რუსულ წყაროებში (military.pravda.ru, sm.news, yakutsk.ru, discover24.ru, rusvesna.su, Facebook-გვერდი „Оружие. Клуб настоящих мужиков") და ა.შ.) რუსეთის საჰაერო ძალების ერთ-ერთი დანაყოფის შესახებ გავრცელდა ამბავი, სადაც რუს პილოტთან ინტერვიუცაა მოცემული. ისინი იუწყებიან, რომ ავიაბაზიდან რუსული თვითმფრინავები ისე ხშირად ფრინდებიან (ფაქტობრივად ერთმანეთის მიყოლებით), რომ ძრავების ხმა არ წყდება; რომ მათ უკრაინული „S-300“-ის ტიპის ანტისაჰაერო სისტემის რადარი გაანადგურეს და ა.შ. თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნახსენებია, რომ ერთ-ერთი პილოტის თანახმად, მტრის თვითმფრინავი საერთოდ არ შეხვედრია, ამის შესახებაც რუსული წყაროები წერენ, თითქოს ეს არის შედეგი იმისა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ პირველივე დღეებში უკრაინის ყველა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა/გამოიყვანეს. აღნიშნული სინამდვილეში არასწორი ინფორმაციაა.

საინტერესოა, რომ ამავე სიახლეში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაცაა მოცემული, რადგან მათში აღნიშნულია, რომ რუსული თვითმფრინავები სამიზნეებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ზონაში მოხვედრის გარეშე ანადგურებენ. ე.ი. ერთი მხრივ, რუსული წყაროები წერენ, რომ უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის ზონა არსებობს და მეორე მხრივ, ამტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველივე დღეებში უკრაინის ყველა ანტისაჰაერო სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც რუს პილოტებს უკრაინული თვითმფრინავები არ ხვდებათ.

რეალურად, ინფორმაცია, თითქოს რუსეთმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები ომის დაწყების (24 თებერვალი) პირველივე დღეებში მწყობრიდან გამოიყვანა და შედეგად, რუსი პილოტები უკრაინის ცაში თავისუფლად დაფრინავენ, ყალბი ამბავია. უკრაინის საჰაერო თავდაცვა ამ დრომდე ოპერირებას განაგრძობს:

• მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს მიერ 27 აპრილს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ გამოქვეყნებულ დაზვერვის განახლებაში ვკითხულობთ, რომ „უკრაინა კვლავ ინარჩუნებს კონტროლს საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე. რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საჰაერო ძალების სრული განადგურება ან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ჩახშობა. უკრაინა რუსეთის საჰაერო შესაძლებლობებს კვლავ რისკს უქმნის. რუსეთის საჰაერო აქტივობა, ძირითადად, სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზეა ფოკუსირებული, სადაც ის რუსეთის სახმელეთო ძალებს უწევს მხარდაჭერას. რუსეთს ძალიან შეზღუდული საჰაერო წვდომა აქვს ჩრდილოეთ და დასავლეთ უკრაინაზე, რაც იქ თავდასხმით ქმედებებს სტაციონარული იარაღით სიღრმეში განხორციელებულ დარტყმებამდე ზღუდავს. რუსეთი განაგრძობს უკრაინის სამხედრო აქტივებისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის დაბომბვას ქვეყნის მასშტაბით...“.

• Forbes-ი 8 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ უკრაინა კვირაში საშუალოდ რამდენიმე „S-300“ ტიპის ანტისაჰაერო სისტემის გამშვებს კარგავს, მაგრამ კიდევ ასობით აქვს დარჩენილი. სტატიის თანახმად, ომის დაწყებამდე უკრაინას „S-300“-ის შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემის დაახლოებით 100 ბატარეა ჰქონდა 300 გამშვებით. Forbes-ის თანახმად, კვლავ აქტიური, თუმცა დაბალი ინტენსივობით, რჩებოდა, უკრაინის საჰაერო ძალებიც. აღსანიშნავია, რომ გარდა „S-300”-ებისა და ზემოთ ნახსენები MANPAD-ების გარდა უკრაინას სხვა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებიც აქვს, მაგალითად: Buk, S-125, OSA, Strela, Tunguska, Shilka.

• უკრაინის თავდაცვის სისტემების მუშაობაზე მიუთითებს ისიც, რომ რუსეთის საჰაერო ძალები უკრაინაში მის საუკეთესო თვითმფრინავებს კარგავს, როგორებიცაა, მაგალითად, რუსეთის ახალი „Su-34“-ის ტიპის თვითმფრინავები.

• 18 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში CNN-ი წერს, რომ რუსეთს ჯერ კვლავ არ მიუღწევია საჰაერო სივრცის კონტროლისთვის. სტატიის თანახმად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს რამდენიმე მიზეზის კომბინაციამ განაპირობა, როგორებიცაა მოსკოვის მიერ ცუდი მომზადება, დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით უკრაინის მიერ რესურსების ჭკვიანურად მოხმარება და დასავლური სახელმწიფოების მიერ შეიარაღების მიწოდება. ესტონეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი უფროსი, გენერალი რიჰო ტერასი, აცხადებს, რომ თავდასხმების წინ დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, უკრაინამ მისი საჰაერო ძალები გადაარჩინა თვითმფრინავების აეროდრომებიდან გატანით, სანამ რუსეთი მათ გაანადგურებდა.

• Kyiv Independent-ი 16 მარტის სტატიაში წერს, რომ განსაკუთრებით დაცული კიევის საჰაერო სივრცე იყო (განსხვავებით ხარკოვის, მარიუპოლისა და ჩერნიგოვისა), სადაც უმეტესი რაკეტა წარმატებით იყო შეჩერებული. Kyiv Independent-ი CNN-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინას კიდევ 56 მოქმედი თვითმფრინავი ჰყავდა, რაც რუსეთის თავდასხმამდე მაჩვენებლის 80%-ია. ბუნებრივია, 16 მარტის შემდეგ უკრაინას, შესაძლოა, მეტი თვითმფრინავი დაეკარგა, თუმცა უკრაინას დასავლური სახელმწიფოებისგან ასევე მიიღო თვითმფრინავის ნაწილები, რამაც უკრაინის კიდევ 20 თვითმფრინავი გახადა მოქმედი. ასევე, Kyiv Independent-ი Military Balance 2021-ზე დაყრდნობით წერს, რომ ომის დაწყებამდე უკრაინას 250 „S-300“, 72 „Buk-M1“, ასევე „S-125“-ები ჰქონდა.

• ასევე, 9 მარტს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ უკრაინის საჰაერო დაცვამ რუსეთის თანამედროვე თვითმფრინავების წინააღმდეგ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, რითაც სავარაუდოდ, ხელი შეუშალეს მათ ჰაერის კონტროლის ნებისმიერი ხარისხისთვის მიეღწიათ.

უკრაინის საჰაერო სივრცეში მიმდინარე ბრძოლაზე 15 აპრილს BBC-მ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. სტატიის თანახმად, უკრაინის ცის კონტროლისთვის ბრძოლა ჯერ კვლავ მიმდინარეობს. BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ოფიცრები აცხადებენ, რომ ეს ბრძოლა საკმაოდ რთულია და მათ მთელი საჰაერო სივრცის დაფარვა არ შეუძლია. ამასთან, მათი განცხადებით, ომის პირველ დღეებში ბევრი საჰაერო თავდაცვის ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ განადგურდა, რაც BBC-ს თანახმად, იშვიათი საჯარო აღიარებაა, რომ უკრაინულმა ძალებმა ომის საწყის ეტაპებზე მძიმე დანაკარგები განიცადეს. მაგრამ BBC წერს, რომ მიუხედავად ამ დანაკარგებისა, გადარჩენილი საჰაერო თავდაცვა კვლავ საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება. აღნიშნულის დადასტურებაა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 27 აპრილის მდგომარეობით (რუსულ წყაროებში ზემოთ დასახელებული ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღი) რუსეთმა 185 თვითმფრინავი, 155 ვერტმფრენი და 207 უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა. ხოლო Oryx-ის თანახმად, რომელიც მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ვიზუალურად დადასტურებულ დანაკარგებს ითვლის და შესაბამისად, დანაკარგების შესახებ მისი სტატისტიკა დანამდვილებით დადასტურებულ მინიმუმს წარმოადგენს, რუსეთმა 26 თვითმფრინავი, 38 ვერტმფრენი და 49 უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა. ასევე, Oryx-ის მიხედვით (Oryx-ის მონაცემები მოძიებული 29 აპრილს, ის მუდმივად იცვლება), უკრაინამ 42 მიწა-ჰაერის სარაკეტო სისტემა (“OSA”, “Strella”, “Buk”, “S-300”), 5 „S-300”-ის რადარი, 4 ანტისაჰაერო ქვემეხი (23mm ZU-23 და თვითმავალი ZSU-23-4) დაკარგა (მაშინ როდესაც ომის დაწყებამდე უკრაინას ასობით ანტისაჰაერო სისტემა ჰქონდა). BBC წერს, რომ უკრაინის ანტისაჰაერო სისტემების მოქმედების წარმატებამ სამხედრო ექსპერტები გააკვირვა, რადგან ისინი ელოდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში სრულ საჰაერო უპირატესობას მალე მიაღწევდა. პენტაგონის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი დღეში საშუალოდ 250 საფრენ მისიასა და 30 საჰაერო დარტყმას ახორციელებს. მიუხედავად ამისა, დასავლეთის ოფიციალური პირები კვლავ აცხადებენ, რომ რუსეთს სრული საჰაერო უპირატესობის მოპოვება უჭირს. ასევე, BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის „MiG-29“ ტიპის გამანადგურებლები კარგ შემთხვევაში დღეში 10 სამხედრო მისიას ასრულებენ. ეს მიუთითებს, რომ უკრაინის საჰაერო ძალები, მართალია შეზღუდულად, მაგრამ კვლავ ოპერირებს. მართალია, რომ რუსეთს ცაში უპირატესობა აქვს, რის გამოც დასავლეთისგან ცის დახურვას ითხოვენ.

უკრაინის საჰაერო ძალების ოფიცერთან, რომელიც „Su-27“-ის პილოტია 24 მარტს ჩაწერა ინტერვიუ CNN-მა, რითაც ასევე დასტურდება, რომ უკრაინის საჰაერო ძალები კვლავ აქტიურია (მათ შორის ერთ-ერთის აფრენის/დაფრენის ხმა ინტერვიუს დროსაც ისმოდა). CNN-ის სტატიაში ასევე მოცემულია პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის, განცხადება, რომლის თანახმადაც, რუსეთს უკრაინაში სრული საჰაერო უპირატესობისთვის არ მიუღწევია და საჰაერო სივრცე კვლავ სადავოა (უკრაინის საჰაერო სივრცისთვის რომ ბრძოლა მიმდინარეობდა, აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი ადასტურებდა, მაგალითად, ომის დაწყების მეხუთე დღესაც, რაც ასევე ნიშნავს, რომ პირველ დღეებში რუსეთს უკრაინის საჰაერო თავდაცვა სრულად არ გაუნადგურებია).

ანალიტიკური ცენტრი RUSI-ს (Royal United Services Institute) საჰაერო ძალების მიმართულების უფროსი მკვლევარი, ჯასტინ ბრონკი, BBC-სთან აცხადებს, რომ სავარაუდოა, აღმოსავლეთის ნაწილზე (სადაც ახლა ძირითადი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს) რუსეთს უფრო თავისუფალი წვდომა ჰქონდეს ცაში, ვიდრე სხვა რეგიონებზე, რადგან ის რუსეთის მიერ კონტროლირებულ საჰაერო სივრცესთან (თავად რუსეთის და დონბასის ოკუპირებული ნაწილის საჰაერო სივრცე) ახლოს მდებარეობს. შესაძლოა, რუსული წყაროების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ინტერვიუირებული პილოტები სწორედ ამ ზონაში ოპერირებენ, რის გამოც მარტივი მისიები აქვთ, მაგრამ აღნიშნულ ინფორმაციებში უკრაინის თავდაცვის სისტემების განადგურებააზე განზოგადებულად, უკრაინის მთელ ტერიტორიასთან მიმართებითაა მტკიცება მოცემული. ასევე აღსანიშნავია, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა უკრაინას დაბალ სიმაღლეზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის საშუალებები ე.წ. MANPAD-ები (man-portable air-defence system - მარტივი გადასატანი და მხრიდან გასაშვები რაკეტები) გადასცეს (მაგალითად, აშშ-მა „Stinger“-ები და გაერთიანებულმა სამეფომ „Starstreak”, ნორვეგიამ Mistral-ები). თუმცა უკრაინას ესაჭიროება მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი ანტისაჰაერო სისტემები („S-300” უკრაინას სლოვაკეთმა გადასცა, ასევე გერმანია აპირებს გადასცეს „Gepard”-ები, რომლებიც თვითმავალია). დონბასში რუსეთის შეტევა უკრაინის შეზღუდული საჰაერო თავდაცვითისთვის დამატებითი წნეხი იქნება. BBC წერს, რომ მათ ნახეს მტკიცებულება, რომ ბოლო დღეებში უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები აღმოსავლეთში გადააქვს, თუმცა საჰაერო თავდაცვა სხვა რეგიონებსაც ესაჭიროება და უკრაინელი ოფიცრის განცხადებით, ისინი ნახევარ უკრაინას თავდაცვის გარეშე ვერ დატოვებენ.

BBC-ის მიხედვით, გარდა თვითმფრინავებისა, უკრაინის თავდაცვის სისტემა რუსული საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგაც მუშაობს და ამ მხრივაც აქვს გარკვეული წარმატება, მაგრამ ყველაფრის განადგურება არ შეუძლია. უკრაინელი ოფიცერი BBC-სთან აცხადებს, რომ მისი დანაყოფი შორ მანძილზე მოქმედი რუსული რაკეტების სავარაუდოდ, 50-70%-ს ანადგურებს. მაგალითად, ის იხსენებს, რომ როდესაც ბოლოს რუსეთმა დნიპროს მიმართულებით ექვსი რაკეტა გაუშვა, მათ ოთხი შეაჩერეს. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა კვლავ მოქმედებს, თუმცა პროცენტულობა ნიშნავს, რომ მაინც ბევრი რაკეტა ხვდება მიზანს, რადგან პენტაგონის 29 აპრილის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან 1900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი, დახმარების გარეშე საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებისგან თავის დაცვა უკრაინას უფრო გაუჭირდება და BBC-სთან დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ დასავლეთისგან მოთხოვნილი შეიარაღების სიის სათავეში საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემებია.

ამდენად, მტკიცება, რომ რუსეთმა ომის დაწყების პირველ დღეებში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა მწყობრიდან გამოიყვანა, ყალბი ამბავია.

-----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი