ირაკლი კობახიძე: გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალი არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე დოდონის მიმართ წაყენებული

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდებებიდან, ყველაზე მძიმე სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) იყო, რაც მაქსიმალურ სასჯელად 12 წელს ითვალისწინებს. თუმცა, სასამართლომ ამ ნაწილში ბრალდებული გაამართლა.

ერთადერთი, რომლითაც მოსამართლემ გვარამია დამნაშავედ ცნო 220-ე მუხლია, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. სასჯელის მაქსიმალური ვადა 5 წელს ითვალისწინებს.

რაც შეეხება მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტს, იგორ დოდონს, მის წინააღმდეგ არაერთი საქმეა აღძრული, მათ შორის, ისეთ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, როგორიცაა სახელმწიფო ღალატი და პასიური კორუფცია.

მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პასიური კორუფცია (ჩადენილი მაღალი თანამდებობის პირის მიერ) 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (შესაბამის ჯარიმასთან და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვასთან ერთად). სახელმწიფო ღალატი კი, ამავე კოდექსისი მიხედვით, 12-დან 20 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ანალიზი

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალი არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე - მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდნის მიმართ წაყენებული.

„გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალი არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე დოდნის მიმართ წაყენებული. იქაც კორუფციას ეხება საქმე და აქაც კორუფციას ეხება საქმე. რაც შეეხება 2004 -2012 წლების პერიოდს, გვარამიას რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი იმ პერიოდში, დოდონს არც დაესიზმრება იმის მეათედიც კი. ეს არის რეალობა“ - განაცხადა მან.

ფაქტ-მეტრმა ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.

გამოძიება დოდონის წინააღმდეგ

24 მაისს მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი 72 საათით დააკავეს. დაკავებას წინ მისი სახლის ჩხრეკა უძღვოდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმეა აღძრული, მათ შორის, კორუფცია და სახელმწიფო ღალატი. უფრო კონკრეტულად, საქმეები ეხება სახელმწიფო ღალატს, პასიურ კორუფციას, უკანონო გამდიდრებასა და „პარტიის უკანონო დაფინანსებას“.

დოდონის წინააღმდეგ გამოძიება 2020 წელს გამოქვეყნებული კადრების გამო დაიწყო. ვიდეოში მოლდოვის „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი დოდონს, რომელიც იმ პერიოდში პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, სავარაუდოდ, ფულით სავსე პაკეტს აწვდის.

იგორ დოდონი, რომელიც ამჟამად პრო-კრემლისტური ოპოზიციური პარტიის ლიდერია, ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2016-2020 წლებში იკავებდა.

ნიკა გვარამიას საქმეები

მიმდინარე წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

მოსამართლემ გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ანუ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდებები ეხება იმ პერიოდს (2014-2019 წლები), როდესაც ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი იყო.

კერძოდ, მას პროკურატურამ 2019 წელს ბრალი წაუყენა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

მოკლედ - წარდგენილი ბრალდებების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ მიხედვით:

მითვისება ან გაფლანგვა (სსკ-ის 182-ე მუხლი)

ბრალდების მხარის მტკიცებით, ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორობისას დაარღვია სამსახურებრივი ვალდებულება, არ იმოქმედა კეთილსინდისიერად და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.

2015 წლის 16 იანვარს შპს „ინტერ მედია პლიუსსა“ და „რუსთავი 2-ს“ შორის გენერალური ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მხიედვით, 2015 წლის სექტემბრიდან-დეკემბრამდე პერიოდში „რუსთავი 2-მა“ შპს „ინტერ მედიას“ კომერციული რეკლამის განთავსების უფლება დაუთმო. უფლების დათმობისთვის, „რუსთავი 2-მა“ 2014 წელს ანალოგიური მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასზე ნაკლები ანაზღაურება მოითხოვა. პროკურატურის ვერსიით ზემოხსენებული ხელშეკრულებით, გვარამიამ კომპანიის ფინანსურ დირექტორთან კახაბერ დამენიასთან ერთად გაფლანგა რუსთავი 2-ის ქონება, რის შედეგადაც კომპანიამ 6 763 509 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიიღო.

ასევე, პროკურატურის მტკიცებით, ტელეკომპანიამ განიცადა დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი, სანაცვლოდ კი ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღეს 232 201 ლარის ღირებულების ავტომობილი - ,,Porsche Macan S”.

კომერციული მოსყიდვა, აგრეთვე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება (სსკ-ის 221-ე; 362-ე მუხლები)

ბრალდების თანახმად, „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, 2017 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ სარგებლის სახით უძრავი ქონება (ორი ბინა) მიიღო.

უძრავი ქონების მიღების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 5 და 25 ივლისს გაფორმდა ყალბი (ფიქტიური) სესხის ხელშეკრულებები. აღნიშნულის საფუძველზე კი, ვითომდა სასესხო ვალდებულების დაფარვის სანაცვლოდ, შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორმა ნიკა გვარამიას ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა.

ფულის გათეთრება (სსკ-ის 194-ე მუხლი)

პროკურატურის თანახმად, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ უძრავი ქონება მიიღო, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განიზრახა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, დანაშაულებრივად მიღებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემის, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროსა და საკუთრების შენიღბვის მიზნით ნიკა გვარამიამ 2017 წლის 7 ივლისსა და 26 სექტემბერს უძრავი ქონება 602 521.80 ლარად გაასხვისა, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.

საბოლოოდ ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი „რუსთავი 2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებისა და ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე. ამ ნაწილში სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას, ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში (მითვისება ან გაფლანგვა). კერძოდ, მოსამართლემ აღნიშნული ბრალდებები, სსკ-ის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლით გადააკვალიფიცირა.

ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ განცხადების გაკეთებისას, სასამართლოს ნიკა გვარამიასთვის განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა. თუმცა, მმართველი გუნდის თავმჯდომარე მაინც წაყენებულ ბრალსა და მის სიმძიმეზე საუბრობს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნიკა გვარამიასთვის პროკურატურას არაერთი მუხლით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, თუმცა სასამართლომ ის მხოლოდ სსსკ-ის 220-ე მუხლით ცნო დამნაშავედ (ცალკე საკითხია, რამდენად სამართლიანი იყო მთავარი არხის დირექტორის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, თუნდაც მხოლოდ 220-ე მუხლით). სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადა 5 წელია, რაც გულისხმობს, რომ დანაშაული ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ“ გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სსკ-ს 220-ე მუხლით (რომლის საფუძველზეც გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს) ბოლო 5 წლის (2017-2021) განმავლობაში პატიმრობა არავისთვის მიუსჯიათ.

გვარამიასთვის წარდგენილი სხვა ბრალდებებიდან, ყველაზე „მძიმე“ სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისინებული დანაშაული იყო (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)), რაც მაქსიმალურ სასჯელად 12 წელს ითვალისწინებს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, სასამართლომ ამ ნაწილში ბრალდებული გაამართლა.

რაც შეეხება მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტს, იგორ დოდონს, როგორც აღვნიშნეთ, მის წინააღმდეგ არაერთი საქმეა აღძრული, მათ შორის, ისეთ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, როგორიცაა სახელმწიფო ღალატი და პასიური კორუფცია.

მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პასიური კორუფცია (ჩადენილი მაღალი თანამდებობის პირის მიერ) 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (შესაბამის ჯარიმასთან და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვასთან ერთად). სახელმწიფო ღალატი კი, ამავე კოდექსისი მიხედვით, 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალი იგორ დოდონის მიმართ წაყენებულ ბრალზე ბევრად უფრო მძიმეა, არის ტყუილი.

აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიასთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მედიის მხრიდან, ისე ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისგან. გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენი მათ კრიტიკული მედიის დევნად შეაფასეს.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც ის ნიკა გვარამიას მიერ 2004-2012 წლებში „ჩადენილ დანაშაულებზე“ საუბრობს, მსგავსი საფუძველს მოკლებული მტკიცებები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ნაცნობ პრაქტიკას წარმოადგენს. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების/ოპოზიციის წარმომადგენლების დისკრედიტაციის მიზნით, მმართველ გუნდს აქამდეც არაერთხელ გამოუყენებია დეზინფორმაცია და კონსპირაციის თეორიები, მოგვისმენია არაერთი მძიმე ბრალდება, თუმცა ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა დღემდე არავის დაკისრებია (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია მსგავს საქმეებზე/ბრალდებებზე).

სინამდვილეში, ნიკა გვარამიასთვის სასამართლოს არასდროს გამოუტანია გამამტყუნებელი განაჩენი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ჰყოფნის პერიოდში მომხდარ რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნიკა გვარამიას (რომელიც წინა ხელისუფლების დროს იუსტიციისა და განათლების მინისტრი იყო) პროკურატურამ პირველად 2012 წლის 21 დეკემბერს წაუყენა ბრალი. მას ქრთამის აღებას, ფულის გათეთრებას, ცრუმეწარმეობაში დახმარებასა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ. თუმცა, საბოლოოდ, სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო.

2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს დაკითხვაზე ნიკა გვარამია და „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია. თუმცა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა არც ამ საქმესთან დაკავშირებით დაკისრებია რომელიმე მათგანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის მთლიანი განცხადება არის, ერთი მხრივ, ტყუილი, ხოლო მეორე მხრივ - ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების მიმართ წამოწყებული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი, რომლისთვისაც „ქართული ოცნება“ აქტიურად იყენებს დეზინფორმაციას.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი