კომპანია „IDS ბორჯომის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 29 აპრილიდან “IDS ბორჯომი საქართველო” საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის, რუსეთ-უკრაინის ომის, დაბლოკილი ანგარიშების და სანქცირებული მფლობელის გამო, გაურკვეველი ვადით წყვეტს მუშაობას. „IDS ბორჯომმა“, რომელიც „ბორჯომს“, „ლიკანს“, „მიტარბის“ და „ბაკურიანს“ ასხამს, ბორჯომში მდებარე, ორი ჩამომსხმელი ქარხნის მუშაობა შეაჩერა.

კომპანიის განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7) რომ „IDS ბორჯომი საქართველო“ მამუკა ხაზარაძემ მიჰყიდა რუსეთს.

სინამდვილეში, „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი (60%) რუსულ საფინანსო ჯგუფ „ალფა კაპიტალზე“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა გაასხვისა 2013 წელს. კომპანია „ბორჯომი“ მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში მხოლოდ 2002 წლამდე იყო, ხოლო პატარკაციშვილის ოჯახის წევრები IDS ბორჯომის მინოტარულ აქციონერებად, ამ დრომდე რჩებიან.

კომპანია „ბორჯომის“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ერთობლივი განცხადებით მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ უპასუხეს: „2002 წელს მოხდა კომპანიის თავდაპირველი ინვესტორებისგან გამოსყიდვა საინვესტიციო ფონდ „სელფორდის“ მიერ, რომლის დამფუძნებლები იყვნენ ბადრი პატარკაციშვილი და მისი პარტნიორები. 2013 წელს „სელფორდმა“, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო ირაკლი რუხაძე - „ტვ იმედის“ დღევანდელი მმართველი, ბორჯომის ჰოლდინგის საკონტროლო პაკეტი გაასხვისა „ალფა კაპიტალზე „რუსულ საფინანსო ჯგუფზე“ - ვკითხულობთ მამუკა ხაზარაძის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პატარკაციშვილების მიერ კომპანიის რუს ინვესტორზე გასხვისებას ადასტურებს 2013 წელს ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის მიერ გაკეთებული განცხადებაც.

შესაბამისად, გავრცელებული მტკიცება, რომ კომპანია „IDS ბორჯომი“ რუს აქციონერზე მამუკა ხაზარაძემ გაასხვისა, სიმართლეს არ შეესაბამება.

კომპანია „ბორჯომის“ ინვესტორები

„ნეტგაზეთის“ კვლევის მიხედვით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ „ბორჯომს“ სხვადასხვა დროს სამი ინვესტორი ჰყავდა.

თავდაპირველად, ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზია და ჩამოსასხმელი ქარხნების მართვის უფლება 1995 წელს მამუკა ხაზარაძემ მოიპოვა, რომელმაც კომპანია „Georgian Glass & Mineral Water Co. N. V.“ დააარსა.

ქართველი ბიზნესმენის და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მან კომპანია 2002 წელს გაასხვისა და აქტივის მართვაში ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის მიერ დაფუძნებული Salford Capital Partners შევიდა.

2008 წელს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის დაიწყო დავა, რომელიც 2012 წელს დასრულდა და კომპანიის 100% წილი პატარკაციშვილების ოჯახს დარჩა.

2013 წელს პატარკაციშვილების ოჯახმა კომპანია „ბორჯომის“ აქციების 60% რუსი ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის საკუთრებაში არსებულ „ალფა ჯგუფს“ მიჰყიდა, რასაც 2013 წელს პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის მიერ გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს.

ცნობისთვის, „ალფა ჯგუფის“ მთავარი აქციონერები, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები: მიხაილ ფრიდმანი, ალექსეი კუზმიჩევი, გერმან ხანი და პეტრე ავენი არიან, რომლებიც უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ, მათი საბანკო ანგარიშები კი გაყინულია.

ამავდროულად, „IDS ბორჯომის“ განცხადების შემდეგ, რომ საქართველოში კომპანია მუშაობას აჩერებს, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე, „IDS Borjomi International“-ის ობლიგაციები 40%-ით გაუფასურდა.

კომპანია „IDS ბორჯომის“ შესახებ

როგორც IDS Borjomi International-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ „IDS ბორჯომი-საქართველო“ IDS Borjomi International-ის ნაწილია - IDS ბორჯომი-უკრაინასთან, IDS ბორჯომი-რუსეთთან, IDS ბორჯომი-ბელარუსთან და IDS Borjomi Europe-თან ერთად.

IDS Borjomi International-ს საქართველოს გარდა, უკრაინასა და რუსეთში კიდევ ექვსი ქარხანა აქვს. „ბორჯომის“,„ლიკანის“, „მიტარბის“ და „ბაკურიანის“ ბრენდების გარდა, მასვე ეკუთვნის ცნობილი უკრაინული ბრენდები Моршинська, Миргородська და Трускавецька. ასევე ცნობილი რუსული ბრენდები Святой источник და Эдельвейс.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, შპს „IDS Borjomi Beverages Co. N.V“ ფილიალი საქართველოში 1997 წელს დარეგისტრირდა. 2009 წლამდე მას „Georgian Glass and Mineral Water Co. N.V” ერქვა. ფილიალს ბორჯომის ხეობის და საქართველოს წყლის სხვა წყაროების გამოყენების ლიცენზია აქვს. „IDS Borjomi Beverages“ ოფშორში, ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზე არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ აშუროვია. ხოლო კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. 2021 წლიდან კომპანიის საქართველოს ფილიალის დირექტორი საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანია.

ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ კომპანია „ბორჯომი“ რუს ინვესტორს მამუკა ხაზარაძემ მიჰყიდა, მცდარია. „ბორჯომის“ გასხვისების დროისთვის კომპანია პატარკაციშვილებს და არა ხაზარაძეს ეკუთვნოდა.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი