სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ვიდეო, სადაც თითქოს ცნობილი ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი მის „სატანურ“ რიტუალში მონაწილეობის შესახებ ჰყვება ისტორიას.

ვიდეო, რომელიც 1999 წლით თარიღდება, ინტერნეტში სხვადასხვა კონსპირაციულ პლატფორმებზე წლების განმავლობაში ვრცელდებოდა, სადაც ილუმინატების, სატანისტებისა თუ სხვა „საიდუმლო“ ჯგუფების შესახებ შეთქმულების თეორიებს თხზავდნენ.

საქართველოში გავრცელებული რუსული YouTube ვიდეოც - ანჯელინა ჯოლის ოკულტურ რიტუალებში მონაწილეობის შესახებ, ახლად აღმოჩენილ „სენსაციურ მიგნებას“ არ წარმოადგენს, არამედ ძველი ინგლისურენოვანი ვიდეოს თარგმანია.

ვიდეოში, ანჯელინა ჯოლის საუბარი დაჭრილია და იმდაგვარადაა დამონტაჟებული, რომ მსმენელს ვიდეოს რეალური შინაარსის შესახებ ყალბი წარმოდგენა შეუქმნას. ავტორის მიერ ვიდეოში გაკეთებული კომენტარები მანიპულაციურია და რეალურად იმას არ ასახავს, რასაც სინამდვილეში მსახიობი ჰყვება. ჩანაწერის არც დამონტაჟებულ და არც სრულ ვერსიაში მსახიობი იმ სიტყვებს არ იყენებს და მისი საუბრის შინაარსი იმ აზრს არ გადმოსცემს, რაც ვიდეოს კომენტარებად აქვს დართული.

ვიდეოს დასაწყისში ავტორი ამტკიცებს, რომ ანჯელინა სატანურ რიტუალზე საუბრობს, რომელიც ილუმინატებში გასაწევრიანებლად სრულდება, თუმცა რეალურად ანჯელინა ჯოლი მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს (მათ შორის, დეპრესიაზე, მენტალურ პრობლემებზე, რომლის ფარგლებშიც თვითდაზიანებებს იყენებდა, და ა.შ). ვიდეოს შემდეგ ნაწილშიც ამერიკელი მსახიობი მის წარსულ გამოცდილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მიყენებული ჭრილობები (იგულისხმება თვითდაზიანებები), რომლებიც დროთა განმავლობაში იკურნება, მას რეალობის შეგრძნებას აძლევდა და თავს, როგორც ნივთად აღარ გრძნობდა. ვიდეოს ავტორი კი ამტკიცებს, რომ ანჯელინა ამ მონაკვეთში სატანისტურ რიტუალებში გამოყენებულ ნივთებზე და ბნელი სულების გამოძახებაზე საუბრობს, რომლებიც ეშმაკსა და რიტუალში მონაწილე პირებს შორის რეალურ კავშირებს ამყარებენ. ვიდეოს შემდეგი ნაწილებიც მსგავსი სცენარით არის აწყობილი. მსახიობი საუბრობს სულ სხვა საკითხზე და ვიდეოს ავტორი ცდილობს ეს ყველაფერი რიტუალებს და ბნელ ძალებს დაუკავშიროს.

სრულ ვიდეოში, რომელიც YouTube-ზეც იძებნება, ჩანს, რომ ანჯელინა ჯოლი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ საუბრობს უამრავ სხვადასხვა თემაზე, რომლებსაც ოკულტურ რიტუალებთან და ბნელ ძალებთან არაფერი აქვთ საერთო.

ანჯელინა ჯოლის ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და ფსიქოლოგიური პრობლემები საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი საკითხია. ამერიკელ ვარსკვლავს თავადვე არაერთხელ უსაუბრია რომ გვიანი თინეიჯერობის პერიოდში და 2000-იან წლებში მას ჰქონდა ნარკოტიკებზე მწვავე დამოკიდებულებისა და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ანჯელინა ჯოლიმ მისი დამოკიდებულების დაძლევა მოახერხა, რაშიც მისივე შეფასებით, განსაკუთრებით პირველი შვილის აყვანა და მშობლის პასუხისმგებლობების გააზრება დაეხმარა.

ანჯელინა ჯოლის 1999 წელს გადაღებული კიდევ ერთი ვიდეო, 2010-იან წლებში გავრცელდა. ვიდეო ფრანკლინ მეიერს ეკუთვნის, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის 90-იანი წლებში ანჯელინა ჯოლის ნარკოდილერი იყო ნიუ-იორკში და აღნიშნული ვიდეო ერთ-ერთ ნარკო „ბუნაგშია“ (drug den) გადაღებული. მეიერმა მოგვიანებით დასახელებული ვიდეო National Enquirer-ს მიჰყიდა.

მთლიანობაში, გავრცელებული დამონტაჟებული ვიდეო ყალბია და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. ვიდეოში გამოთქმულ ავტორის მოსაზრებებს მსახიობის საუბართან საერთო არაფერი აქვს და ის უბრალოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი