სოციალურ ქსელში Fox News-ის წამყვან - ტაკერ კარლსონის გადაცემის რუსული თარგმანი ვრცელდება, სადაც ბაიდენის ადმინისტრაციის „რეალური მიზნები“ რუსეთ-უკრაინის ომში თითქოს გამოაშკარავებულია.

Fox News-ზე გასულ სიუჟეტში საუბარია აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიზნებზე უკრაინაში, თუ როგორ ცდილობს ამერიკა რუსეთ-უკრაინის ომის გლობალურ კატასტროფად გადაქცევას, ამერიკელი ჯარისკაცების საბრძოლველად გაგზავნას უკრაინაში რუსეთის ხელისუფლების ძალადობრივად შესაცვლელად და თუ როგორ იყენებს ამ ყველაფერს შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური წარუმატებლობების გადასაფარად.

ტაკერ კარლსონი თავის სიუჟეტს იწყებს განცხადებით, რომ ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციას ყოველთვის ზედმეტი მოსდის და იმაზე მეტის გაკეთებას ცდილობს, ვიდრე შეუძლია. კარლსონის შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ყოველთვის იყო და არის შანსი, რომ რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრა, რაც „რეგიონულ ტრაგედიას“ წარმოადგენს - გლობალურ კატასტროფად გადააქციონ. კარლსონი ასევე საუბრობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, თებერვალში დაჰპირდა ამერიკელებს, რომ აშშ-ის ჯარისკაცები უკრაინაში არ იომებდნენ. კარლსონს მაგალითად მოჰყავს თეთრი სახლის მაშინდელი პრეს-სპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებები, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არ ჰქონდა განზრახვა და ინტერესი საკუთარი ჯარისკაცები უკრაინაში საბრძოლველად გაეგზავნა. კარლსონის აზრით, ის ფაქტი რომ თეთრი სახლი ხშირად იმეორებდა ამას, მიანიშნებდა, რომ ეს იყო გამიზნული ტყუილი, რადგან „რაც უფრო ხშირად ცდილობენ რაღაცის დამტკიცებას და დადასტურებას, მით უფრო დიდი შანსია, რომ ეს რაღაც არ იქნება სიმართლე“.

კარლსონის მტკიცებით მისი პოზიცია, რომ თეთრი სახლი იტყუებოდა, მოგვიანებით კარგად გამომჟღავნდა დელავერის სენატორის - კრის კუნსის (რომელსაც კარლსონი ბაიდენის მთავარ „სუროგატად“ მოიხსენიებს კონგრესში) CBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. კარლსონის განცხადებით, სენატორი კუნსი რუსეთთან საბრძოლველად პენტაგონისგან ამერიკელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნას ითხოვდა და ამის საილუსტრაციოდ თავის სიუჟეტში კუნსის მიერ CBC News-ისთვის მიცემული ინტერვიუდან აჩვენა ნაწყვეტი. CBC-ის ინტერვიუდან ამოჭრილ მონაკვეთში ჟურნალისტი სენატორ კუნსს უსვამს შეკითხვას: „ამ კვირაში, თქვენს საჯარო განცხადებებში თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვეყანამ უნდა დაიწყოს საუბარი იმაზე, თუ რა შემთხვევაში ექნება მზაობა, გააგზავნოს საკუთარი ჯარისკაცები უკრაინაში?“ - რის შემდეგაც კარლსონი კუნსის პასუხს გვთავაზობს - „თუ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც გვაჩვენა, თუ რამდენად სასტიკი შეუძლია იყოს, მივცემთ უფლებას გააგრძელოს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და ომის დანაშაულების ჩადენა მთელ უკრაინაში, ისე რომ დასავლეთი და „ნატო“ უფრო ძლიერად არ დაეხმარებიან უკრაინას, მაშინ მე ვშიშობ რომ ჩვენ გავხდებით უკრაინის სირიად გადაქცევის მომსწრენი და ამერიკელი ხალხი თვალს ვერ დახუჭავს ამ ტრაგედიაზე. მე ვფიქრობ, რომ XXI-საუკუნის ისტორიას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ძლიერად დავიცავთ ჩვენ თავისუფლებას უკრაინაში და პუტინი მხოლოდ მაშინ გაჩერდება, როდესაც ჩვენ მას შევაჩერებთ!“.

ამ მოჭრილი მონაკვეთის ჩვენების შემდეგ, კარლსონი „ასკვნის“, რომ კუნსი რუსეთთან სახმელეთო ომს ითხოვს. მისივე მტკიცებით, ეს არ არის უბრალო შემთხვევა, რადგან კუნსი ბაიდენის უახლოესი და ერთგული მოკავშირე და მისი „კადრია“. შესაბამისად, კარლსონის აზრით, როდესაც კუნსი ამას ითხოვს და თეთრი სახლი მისგან არ დისტანცირდება, ეს ნიშნავს რომ რუსეთთან ომი ბაიდენის ადმინისტრაციის რეალური პოლიტიკაა. „დემოკრატიული პარტიის ლიდერებს რუსეთის მთავრობის ძალადობრივად დამხობა და ხელისუფლების ცვლილება სურთ. მათ ეს სურვილი აქვთ მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონმა 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნები წააგო“.

კარლსონის მიერ სიუჟეტში გამოთქმული მტკიცებები მანიპულაციურია, ხოლო მის მიერ გაშვებული კუნსის ინტერვიუს მონაკვეთი ისეა დაჭრილი, რომ რეალურ კონტექსტს ამახინჯებს და მსმენელი შეცდომაში შეჰყავს.

CBC-ის გადაცემა Face the Nation-ში (საიდანაც ამოჭრილი მონაკვეთები კარლსონმა აჩვენა თავის გადაცემაში) კრის კუნსი სტუმრად 17 აპრილს იმყოფებოდა, სადაც საუბრის ძირითადი თემა Covid-19-ის შედეგების შესამსუბუქებლად კონგრესში წარდგენილ ახალ ანგარიშს შეეხებოდა. შვიდწუთიანი ინტერვიუს ბოლოს, ჟურნალისტმა კუნსს უკრაინის საკითხზე დაუსვა ბოლო შეკითხვა. ტაკერ კარლსონმა Fox News-ზე ამ შეკითხვის არასრული მონაკვეთი აჩვენა, სადაც თითქოს ჟურნალისტი კუნსს ამერიკელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნის შესახებ ეკითხებოდა. ჟურნალისტის შეკითხვა, სინამდვილეში, სხვა კონტექსტის მატარებელი იყო. მარგარეტ ბრენანის შეკითხვა სრულად შემდეგნაირად ჟღერდა: „ამ კვირაში ზოგიერთ საჯარო გამონათქვამში თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვეყანამ უნდა დაიწყოს საუბარი იმაზე, თუ რა შემთხვევაში ექნება მზაობა გააგზავნოს საკუთარი ჯარისკაცები უკრაინაში. თქვენ თქვით, რომ თუ პასუხი იქნება ‘არასდროს’, მაშინ ჩვენ გზას ვუხსნით პუტინის ესკალაციისა და სისასტიკის ახალ დონეზე გადასასვლელად. თქვენ ამტკიცებთ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი შეცდა, როცა თქვა, რომ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში? თქვენ მას სთხოვთ წითელი ხაზის დადგენას?“.

სრულ მონაკვეთში ნათლად ჩანს, რომ საუბარი შეეხებოდა არა სენატორ კუნსის მიერ ვაშინგტონისთვის რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის მოთხოვნას, არამედ იმ წითელი ხაზების განხილვის შესაძლებლობას, რა შემთხვევაშიც ამერიკა ჩათვლიდა, რომ მისი პირდაპირი სამხედრო ჩარევა მიზანშეწონილი იქნებოდა. სენატორი კუნსი გამოდიოდა თეთრი სახლის იმ პოზიციის წინააღმდეგ, რომ აშშ-ი არცერთ შემთხვევაში არ გაგზავნიდა ჯარისკაცებს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და თეთრ სახლს მოუწოდებდა, ემსჯელა იმ სცენარებსა და წითელ ხაზებზე, რა შემთხვევაშიც ამერიკის პირდაპირი ჩართულობა საჭირო და აუცილებელი გახდებოდა.

ინტერვიუდან მეორე დღეს, 18 აპრილს, სენატორმა კუნსმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე CNN-ის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წამყვანები კუნსის განცხადებებს მიმოიხილავდნენ. ერთ-ერთი წამყვანი აღნიშნავს, რომ მისთვის გასაგებია კუნსის პოზიცია, რომ არ არის სწორი წინასწარ საჯაროდ რაღაც სცენარების გამორიცხვა (იგულისხმება უკრაინაში ჯარების გაგზავნა) და რომ ამ მოსაზრებას არაერთი ადამიანი იზიარებს - როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური ბანაკებიდან.

კუნსი პოსტში წერს, რომ ჟურნალისტების მსჯელობას ეთანხმება და ასევე აღნიშნავს, რომ ის ამერიკელი ჯარისკაცების საომრად გაგზავნას უკრაინაში არ ითხოვს. შესაბამისად, კარლსონის Fox News-ზე გასული სიუჟეტი, სენატორ კუნსის ნაწილში მანიპულაციურია და რეალურ კონტექსტს არასრულად და დამახინჯებულად წარმოაჩენს.

რაც შეეხება კარლსონის კიდევ ერთ მტკიცებას, რომ რუსეთის ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და რუსეთთან ომი, ეს ბაიდენის ადმინისტრაციის და ზოგადად დემოკრატიული პარტიის ამოცანაა, ეს მოსაზრებაც დაუსაბუთებელია და კრიტიკას ვერ უძლებს, განსაკუთრებით უკრაინის კონტექსტში. უკრაინაში ომი, რუსეთის სრულიად გაუმართლებელი და არაპროვოცირებული შეჭრის შედეგად დაიწყო უკრაინაში და მასში დასავლეთის დადანაშაულების ყველა მცდელობა რეალობის დამახინჯება და პრორუსული პროპაგანდის გამეორებაა. რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

რაც შეეხება თავად ჟურნალისტ - ტაკერ კარლსონს, ის Dailycaller.com-ის რედაქტორი და Fox News-ის წამყვანია. კარლსონი არაერთხელაა შემჩნეული ყალბი ამბების და პროკრემლისტური ნარატივების გავრცელებაში. ფაქტების გადამმოწმებელი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემის Politifact-ის მიერ კარლსონის 21 სხვადასხვა განცხადება გადამოწმდა, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა (19) შეფასებულია, როგორც ნაწილობრივ მცდარი ან ყალბი.

კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა ამერიკულმა მედიამ - MSNBC-იმ, ასევე მოამზადა ვრცელი ვიდეო ტაკერ კარლსონის მიერ კრემლისტური ნარატივების გავრცელების შესახებ. ვიდეოშია საუბარია კარლსონის მიერ სხვადასხვა ყალბი ამბის გავრცელებაზე, მათ შორის ადამიანებისთვის არასწორი ციტატების მიკერების გზით. მაგალითად მოყვანილია კარლსონის მიერ პაპი ფრანცისკეს განცხადების ყალბი ციტირება უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ (კრემლის ერთ-ერთი ძირითადი პროპაგანდისტული ნარატივი), რითაც კარლსონმა პაპის პოზიცია 180 გრადუსით იმის საპირისპიროდ წარმოაჩინა, ვიდრე ეს რეალურად იყო. მოგვიანებით, კარლსონის აღნიშნული ყალბი განცხადება კრემლის მიერ მართულმა მედია საშუალებებმა აქტიურად გადააზიარეს და რუსულ ენაზე გაავრცელეს.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ტაკერ კარლსონი არც ისე მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით გამორჩეული ამერიკელი ჟურნალისტია, რომელსაც თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი გააჩნია და საკუთარი მიზნების მისაღწევად არც დაუსაბუთებელი და ყალბი ამბების გავრცელებას ერიდება, რისი მორიგი მაგალითიც Fox News-ზე გასული აღნიშნული სიუჟეტი იყო.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი