შალვა შავგულიძე: ცვლილებების მიღების შემდეგ, აქციის მონაწილეთა მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება, უსასრულოდ გახანგრძლივდეს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა შავგულიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: მიმდინარე წლის 26 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. ინიციირებულ ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

კანონპროექტის თანახმად, იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები და იმ დანაშაულთა წრე, რომელზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაა შესაძლებელი; 100 დანაშაულზე ფარული მოსმენების განხორციელება შესაძლებელი იქნება უვადოდ. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესიც ისე, რომ მიყურადების სუბიექტს შეიძლება, არც შეატყობინონ, რომ მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება ხორციელდებოდა.

საყურადღებოა, რომ კანონპროექტი უვადო ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას ისეთი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე იძლევა, რომლებითაც, როგორც წესი, საპროტესტო აქციების მონაწილეების/აქტივისტების წინააღმდეგ იწყება ხოლმე, ან შესაძლოა, დაიწყოს. ასეთებია, მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 226-ე, ასევე, 315-ე და 317-ე მუხლები.

საერთო ჯამში, ინიციირებული ცვლილებები, რომლის აუცილებლობა ავტორების მხრიდან სათანადოდ არცაა დასაბუთებული, ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს აუარესებს.

ანალიზი

28 აპრილს პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე ისაუბრა. მისი განმარტებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებები შესაძლებლობას იძლევა პირად ცხოვრებაში ჩარევა სრულიად გაუმართლებლად, არაბალანსირებული ინტენსივობით მოხდეს. დეპუტატის თქმით, პარლამენტის მიერ ცვლილებების მიღების შემდეგ, გამოძიების ფარგლებში აქციის მონაწილეთა მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება, უსასრულოდ გახანგრძლივდეს.

„ფაქტ-მეტრმა“ დეპუტატის განცხადება გადაამოწმა.

ცვლილებებს, რომლებზეც შალვა შავგულიძე თავის განცხადებაში საუბრობს, პარლამენტმა პირველი მოსმენით 26 აპრილს დაუჭირა მხარი. ცვლილებების თანახმად, იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები და იმ დანაშაულთა წრე, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაა შესაძლებელი; 100 დანაშაულზე ფარული მოსმენების განხორციელება შესაძლებელი იქნება უვადოდ. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესიც ისე, რომ მიყურადების სუბიექტს შეიძლება, არც შეატყობინონ, რომ მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება ხორციელდებოდა.

ცვლილებები საგამოძიებო მოქმედებების ვადებთან დაკავშირებით

მოქმედი კანონმდებლობით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა შესაძლებელია, ორჯერ გახანგრძლივდეს. აღნიშნული ვადა ჯამში 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მაქსიმალური ვადა ხანგრძლივდება. კერძოდ, მოქმედებების ჩატარება შესაძლებელი იქნება სამ ეტაპად (თითოეულ ეტაპზე - არაუმეტეს 3 თვისა) - საერთო ჯამში, არაუმეტეს 9 თვისა.

გარდა ამისა, მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა განუსაზღვრელი ვადითაც კი გაგრძელდეს. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შესაძლოა იმდენჯერ გაგრძელდეს, რამდენჯერაც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს, თუ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ კონკრეტული 100 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის საქმეზე მიმდინარეობს, რომელსაც შემოთავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებს.

შეტყობინების წესის ცვლილება

მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირს, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ უნდა ეცნობოს. გადაწყვეტილებას, როდის მიიღებს საგამოძიებო მოქმედებების შესახებ შეტყობინებას პირი, პროკურორი იღებს. თუ პროკურორი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან 12 თვის ვადაში არ აცნობებს პირს, ვადის გადასაწევად ნებართვის მისაღებად მან სასამართლოს უნდა მიმართოს. გადავადება შესაძლებელია არაუმეტეს 12 თვისა. შესაბამისად, საერთო ჯამში, პირს - მის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, 2 წელში მაინც უნდა ეცნობოს.

შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, დანაშაულების მიმართ შეტყობინების ვადა შესაძლოა იმდენჯერ გადავადდეს, რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება იმისთვის, რათა სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებას, საფრთხე არ შეექმნას. კერძოდ, კანონპროექტით ასეთი 100 დანაშაულია გათვალისწინებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარკვეული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, პირმა შეიძლება ვერასდროს გაიგოს, რომ მის წინააღმდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა.

დამატებით 27 დანაშაული, რომელზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება შესაძლებელი

დანაშაულებს, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაა შესაძლებელი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს.

შემოთავაზებული ცვლილებების კანონპროექტით, დანაშაულების ჩამონათვალს კიდევ 27 დანაშაული ემატება, რომელზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება იქნება შესაძლებელი. ასეთი დანაშაულები იქნება, მაგალითად, რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, საქართველოს სახელმწიფო ალმის უკანონოდ აღმართვა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ შეცვლა, მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვის, მომზადების, დაწყების ან წარმოებისაკენ და ა.შ.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საერთო ჯამში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება 75-ზე მეტ-ნაკლებად მძიმე დანაშაულზე იქნება შესაძლებელი.

რა საფრთხეებს შეიცავს კანონპროექტი აქტივისტებისთვის/აქციების ორგანიზატორებისთვის

საყურადღებოა, რომ კანონპროექტი უვადო ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას ისეთი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე იძლევა, რომელიც, როგორც წესი, საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ იწყება, ან შესაძლოა დაიწყოს.

ასეთებია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და 226-ე მუხლები (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა); ასევე, კოდექსის 315-ე (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) და 317-ე (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) მუხლები.

მაგალითისთვის, 2019 წლის 20-21 ივნისის („გავრილოვის ღამე“) მოვლენებზე გამოძიება სსკ-ის 225-ე მუხლით დაიწყო, რომელსაც შემდეგ 315-ე მუხლი დაემატა. სწორედ 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა ბრალი „გავრილოვის ღამის“ საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ თავმჯდომარე, ნიკა მელიასაც.

ბოლო წლებში საზოგადოების მზარდი პროტესტისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, კანონპროექტის ეს კონკრეტული ნაწილი სამოქალაქო აქტივიზმის შეზღუდვისა და დემონსტრაციების მონაწილეთა წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითად უნდა მივიჩნიოთ. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი, პროტესტის შეზღუდვისკენ მიმართული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან აქამდეც გვინახავს (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია მსგავს თემაზე).

აღსანიშნავია, რომ განსახილველი ცვლილებების ავტორები უშუალოდ კანონპროექტის განმარტებით ბარათში სათანადოდ ვერ ასაბუთებენ და ვერ განმარტავენ, თუ რატომ დადგა ასეთი ცვლილებების შემუშავების საჭიროება. განმარტებითი ბარათი ზოგადად ჰიბრიდულ ომსა და კიბერ-უსაფრთხოებაზე მიუთითებს.

საერთო ჯამში, ცვლილებები ხელისუფლებას პირად ცხოვრებაში ჩარევის უფრო ძლიერ სამართლებრივ ბერკეტს ანიჭებს, რაც, თავის მხრივ, ასეთი ბერკეტის ბოროტად გამოყენების რისკებს ზრდის. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში პირად ცხოვრებაში ჩარევა ერთ-ერთ მთავარ და გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებულ ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს არსებითად აუარესებს და საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას შესაძლებელს ხდის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შალვა შავგულიძის განცხადება, რომ ცვლილებების მიღების შემდეგ, აქციის მონაწილეთა მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება უსასრულოდ გახანგრძლივდეს, არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი