მიხეილ სარჯველაძე: გვაქვს სასამართლო ხელისუფლება, რომელიც სრულად დამოუკიდებელია

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სარჯველაძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო სისტემაში ფართომასშტაბიანი რეფორმების პროცესი დაიწყო, რომელიც „ტალღების“ სახელითაა ცნობილი.

მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, ხარისხიანი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში მაინც ვერ ხერხდება. ისეთი სისტემური პრობლემები, როგორიცაა კლანის არსებობა და პოლიტიკური ზეგავლენები სასამართლოზე, გადაუჭრელი რჩება და დამოუკიდებლობას გამორიცხავს.

სასამართლოების სისტემაში არსებულ კრიზისსა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე არაერთი კვლევა/ანგარიში და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის თუ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები მიუთითებს. აქედან გამომდინარე, მიხეილ სარჯველაძის განცხადება, რომ სასამართლო ხელისუფლება სრულად დამოუკიდებელია, არის ტყუილი.

ანალიზი

მიმდინარე წლის 21 აპრილს პარტიის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფიციალურად დაფუძნებიდან 10 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ქვეყანაში რეალური ცვლილებები მოიტანა. „„ქართულმა ოცნებამ“ რეალური ცვლილება შემოიტანა ქვეყანაში და გვაქვს სასამართლო ხელისუფლება, რომელიც სრულად დამოუკიდებელია“, - აღნიშნა მან.

„ფაქტ-მეტრმა“ მიხეილ სარჯველაძის განცხადება გადაამოწმა.

საქართველოსთვის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რომ ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს, ამაზე არამხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციის დიდი ნაწილი, არამედ ქვეყნის უცხოელი პარტნიორებიც მიუთითებენ. ბოლო წლებში, სხვადასხვა ანგარიშსა თუ განცხადებაში, ისინი ყურადღებას სასამართლოში მმართველი პარტიის გავლენებსა და ე.წ. „სასამართლო კლანზე“ სულ უფრო ხშირად ამახვილებენ.

მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს. „ადამიანის უფლებების სფეროში მნიშვნელოვანი დარღვევების თაობაზე სანდო ცნობებს შორისაა: სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები და შერჩევითი ან უკანონო დაკავებები, გამოძიებები და სასამართლო დევნა, რომლებიც ფართოდ არის მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ითვალისწინებს, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები კვლავ რჩება. იქვე ვკითხულობთ, რომ მოსამართლეები მოწყვლადები არიან სასამართლო სისტემის შიგნიდან თუ მის გარედან მომდინარე პოლიტიკური ზეწოლის მიმართ ისეთ საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ თემებსა თუ ინდივიდებს ეხება.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მსგავს შეფასებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშშიც ვხვდებით.

კრიტიკას ვერ უძლებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესიც, რომელიც სასამართლოში არსებულ კრიზისულ სიტუაციასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მკაფიოდ წარმოაჩენს. განსაკუთრებულად მწვავე შეფასებები საერთაშორისო პარტნიორებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოვისმინეთ გასულ წელს, როცა მათი არაერთი მოწოდების მიუხედავად, შეჩერებულიყო უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დანიშვნები, პროცესი მაინც გაგრძელდა და 12 ივლისს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის „19 აპრილის შეთანხმების“ მიხედვით, მოსამართლეთა დანიშვნა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებამდე უნდა შეჩერებულიყო. მიუხედავად მმართველი გუნდის წარმომადგენლების მტკიცებისა, რომ აღნიშნული პირობა ჯერ კიდევ „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ხელმოწერამდე შესრულდა და ხელისუფლებამ ახალი კანონი მიიღო, სინამდვილეში, ეს არ მომხდარა. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, პროცესის შემდგომ გაგრძელებამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება და, მოსამართლეობის კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ახალი კონკურსის ჩატარება იყო.

აღნიშნულ ფაქტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და ევროკომისიის პრეს-სპიკერის მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. მათი განცხადებები პირდაპირ მიუთითებდა, რომ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის დანიშვნა „19 აპრილის შეთანხმების“ დარღვევა იყო.

გასული წლის 28 აპრილის ანგარიშში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურის ახლიდან დაწყებაზე მიუთითებდა ვენეციის კომისიაც, ამავე ანგარიშში კომისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილების საჭიროებაზეც საუბრობდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საბჭოს შემადგენლობა არ არის მიკერძოებისგან/პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი.

„19 აპრილის შეთანხმებით“ გათვალისწინებული სასამართლოსთან დაკავშირებული პირობები მანამდე ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2020 წელს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში იყო ასახული. მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს ოდენობით სესხი უნდა მიეღო (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია აღნიშნულ თემაზე).

საბოლოოდ, ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

მართლმსაჯულების სისტემაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე აქტიურად საუბრობს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, მართლმსაჯულების სისტემაში სხვადასხვა მორიგი ტალღის სახელით ცნობილმა ცვლილებებმა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ვერ გაზარდა და პირიქით, სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობის პრობლემები კიდევ უფრო გააღრმავა. „სასამართლოს შიგნით არსებული მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან შეთანხმებით, სასამართლო ხელისუფლებას კორპორატიული გავლენების ფარგლებში მართავს“ , - ვკითხულობთ ანგარიშში.

სასამართლოში არსებულ სისტემურ პრობლემებსა და კლანურ მმართველობაზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია საუბრობენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) 2020 წლის კვლევის თანახმად, 2016-2020 წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ის ფუნდამენტური საკითხები არ მოიცვა, რაც საბოლოოდ, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფდა. „სასამართლო სისტემაზე წლების მანძილზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ დროთა განმავლობაში უარი თქვა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნის იდეაზე. „2016 წლიდან პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების რეფორმის ორი ტალღა განახორციელა, თუმცა ხელისუფლების მიდგომა ძირითადად ფრაგმენტული და არათანმიმდევრული იყო. გარკვეულ შემთხვევებში, რეფორმა მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო ჯგუფის ინტერესების გაძლიერებას ემსახურებოდა“, - ვკითხულობთ კვლევაში.

სასამართლოში არსებულ სისტემურ პრობლემებზეა საუბარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2021 წლის კვლევაში, რომელიც 2013-2021 წლებში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებს მიმოიხილავს.

„კანონმდებლობის დახვეწისა და დეტალიზაციის გზამ, სასამართლოს დამოუკიდებლობა მხოლოდ ინსტიტუციური დიზაინის საკითხად აქცია, ყურადღების მიღმა დატოვა რეალური გავლენები, ფორმალური თუ არაფორმალური მოთამაშეები, მათი ინტერესები თუ ძალაუფლება. შედეგად, შეცვლილი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო ვერ გახდა ახლებური, დემოკრატიული წესრიგის შექმნის საფუძველი. შეინარჩუნა უმრავლესობის მმართველობაზე დაფუძნებული ლოგიკა და ფაქტობრივად არსებულ გავლენიან ჯგუფს - „მოსამართლეთა კლანს“, მათ შორის, პოზიტიური საკანონმდებლო სიახლეებით მანიპულირების საშუალება მისცა“, - ვკითხულობთ კვლევაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ არაერთი საერთაშორისო რეიტინგის თანახმად, საქართველოსთვის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაზრდის კუთხით, პოზიტიური ტენდენცია შეინიშნებოდა. თუმცა, როგორც რეიტინგებიდან ჩანს, 2017 წლიდან სასამართლო ხელისუფლების შეფასებები თითქმის მუდმივ კლებას განიცდის.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გატარებულმა რეფორმებმა სასამართლო სისტემის მომწესრიგებელი ჩარჩო უფრო დეტალური გახადა და ფორმალურ დონეზე რიგი საკითხების გამჭვირვალობა უზრუნველყო, ისეთი მთავარი პრობლემები, როგორიცაა გარე ზეგავლენები სასამართლოზე და „კლანური მმართველობა“, ვერ აღმოიფხვრა. აღნიშნულს სხვადასხვა დროს მომზადებული არაერთი კვლევა/ანგარიში მოწმობს.

სასამართლოების სისტემაში არსებულ კრიზისსა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის უცხოელი პარტნიორები. თუმცა, მმართველი გუნდი, მათ მოწოდებებსა და კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს ან უყურადღებოდ ტოვებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი