იტვირთება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობა შეისწავლა. ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზზეა საუბარი, მათ შორის, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის ოქტომბერში აუდიტის ჯგუფმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, 2019-2020 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად მიღებული ობიექტები დაათვალიერა. აღმოჩნდა, რომ 503 800 ლარის ღირებულების ობიექტებს სხვადასხვა სახის ხარვეზი აქვს. თუმცა მუნიციპალიტეტი პროექტებს საექსპერტო ორგანიზაციების დადებითი დასკვნების საფუძველზე იბარებდა. სამუშაოების კონტროლის პროცესში ჩართული იყო აგრეთვე მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური. მიუხედავად ამისა, ობიექტები დაზიანებულია და დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს. აუდიტორების ჯგუფის დასკვნით, ობიექტების ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად იმის შედეგია, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას ირღვეოდა მოქმედი სამშენებლო წესები და ნორმები, რომელთა გამოვლენაც საზედამხედველო და საექსპერტო დაწესებულებების ვალდებულება იყო.

დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს აღნიშნული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია. აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისათვის, ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობასთან მიმართებით, საგარანტიო ვადა მოქმედებდა, რომლის ფარგლებშიც ნაკლოვანებები უნდა გამოსწორებულიყო. მერიამ, ობიექტებზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, მიმწოდებლებს აუდიტის ჯგუფის მიერ ხარვეზების გამოვლენის შემდეგ მიმართა.

მუნიციპალიტეტში განხორციელებული 50 000 ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურებისთვის, 2019-2020 წლებში, საზედამხედველო კომპანია შპს „ოპტიმალ გრუპ +“-თან გაფორმდა 2 117 462 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები (NAT170007695, NAT190021952), რომლებშიც არაერთი ცვლილება შევიდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ცვლილებების მიუხედავად, კომპანიამ ვალდებულებები არაჯეროვნად განახორციელა. კერძოდ: 2019 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (საიმერლო, კიროვკა და კასუმლო) სარწყავი არხების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტმა „ნიუ ჯეორჯიასთან“ 76 766 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებაში მითითებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მთლიანი სამუშაოების 31% მარტში უნდა შესრულებულიყო , ხოლო 85%-ზე მეტი - აპრილში. გამოქვეყნებული ანგარიშებიდან ირკვევა, რომ მარტში შესრულებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 4%, აპრილში კი - 10%. ასეთი აცდენის მიუხედავად, საზედამხედველო კომპანიის მიერ წარდგენილ ანგარიშებში გეგმა-გრაფიკის დარღვევის ფაქტი არ ფიქსირდება. პირიქით, ზედამხედველი მიუთითებს, რომ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით სრულდება.

ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს სოფელ თამარისში - ძიუდოს დარბაზის მშენებლობის, 2019 წელს კი სოფელ მარეთში ბიოგამწმენდი ნაგებობის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციები შეისყიდა (NAT170011833, NAT180012536). სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესში გამოვლინდა, რომ შემსრულებელი ზედამხედველი ორგანიზაციის მხრიდან პროექტების ინსპექტირება არაჯეროვნად განხორციელდა. კერძოდ: ძიუდოს დარბაზის მშენებლობის ქვაბულის გეგმა (სიღრმე, ნიშნულები) პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას არ შეესაბამებოდა; ბიოგამწმენდი ნაგებობის მშენებლობა პროექტით გათვალისწინებული იყო დაჭაობებულ ადგილზე და საჭირო გახდა ახალი ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ამასთანავე, პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა მილის მოწყობა დაიგეგმა ტერიტორიაზე, რომელიც კერძო საკუთრებაა.

დოკუმენტების შესწავლით გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტმა ხუთ შემთხვევაში გამოავლინა შემსრულებელი საზედამხედველო კომპანიის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება. მათ შორის:

მერიის მიერ ქ. მარნეულში მონუმენტური ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 994 844 ლარის ღირებულების სამუშაოები უხარისხოდ და პროექტის შეუსაბამოდ განხორციელდა (NAT180016623). აღნიშნულ სამუშაოებზე შპს „ოპტიმალ გრუპ +-ს“ გაცემული ჰქონდა დადებითი დასკვნა, მას ხარვეზების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის არ უცნობებია და არც მშენებლისათვის არ მოუთხოვია ხარვეზის აღმოფხვრა; შპს „ოპტიმალ გრუპ +-ის“ დადებითი დასკვნის საფუძველზე, ოთხი სხვადასხვა შესყიდვის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა საპროექტო დოკუმენტაცია. სამუშაოების უშუალოდ განხორციელების პროცესში გამოვლინდა, რომ ინსპექტირებები არაჯეროვნად განხორციელდა, საჭირო გახდა ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანა, რადგან ის საპროექტო დოკუმენტაციაში ასახულ სამუშაოებს არ შეესაბამებოდა.

ანგარიშის თანახმად, ტექნიკური ზედამხედველის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა. ზედამხედველმა დაკისრებული მოვალეობები არაჯეროვნად განახორციელა. მუნიციპალიტეტს სათანადო სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, თუმცა ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები მიმწოდებლის დაჯარიმების, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნისა და მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, არ გამოიყენა.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4150 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი