2022 წლის 11 ივნისს, გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“ წამყვანებმა გიორგი ქარდავამ და ირაკლი მარტინენკომ დასავლური ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებაზე ისაუბრეს. მათ განაცხადეს, რომ ლენდ-ლიზი ეფექტური არ გამოდგა და დასავლეთი უკრაინას ომში გარდატეხის შემტანი რაოდენობის იარაღს ვერ აწვდის. ქარდავას მტკიცებით, დასავლური დანადგარები საკმაოდ ძვირია - ერთი ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ის ფასი დაახლოებით 100 მილიონ დოლარს შეადგენს და შესაბამისად, უკრაინისთვის გადაცემული ასეთ ოთხ დანადგარზე ვაშინგტონმა თითქმის ნახევარი მილიარდი დახარჯა. უკვე გადაცემული დანადგარების მნიშვნელობის შესამცირებლად კი ქარდავამ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებაში არსებული საბჭოთა არტილერია კიევისთვის გადაცემული ამერიკული და ევროპული არტილერიისგან არსებითად არ განსხვავდება.

გიორგი ქარდავას მტკიცება დეზინფორმაციულია. 2014 წლის ანგარიშის თანახმად, ზალპური ცეცხლის ამერიკული რეაქტიული სისტემის, HIMARS-ის ფასი არა 100, არამედ 3.48 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო თითო M31 GMLRS Unitary რაკეტა 110 000 დოლარი ღირს.

რაც შეეხება მიწოდებული შეიარაღების რაოდენობას, კიევი დასავლეთიდან ნამდვილად იმაზე მეტ იარაღს ითხოვს, ვიდრე ჯერჯერობით აქვს მიღებული. 13 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინას ომის დასამთავრებლად 1000 155 მილიმეტრიანი კალიბრის ჰაუბიცა, 300 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 500 ტანკი, 2000 ჯავშანტექნიკა და 100 დრონი სჭირდება. 28 ივნისს კი პრეზიდენტმა ზელენსკიმ NATO-ს მადრიდის სამიტზე ალიანსის ლიდერებს მეტი არტილერიის გაგზავნა სთხოვა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთი უკრაინის დასახმარებლად ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა. ჯერ კიდევ პირველ ივნისს გახდა ცნობილი, რომ ვაშინგტონი კიევისთვის 700 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოყოფდა, რომელიც HIMARS-ებსაც მოიცავდა. 14-16 ივნისს გამართულ ეროვნული უსაფრთხოების კონფერენციაზე პენტაგონის წარმომადგენელმა კოლინ კალმა განაცხადა, რომ კიევისთვის რამდენიმე HIMARS-ის გადაცემა მხოლოდ დასაწყისია და „აშშ მზადაა უკრაინა ყველაფრით უზრუნველყოს და წარმატების მიღწევაში დაეხმაროს“. 23 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ უკრაინამ შეერთებული შტატებისგან HIMARS-ები მიიღო. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ კი განაცხადა, რომ აღნიშნული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები საბრძოლო მოქმედებებში უკვე გამოიყენება.

უკრაინა უახლოეს მომავალში დასავლური ქვეყნებისგან კიდევ უფრო მეტ დახმარებას მიიღებს. 27 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წვრთნების მეორე რაუნდის ფარგლებში შეერთებული შტატები HIMARS-ის გამოყენებას დაახლოებით 50 უკრაინელ სამხედროს შეასწავლის. ასევე, 28 ივნისს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ, განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას „მნიშვნელოვანი რაოდენობის“ VAB-ის ტიპის ჯავშანტრასპორტიორებს გადასცემს და ქვეყანა კიევისთვის ფრანგული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების Exocet-ის მიწოდებასაც განიხილავს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა კი აღნიშნა, რომ გერმანია ნიდერლანდებთან ერთად, კიევს დამატებით კიდევ ექვს PzH 2000-ის ტიპის ჰაუბიცას გადასცემს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკრაინისთვის მიცემული საარტილერიო დანადგარების შესაძლებლობები, როგორც მოქმედების მანძილით, ისე სიზუსტით, უკრაინის შეიარაღებაში უკვე არსებული არტილერიის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღმატება. უკრაინის შეიარაღებული ძალები ძირითადად საბჭოთა წარმოების საკმაოდ მოძველებულ 152 კალიბრიან საარტილერიო დანადგარებს, მაგალითად 2ს3 აკაციას და 2ს1 გვოზდიკას, იყენებს, რაც თანამედროვე დასავლურ ანალოგებს საკმაოდ ჩამორჩება. მაგალითისთვის 2ს3 აკაციის საცეცხლე მანძილი დაახლოებით 17 კილომეტრია და წუთში სამი ჭურვის გასროლა შეუძლია მაშინ, როცა ფრანგული წარმოების CAESAR-ი წუთში ექვს ჭურვს დაახლოებით 40 კილომეტრზე ისვრის.

საგულისხმოა, რომ უკრაინულ არმიაში 152-კალიბრიანი ჭურვების დეფიციტი შეინიშნება. დასავლეთის მიერ გადაცემული დანადგარები კი NATO-სთვის სტანდარტულ 155- კალიბრიან ჭურვებს იყენებს. უკრაინელი სამხედრო ხელმძღვანელობა 152-კალიბრიანი ჭურვების ნაკლებობის აღმოფხვრის რეალურ გზად სწორედ დასავლეთიდან არტილერიის დიდი ოდენობით მიღებას მიიჩნევს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 155-მილიმეტრიანი არტილერიის მეშვეობით დასავლური წარმოების მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვების გასროლაა შესაძლებელი. მაგალითად, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემულ M777 ჰაუბიცას „ექსკალიბურის“ ჭურვების გამოყენება შეუძლია. „ექსკალიბური“ მაღალი სიზუსტის მართვადი ჭურვია, რომლის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 40 კილომეტრია. გასროლის შემდეგ ჭურვი ნავიგაციისთვის GPS-სს იყენებს, რის შედეგადაც მისი სიზუსტე საკმაოდ მაღალია - „ექსკალიბურის“ სამიზნიდან ცდომილების რადიუსი 2 მეტრზე ნაკლებია და, შესაბამისად, ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად ძალიან ეფექტურია. მწარმოებელი კომპანიის Raytheon Technologies-ის მტკიცებით, ანალიზებმა ცხადყო, რომ იმ ამოცანის შესრულებას, რაც ერთ „ექსკალიბურს“ შეუძლია, ათი კონვენციური ჭურვი სჭირდება.

2022 წლის 22 აპრილს კანადის მთავრობამ დააანონსა, რომ უკრაინაში M777 ჰაუბიცებთან ერთად „ექსკალიბურის“ ჭურვებსაც გაგზავნიდა, თუმცა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. 27 აპრილს გამართულ კონფერენციაზე პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ არც დაადასტურა და არც უარყო, რომ აშშ „ექსკალიბურის“ ჭურვებს უკრაინას მიაწვდიდა, თუმცა ფრანგული გამოცემა „Le Monde-ს“ ცნობით, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოები ადასტურებს, რომ ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გაგზავნილი დახმარების პაკეტი GPS-ით მართულ „ექსკალიბურებსაც“ მოიცავდა.

საგულისხმოა ისიც, რომ პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთს მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვების დეფიციტი აქვს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მხარეებს შორის ამ ტიპის შეიარაღების დისბალანსი, დონბასში გამართულ ბრძოლებში უკრაინას დიდ უპირატესობას მიანიჭებს.

-----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი