას მიეძღვნა. მისიის ანგარიშის თანახმად, ექსპერტებმა ცენტრის ყველა ობიექტი მოინახულეს და აღნიშნეს, რომ „ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან“. ამასთან, „ყველა დათვალიერებული აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა იმ პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან კვლევით და დიაგნოსტიკურ მიზნებს, რაც ცენტრს აქვს გაცხადებული“,- ვკითხულობთ ანგარიშში.იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი