რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ „ამერიკელი ექსპერტი“ ჯონ მარკ დუგანი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. რუსული პროპაგანდისტული მედია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას დუგანის მსგავს „დასავლელ ჟურნალისტებსა და ექსპერტებს“ კრემლის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის აგენტებად ხშირად იყენებს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4) და დასავლელ ჟურნალისტად ხსენებული პირების ინტერვიუებზე, სიუჟეტებზე და დაუდასტურებელ ფაქტებზე დაყრდნობით, დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს.

„ფაქტ-მეტრმა” „დასავლელი ჟურნალისტებისა და ექსპერტების“ მონაწილეობით გადაღებული რამდენიმე რუსული არხის სიუჟეტი შეისწავლა, რის საფუძველზეც აღმოჩნდა, რომ, პირები, რომლებსაც რეპორტაჟში ვხვდებით, რუსული პროპაგანდის თანაავტორები თავადვე არიან (იხილეთ „ფაქტ-მეტრის” სტატიები: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

„ფაქტ-მეტრმა“ ჯონ მარკ დუგანის მტკიცებები და მისი ვინაობა გადაამოწმა.

მტკიცება 1: უკრაინელი ჯარისკაცები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

გამოქვეყნებულ ვიდეოში მარკ დუგანი ამტკიცებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ. სინამდვილეში, დუგანის ეს განცხადება კრემლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივია და სიმართლეს არ შეესაბამება (ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში)

ბოლო დროს ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, დასტურდება, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ სწორედ რუსი სამხედროები იყენებენ ცოცხალი ფარის ტექნიკას. BBC-ის ჟურნალისტებმა რუსი ჯარების მიერ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ცოცხალ ფარად გამოყენების მტკიცებულებებს მიაკვლიეს.

კიევის ჩრდილოეთით, ობუხოვიჩის სოფლის მცხოვრებლები ინტერვიუებში ჰყვებოდნენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა იარაღის მუქარით სარდაფებიდან 150 პირი - მოხუცებისა და ბავშვების ჩათვლით, ადგილობრივ სკოლაში გადაიყვანეს და ცოცხალ ფარად გამოიყენეს, რათა უკრაინელების საპასუხო თავდასხმა თავიდან აერიდებინათ. ოჯახებმა აღწერეს, თუ როგორ დადიოდნენ რუსები კარდაკარ და მათ სახლების დატოვებას აიძულებდნენ.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ლუდმილა სუბკოვამ გაიხსენა, როგორ აიძულეს რუსებმა სამალავად ქცეული სარდაფის დატოვება - „მათ წაგვიყვანეს სარდაფებიდან, რომლებშიც ვიმალებოდით. გვაიძულეს სამალავი დაგვეტოვებინა იარაღის მუქარით. მოხუცი ქალები, ბავშვები, ეს იყო საშინელება. ვინც კარებს არ აღებდა და მაშინ მათ აიძულებდნენ, რომ გაეღოთ….როდესაც აფეთქებები დაიწყო, ჩვენ ვფიქრობდით, თუ ჭერი ჩამოიქცევა, მაშინ აქაურობა [სკოლის შენობა] მასობრივი საფლავი გახდება“.

ჟურნალისტის თქმით, ბევრ ადგილას, რომელიც მოწყვეტილი იყო სხვა ტერიტორიებს, რუსი ჯარისკაცების ჩადენილი არაერთი დანაშაული იხილეს, მათ შორის - დახვრეტილი მღვდელი, კვირების განმავლობაში დაბმული და თვალაკრული მამაკაცების ღია ცის ქვეშ გაჩერება „სიკვდილის დასჯის“ პროცესის სახით და სხვ. რუსი ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ტყვედ აყვანისა და დახვრეტის შესახებ ცნობები ადგილობრივებმა BBC-ის ჟურნალისტებს, ქალაქ ივანკოვიდანაც მიაწოდეს.

ამდენად, მტკიცება იმის შესახებ, რომ უკრაინელი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ან სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურს არ დაუდასტურებია, ხოლო ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორებიცაა: UN Human Rights Monitoring Mission in Ukraine, Bellingcat, Amnesty International, Human Rights Watch, საუბრობენ რუსეთის მხრიდან ომის დანაშაულის ფაქტებზე. ამასთან, რუსული არმიის სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რაც ომის კანონებს ეწინააღმდეგება.

მტკიცება 2: უკრაინელები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, დუგანისა და სხვა „დასავლელი ჟურნალისტების“ გარდა, უკრაინაში სამოქალაქო პირებზე თავდასხმის ფაქტებს რუსეთის ოფიციალური პირებიც უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ მათი მხრიდან თავდასხმა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე ხორციელდება. მაგალითად, ისეთ მასშტაბურ თავდასხმებს, როგორებიც იყო: მარიუპოლის სამშობიაროზე, თეატრზე, კრამატორსკში რკინიგზაზე შეტევა, რუსულმა მხარემ დადგმული ან თავად უკრაინელების მიერ განხორციელებული უწოდა. ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობებს რუსეთმა ასევე უკრაინის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია და დადგმული სცენა უწოდა.

სინამდვილეში, საერთაშორისო საზოგადოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საგამოძიებო ჟურნალისტების ინფორმაციითა და სხვა მტკიცებულებებით, დგინდება, რომ რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს, მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმის და შესაბამისად, მისი ქმედებები შესაძლო ომის დანაშაულებს წარმოადგენს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიერ შესაძლო ომის დანაშაულებზე გამოძიების დაწყების მიზნით 39-მა ქვეყანამ მიმართა. აღნიშნულ მიმართვასთან დაკავშირებით, 2022 წლის 2 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, Karim Khan-ის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: „შემთხვევების წინასწარი შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, სასამართლოს აქვს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულები იქნა ჩადენილი“. ომის პარალელურად, უკრაინაში ექსპერტები ომის დანაშაულების ჩადენის მტკიცებულებებს აგროვებენ.

24 მარტს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ რეზოლუცია გამოაქვეყნა, სადაც გაერომ დაგმო „რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, საჰაერო შეტაკებები, დაბომბვა და ბლოკადა, თავდასხმები მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით, მარიუპოლში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ჯანდაცვის ობიექტებზე, მშვიდობიან მოსახლეობასა და ჟურნალისტებზე“.

ამავდროულად, რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა დაარღვიეს ომის კანონები ჩერნიგოვში, ხარკოვსა და კიევში. ეს გულისხმობს გაუპატიურებას, ძალადობას და მუქარას მშვიდობიან მოსახლეობის მიმართ, რის გამოც ისინი პასუხისმგებელი არიან ომის დანაშაულებზე.

ამასთან, ეუთოს 12 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გამოძიება უნდა დაიწყოს ომის დანაშაულებზე, რადგან რუსეთმა უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრისას ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები დაარღვია.

აღნიშნულ განცხადებებთან ერთად, არაერთი ღია წყარო და საერთაშორისო ორგანიზაცია მათ შორის UN Human Rights Monitoring Mission in Ukraine, Bellingcat, Amnesty International, Human Rights Watch, OSCE მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალებისა და მოწმეთა დაკითხვის საფუძველზე ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები თავს ესხმიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, ამასთან, იყენებენ მეთოდებს, რომლებიც ომის კანონებს არღვევს.

ჯონ მარკ დუგანის შესახებ

ერთ-ერთი „დასავლელი ექსპერტი”, ჯონ მარკ დუგანი, რომელიც 18-21 მაისს რუსეთის მიერ ორგანიზებულ „პრეს-ტურზე” უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზემოთ აღნიშნულ „დასავლელ ჟურნალისტებთან” ერთად იმყოფებოდა, კრემლთანაა დაკავშირებული და რუსულ დეზინფორმაციას აქამდეც ავრცელებდა. Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოში მარკ დუგანი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ არაერთ ყალბ მტკიცებას ავრცელებს.

ამერიკული წარმოშობის ყოფილი პოლიციელი და საზღვაო ოფიცერი ჯონ მარკ დუგანი, რომელიც ფლორიდაში უკანონო მოსმენასა და გამოძალვაში იყო ბრალდებული, 2016 წლიდან მოსკოვს აფარებს თავს, სადაც რუსეთის მთავრობამ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი მიანიჭა.

დუგანი, რომელიც სხვა ფსევდო ჟურნალისტებთან ერთად მარიუპოლში ე.წ პრეს-ტურზე იმყოფებოდა, tvzvezda-ს რეპორტაჟში გამოჩნდა, სადაც, ამერიკელების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა: „ეს ჰგავს იარაღის მიწოდებას ისეთი ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, როგორიც ISIS-ია. ეს წარმოუდგენელია, რადგან დონეცკი მშვენიერი ქალაქია და დარწმუნებული ვარ, მარიუპოლიც მშვენიერი ქალაქი იყო. იმის დანახვა, რომ ამერიკული იარაღი მის განადგურებაში მონაწილეობდა.. გულწრფელად, როგორც ამერიკელი, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ჩვენი მთავრობა ამაში მონაწილეობს“.

სინამდვილეში, მარიუპოლი რუსებმა და არა უკრაინელებმა გაანადგურეს, ხოლო მარკ დუგანის მტკიცება უკვე კარგად გაცვეთილ რუსულ დეზინფორმაციას წარმოადგენს, რომელსაც რუსული პროპაგანდის თანაავტორები, მათ შორის, დუგანის მსგავსი „დასავლელი ექსპერტები და ჟურნალისტები“, ომის დაწყების დღიდან აქტიურად იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დუგანი რუსი ოპოზიციონერების დისკრედიტაციას ცდილობდა და ყალბ ამბებს ავრცელებდა მის მიერ შექმნილ ვებგვერდებზე, DCWeekly.com-სა და DCPost.org-ზე.

როგორც Guardian-ი წერს, დუგანი ყალბ ინფორმაციას უკრაინაში „აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ლაბორატორიებსა“ და კორონავირუსზეც ავრცელებდა.

Thetimes-ი ასევე აღნიშნავს, რომ 2016 წელს, ბოროდინთან შეხვედრიდან სამი წლის შემდეგ, დუგანმა შექმნა ვებსაიტი, სადაც თავს რუს ჰაკერს, სახელად „BadVolf“-ს უწოდებდა. დუგანმა აშშ-ის საჯარო მოხელეების კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის დემოკრატიული პარტიის იმეილები, გაასაჯაროვა, რაშიც, სავარაუდოდ, რუსი აგენტები მონაწილეობდნენ.

ამავე წყაროს თანახმად, დუგანი ჩართული იყო დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის, პრინც ენდრიუსთან (იორკის ჰერცოგი) დაკავშირებული სექს-სკანდალის საქმეში. იორკის ჰერცოგს ბრალი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაში ედებოდა, თუმცა სასამართლომ ის დამნაშავედ არ ცნო. აღნიშნულ სკანდალში დუგანის ჩართულობამ, ბრიტანეთის დაზვერვას ეჭვი გაუჩინა, რომ ის რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობდა და მას კომპრომატებს აწოდებდა.

ამასთან, დუგანს ახლო კავშირები ჰქონდა პაველ ბოროდინთან, რომელიც რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსანია და ზოგჯერ პუტინის “მენტორადაც” კი მოიხსენიებენ.

ამდენად, ჯონ მარკ დუგანის მტკიცება, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ, ყალბია, ხოლო კიდევ ერთ მტკიცებას, რომ უკრაინელი ჯარისკაცები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან, არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. ამასთან, დუგანი, როგორც „დასავლელი ექსპერტი“, რომელსაც რუსული მედია ლეგიტიმაციის წყაროდ იყენებს, თავად არის კრემლის პროპაგანდის თანაავტორი. მისი წარსული საქმიანობა და არსებული კავშირები კრემლთან ადასტურებს, რომ მას დასავლურ ღირებულებებთან, სანდოობასა და მიუკერძოებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი