რუსული მედია სააგენტოები უკრაინის სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დადანაშაულებას განაგრძობენ. გავრცელებული ნარატივის თანახმად, ნეონაცისტებად წოდებული უკრაინელი სამხედროები სამოქალაქო პირებს ქალაქების დატოვების შესაძლებლობას არ აძლევენ და მათ ცოცხალ ფარად იყენებენ. ამასთან, სამხედროები სამოქალაქო პირებს საკუთარი სახლებიდან აძევებენ, ატყვევებენ, სარდაფებში კეტავენ და მათ ბინებში სამხედრო ბაზებს აწყობენ.

რუსული ტელეარხი «Звезда» რუსული დეზინფორმაციის მხარდასაჭერ, „უკრაინელი ნეონაცისტების დანაშაულების მტკიცებულებებს“ აგროვებს. ტელეარხის ერთ-ერთ სიუჟეტში საუბარია მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების მიერ ვინმე იულია ჩესნოკოვის ოჯახის დატყვევების ისტორიაზე. რესპონდენტის თქმით, სამხედროები ქალაქის მცხოვრებლებს სახლის სარდაფებში კეტავდნენ და მათ ბინებში სამხედრო ბაზებს ათავსებდნენ. აქვე სიუჟეტში გაჟღერებულია, რომ „ნაცისტებმა მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხალ ფარად გამოიყენეს“.რეალურად, მტკიცება, რომ უკრაინული მხარე მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის - მარიუპოლში, ცოცხალ ფარად იყენებს, ტყუილია.

ომის დაწყებიდან მარიუპოლი რუსული თავდასხმების ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს და კვირების განმავლობაში ალყაშია მოქცეული, რამაც ქალაქი ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა. 24 მარტს მიღებულ რეზოლუციაში „უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“, რომელსაც 140 ქვეყანა უჭერს მხარს, აღნიშნულია:„ვგმობთ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის - უკრაინის მჭიდროდ დასახლებული ქალაქების, კერძოდ მარიუპოლის, ალყაში მოქცევას, დაბომბვასა და საჰაერო თავდასხმებს.რამდენიმე შეთანხმება, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხო კორიდორებით გამოეყვანათ, საბოლოოდ ვერ შედგა, რადგან რუსი სამხედროები განაგრძობდნენ თავდასხმებს. უსაფრთხო კორიდორების შექმნის ხელშეშლის პარალელურად, უკრაინის განცხადებით, რუსეთს უკრაინის მოქალაქეები მარიუპოლიდან ძალით გადაჰყავს რუსეთის ტერიტორიაზე.

ამასთან, რუსული ტელეარხებისა თუ მედია სააგენტოების მიერ უკრაინის ტერიტორიიდან, მათ შორის - მარიუპოლიდან, გამოსული ადამიანების ვიდეოკომენტარების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიიდან წამოსულ ადამიანებს რუსული პროპაგანდისტული ნარატივის მხარდამჭერი ვიდეოების ჩაწერას აიძულებენ. აღნიშნულის შესახებ, ავტორიტეტული გამოცემა BBC-ც წერდა მარიუპოლის თეატრის აფეთქების შემდეგ ჩაწერილი ვიდეოინტერვიუების შესახებ. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრი, ირინა ვერეშჩუკი აცხადებდა, რომ ადამიანებს, რომლებიც მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნით გავიდნენ, რუსული მედია პროპაგანდისტული განცხადებების გაკეთებას აიძულებდნენ, მათ შორის იმის თქმას, რომ „აზოვის პოლკი მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის დატოვებაში ხელს უშლიდნენ“.

ბოლო დროს ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, დასტურდება, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ სწორედ რუსი სამხედროები იყენებენ ცოცხალი ფარის ტექნიკას. BBC-ის ჟურნალისტებმა რუსი ჯარების მიერ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ცოცხალ ფარად გამოყენების მტკიცებულებებს მიაკვლიეს. კიევის ჩრდილოეთით, ობუხოვიჩის სოფლის მცხოვრებლები ინტერვიუებში ჰყვებოდნენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა იარაღის მუქარით სარდაფებიდან 150 პირი - მოხუცებისა და ბავშვების ჩათვლით, ადგილობრივ სკოლაში გადაიყვანეს და ცოცხალ ფარად გამოიყენეს, რათა უკრაინელების საპასუხო თავდასხმა თავიდან აერიდებინათ. ოჯახებმა აღწერეს, თუ როგორ დადიოდნენ რუსები კარდაკარ და მათ სახლების დატოვებას აიძულებდნენ. ერთ-ერთმა ქალმა, ლუდმილა სუბკოვამ გაიხსენა, როგორ აიძულეს რუსებმა სამალავად ქცეული სარდაფის დატოვება - „მათ წაგვიყვანეს სარდაფებიდან, რომლებშიც ვიმალებოდით. გვაიძულეს სამალავი დაგვეტოვებინა იარაღის მუქარით. მოხუცი ქალები, ბავშვები, ეს იყო საშინელება. ვინც კარებს არ აღებდა და მაშინ მათ აიძულებდნენ, რომ გაეღოთ….როდესაც აფეთქებები დაიწყო, ჩვენ ვფიქრობდით, თუ ჭერი ჩამოიქცევა, მაშინ აქაურობა [სკოლის შენობა] მასობრივი საფლავი გახდება“. სკოლის შენობაში მყოფები იხსენებდნენ, რომ ზოგიერთი რუსი ნასვამიც იყო და ხალხს ბელარუსში წაყვანით ემუქრებოდა. ჟურნალისტის თქმით, ბევრ ადგილას, რომელიც მოწყვეტილი იყო სხვა ტერიტორიებს, რუსი ჯარისკაცების ჩადენილი არაერთი დანაშაული იხილეს, მათ შორის - დახვრეტილი მღვდელი, კვირების განმავლობაში დაბმული და თვალაკრული მამაკაცების ღია ცისქვეშ გაჩერება „სიკვდილის დასჯის“ პროცესის სახით და სხვ. რუსი ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ტყვედ აყვანისა და დახვრეტის შესახებ ცნობები ადგილობრივებმა BBC-ის ჟურნალისტებს, ქალაქ ივანკოვიდანაც მიაწოდეს.

რუსული ნარატივი, რომ უკრაინელი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმას ახორციელებენ, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ სახელმწიფოს დაზვერვის ოფიციალური განცხადებებით არ დასტურდება, მაშინ როცარუსეთის მიერ უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაზე საერთაშორისო საზოგადოება უკვე ხმამაღლა საუბრობს.არაერთი დამოუკიდებელი ორგანიზაცია (Bellingcat, Amnesty International, Human Rights Watch) და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომრუსი სამხედროები თავს ესხმიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მშვიდობიან მოქალაქეებს, რაც არღვევს ომის კანონებს. ამავე პოზიციაზეა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მიშელ ბაჩელეტი, რომელმაც რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაული უწოდა. რუსული ძალების მიერ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას ადასტურებს უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მატილდა ბოგნერი, რომელიც CNN-თან ინტერვიუში ამბობს: „მარიუპოლის no.3 საავადმყოფოს დაბომბვა, ჩვენი შეფასებით, მოხდა რუსეთის მხრიდან“.

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სასტიკი ქმედებების შესახებ ყურადღება გამახვილებულია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 24 მარტს მიღებულ რეზოლუციაში „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“, რომელშიც ნათქვამია:„ვგმობთ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის - უკრაინის მჭიდროდ დასახლებული ქალაქების, კერძოდ მარიუპოლის, ალყაში მოქცევას, დაბომბვასა და საჰაერო თავდასხმებს.ასევე თავდასხმებს სამოქალაქო მოსახლეობაზე, მათ შორის - ჟურნალისტებსა და სამოქალაქო ობიექტებზე, კერძოდ - სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე, წყლისა და სანიტარულ სისტემებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, მათ სატრანსპორტო საშუალებებსა და აღჭურვილობაზე, ადგილობრივი ოფიციალური პირების გატაცებას, ასევე დიპლომატიურ შენობებსა და კულტურულ ობიექტებზე თავდასხმებს“- ვკითხულობთ რეზოლუციაში. ნიუ იორკში 24 მარტს მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 140-მა ქვეყანამ, 38-მა თავი შეიკავა. რუსეთთან ერთად ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ბელარუსმა, სირიამ, ჩრდილოეთ კორეამ და ერიტრეამ.

ამასთან, უკრაინა რუსეთს, მას შემდეგ, რაც გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში, ქუჩებში ადამიანების ცხედრები და მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი სასაფლაოები იხილეს, გენოციდშიც ადანაშაულებს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბუჩადან გავრცელებულ ფოტოებზე განაცხადა, რომ აშშ ომის დანაშაულებების გამოძიებას განაგრძობს. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ მკვლელობები არის „სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს“. ბუჩადან გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურნენ ევროპელი ლიდერებიც. შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, twitter-ზე დაწერა, რომ შოკირებულია ბუჩის სურათების გამო და რუსეთს ევროკავშირის უფრო მეტი სანქციებს დაჰპირდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ასევე დაგმო რუსეთის „საზიზღარი თავდასხმები“ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბუჩასა და ირპენში, მათ „ომის დანაშაულები“ უწოდა და განაცხადა, რომ „ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ სამართლიანობა არ აღსრულდება“. ემანუელ მაკრონის თქმით, რომ „რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის“. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა twitter-ზე დაწერა, რომ „სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიება. ომის დანაშაულის ჩამდენი პასუხს აგებს.“ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოითხოვა საერთაშორისო უკრაინის ტერიტორიებზე წვდომის საშუალება მისცემოდათ, რათა მათ დამოუკიდებლად დააფიქსირონ იქ არსებული სისასტიკე.

ამდენად, მტკიცება, რომ უკრაინელი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებენ, სიცრუეა და რუსული პროპაგანდისტულ ნარატივს წარმოადგენს. რეალურად, სწორედ რუსეთის ფედერაცია ჩადის უკრაინაში ომის დანაშაულებს და მათ შორის, სამოქალაქო პირებსა და ინფრასტრუქტურას თავს ესხმის.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი