ვირუსული ინფექციის „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები არაენდემურ ქვეყნებში იზრდება, რაც გლობალური ჯანდაცვის წარმომადგენლების შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ჩვეულებრივ ვირუსი ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდება. 27 მაისის მონაცემებით, დაახლოებით 20 ქვეყანაში (ძირითადად ევროპაში), სადაც დაავადება არ არის ენდემური, „მაიმუნის ყვავილის“ 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

რა არის მაიმუნის ყვავილი და როგორ ვრცელდება ის?

„მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად მღრღნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ინფიცირებულ პირთან ახლო ფიზიკური კონტაქტით, ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებით ხდება. მისი გავრცელება სქესობრივი გზითაც ხდება.

„მაიმუნის ყვავილი“ პირველად ადამიანში 1970 წელს იქნა დადასტურებული, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ვირუსის ორი ძირითადი შტამია გავრცელებული - დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული.

„მაიმუნის ყვავილის“ ლეტალობის საშუალო მაჩვენებელი 3-6%-ია. დასავლეთ აფრიკული შტამისთვის დამახასიათებელია შედარებით მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობა, ლეტალობის მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ია. ცენტრალური აფრიკის შტამის ლეტალობის მაჩვენებელი 10%-ის ფარგლებშია.

„მაიმუნის ყვავილის“ დამახასიათებელი სიმპტომებია: ცხელება, ძლიერ თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, სისუსტე, ლიმფური კვანძების შეშუპება (ლიმფადენოპათია) და კანზე გამონაყარი. სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში იწყება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, უპირატესად ხელის გულებსა და ფეხის ძირებზე. დამახასიათებელი სიმპტომია გამონაყარის მტკივნეულობა.

რამდენად საშიშია დაავადება?

დაავადება როგორც წესი, მსუბუქად მიმდინარეობს. შემთხვევათა უმეტესობაში სიმპტომები 14-21 დღის მანძილზე თავისით ალაგდება, თუმცა შესაძლოა მიმდინარეობის გამწვავება და სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობა.

ადამიანის ყვავილის საწინააღმდეგო აცრა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსისგანაც ეფექტურად იცავს. თუმცა აღსანიშნავია, რომ 1979-1980 წლის შემდეგ ყვავილზე ვაქცინაცია შეწყდა, რადგან ადამიანის ყვავილი ერთადერთი ინფექციაა, რომელიც მსოფლიოში აღმოფხვრილია. ჯანმოს ცნობით, ამ ეტაპზე მასობრივი ვაქცინაცია აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა ინფიცირებულთა კონტაქტების ვაქცინაცია შესაძლებელია. ამ დროისთვის ყვავილის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა არის ხელმისაწვდომი.

ამასთან, ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მკურნალობა ყვავილის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატებით არის შესაძლებელი.

არსებობს, თუ - არა ახალი პანდემიის საფრთხე?

უკვე გავრცელდა მითები იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ახალი ვირუსი და ახალი პანდემია ემუქრება.

„მაიმუნის ყვავილი“ არაა ახალი ვირუსი, ის აფრიკულ ქვეყნებშია გავრცელებული და მეცნიერებს ვირუსის ბუნება შესწავლილი აქვთ. სპეციალისტების ყურადღება კი ვირუსული ინფექციის არაენდემურ ტერიტორიაზე (ევროპის, ამერიკის, ავსტრალიის კონტინენტზე) გავრცელებამ მიიპყრო.

რეალურად, ამ ეტაპზე „მაიმუნის ყვავილის“ პანდემიის საფრთხე არ არსებობს. რადგან, კორონავირუსთან, ასევე სხვა ვირუსებთან [როგორიცაა წითელა, ადამიანის ყვავილი] შედარებით, მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსის გადაცემა გაცილებით ნელა ხდება. ამასთან, დაავადების სამკურნალო მედიკამენტებიც და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც უკვე არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, დროული და სწრაფი ქმედების შემთხვევაში, არაენდემურ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების შეკავება სავსებით შესაძლებელია.

ამ დრომდე საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს. რაც შეეხება, პრევენციულ ზომებს, ქვეყანაში გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ზედამხედველობა იზრდება.


მსგავსი სიახლეები

5403 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი