2022 წლის 12 ივნისს Facebook-მომხმარებელმა - ფანტინა ფანტინა - ჯასტინ ბიბერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მანიპულაციური პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის პირველ ნაწილში ბიბერის დიაგნოზზე, რამსეი-ჰანტის სინდრომზეა საუბარი, რამაც მომღერლის სახის ნაწილის პარალიზება გამოიწვია. მეორე ნაწილში კი, ნათქვამია, რომ „ე.წ. კოვიდვაქცინების“ შემდეგ გართულებათა შორის სხეულის სხვადასხვა ნაწილის სრული ან ნაწილობრივი პარალიზებაა დაფიქსირებული, მათ შორის, ბელის დამბლა და რამსეი-ჰანტის სინდრომი.

Facebook-მომხმარებლის მიერ ინფორმაციის ამგვარად გავრცელება მანიპულაციაა. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ჯასტინ ბიბერის რამსეი-ჰანტის სინდრომს COVID-19-ის ვაქცინასთან რაიმე კავშირი აქვს.

სოციალურ ქსელში აღნიშნული დეზინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც 10 ივნისს, ჯასტინ ბიბერმა საკუთარ Instagram-გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ღიად საუბრობდა იმაზე, თუ რამ გამოიწვია მისი სახის ნახევრად პარალიზება. როგორც ბიბერმა აღნიშნა, მისი დიაგნოზი რამსეი-ჰანტის სინდრომია. აღნიშნულ სინდრომს იგივე ვირუსი იწვევს, რაც ჩუტყვავილასა და ჰერპეს ზოსტერს. არც ვიდეოში და არც რომელიმე სხვა წყაროში ბიბერს COVID-19-ის ვაქცინა არ უხსენებია. მეტიც, საჯაროდ საერთოდ არაა ცნობილი მსახიობმა ვაქცინა გაიკეთა, თუ - არა.

რაც შეეხება COVID-19-ის ვაქცინის კავშირს რამსეი-ჰანტისა და ბელის დამბლასთან, სპეციალისტებმა აღნიშნული დაავადებების რამდენიმე შემთხვევა ვაქცინის მიღების შემდეგ ნამდვილად აღწერეს, თუმცა მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არაა. აღნიშნული დაავადებების სიხშირე, რაც ვაქცინირებულ მოსახლეობაში დაფიქსირდა, წლიურად მოსალოდნელი შემთხვევების ნორმაში ზის.

როგორც „ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის კვლევის კლინიკის“ დირექტორმა, ანა ვალდმა, Politifact-თან განაცხადა, „ჰერპეს ზოსტერი, რომლის ერთ-ერთი ტიპი რამსეი-ჰანტის სინდრომია, COVID-ვაქცინების მიღების შემდეგ დაფიქსირდა, თუმცა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, რომ COVID-ვაქცინა სინდრომის განვითარების რისკს ზრდის. მაგრამ დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ სინდრომის განვითარების რისკი ნამდვილად იზრდება“.

„ჯონ-ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის“ უფროსი მკვლევარი - ამეშ ადალჯა, აცხადებს, რომ სინდრომი ვაქცინაციის შემდეგ დაფიქსირებულა, თუმცა დაფიქსირდა, როგორც COVID-19-ის საწინააღმდეგო, ისე გრიპის, ცოფის, ჰეპატიტ A-სა და იაპონური ენცეფალიტის ვაქცინის მიღების შემდეგ: „რთულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, რადგან ჰერპეს ზოსტერი ძალიან გავრცელებული ინფექციაა და არის რაღაც საბაზისო მაჩვენებელი, რაც ადამიანებში უბრალოდ ვლინდება, განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად“.

„ვანდერბილტის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ინფექციურ დაავადებათა განყოფილების“ პროფესორი, უილიამ შაფნერი ამბობს, რომ კავშირი ვაქცინასა და სინდრომს შორის შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდო: „არ არსებობს მონაცემები აცრილთა მონიტორინგის სისტემებიდან, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინა ჰერპეს ზოსტერის პროვოცირებას იწვევს“.

„აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის“ სპიკერის, კურის გრილის, განცხადებით, სააგენტოს „იმუნიზაციის შემდეგ არ აღმოუჩენია რამსეი-ჰანტის სინდრომის უჩვეულო ან მოულოდნელი ნიმუშები, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ COVID-19 ვაქცინები იწვევენ ან ხელს უწყობენ ამ მდგომარეობას“.

ამრიგად, ჯასტის ბიბერის დიაგნოზის, რამსეი-ჰანტის სინდრომის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირება მანიპულაციაა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ვაქცინები აღნიშნული სინდრომის პროვოცირებას ახდენენ. ამასთან, საჯარო არაა ინფორმაცია, ჯასტინ ბიბერმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა, თუ - არა.

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი