თორნიკე რიჟვაძე:მიმდინარე წელს [2021 წელი] გაგრძელდება ჭოროხის შემოვლითი გზა, რომელიც განტვირთავს ფრიდონ ხალვაშის გამზირს

ვერდიქტი: დაპირება არ შესრულდა

რეზიუმე: ჭოროხის შემოვლითი გზის 6-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწყობის პროექტი სამ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო. მეორე ეტაპის სამუშაოები შემსყიდველმა 2018 წლის ივნისში ჩაიბარა. ამის შემდეგ, 2021 წლის სექტემბრამდე, სახელმწიფო უწყებას ტენდერი აღარ გამოუცხადებია.

პროექტის მესამე ეტაპის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 4 360 714 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი 2021 წლის 27 სექტემბერს გამოცხადდა. შესყიდვით სამი კომპანია დაინტერესდა, თუმცა სატენდერო კომისიამ სამივეს დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ამდენად, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთია. მასზე ავტომობილები, მათ შორის მძიმეწონიანი სატვირთო ტრანსპორტი, ინტენსიურად მოძრაობს. გარდა იმისა, რომ გზა დაზიანებულია, ის საფრთხეს უქმნის გზის ორივე მხარეს მჭიდროს დასახლებულ მოსახლეობას. აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე სკოლა მდებარეობს, თუმცა ფეხით მოსიარულეთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის. ადგილობრივებმა ხელისუფლებას საჭირო ზომების მიღება არაერთხელ სთხოვეს, მათ შორის, საპროტესტო აქციებიც გამართეს. ჭოროხის შემოვლითი გზის დასრულებასა და ექსპლუატაციაში შესვლას ამ ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ანალიზი:

2021 წლის მთავრობის სხდომაზე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: “მიმდინარე წელს გაგრძელდება ჭოროხის შემოვლითი გზა, რომელიც განტვირთავს ფრიდონ ხალვაშის გამზირს.“

უკვე რამდენიმე წელია, რაც აჭარის ა/რ მთავრობის პირველი პირები ჭოროხის გზის მოწყობის პროექტზე საუბრობენ. პროექტის მთავარი მიზანი საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა და სატრანზიტო მიმოსვლის გამარტივებაა. ეს წერია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ საკუთარ FB-გვერდზე 2017 წელს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომლის მიხედვითაც, ახალმა საავტომობილო გზამ მახოს ხიდი და გონიოს ხიდი უნდა დააკავშიროს.

პროექტის პირველი ეტაპი ზურაბ პატარაძის თავმჯდომარეობის დროს განხორციელდა. კერძოდ, ჭოროხის გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე (მახოს ხიდი - გონიოს ხიდი) კმ0+000-კმ5+700 ასფალტ-ბეტონის საფარი 2017 წელს მოეწყო. აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული იყო შპს „ტ. ტ.“, რომელმაც პროექტი 1 020 022 ლარად განახორციელა.

პროექტი 2018 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო. თუმცა იმ დროისთვის სამუშაოების მხოლოდ მეორე ეტაპი გამოცხადდა. აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ერ ტე დემ“ გაიმარჯვა, რომელთანაც, 2018 წლის 12 მარტს, 2 696 999-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

პროექტის პირველი და მეორე ეტაპები განხორციელდა, თუმცა 2018 წლის ივნისის შემდეგ, მას მერე, რაც შემსყიდველმა სამუშაოები ჩაიბარა, მესამე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აღარ გამოცხადებულა. 2020 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას ორი წლის წინ მოსახლეობისთვის მიცემული პირობა შეახსენა, რომ გზის მშენებლობას ბოლომდე მიიყვანდა. ამასთანავე, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რეგიონის მთავრობას ბრალი კორუფციაშიც დასდო. მაშინ აჭარის მთავრობამ ოპონენტის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, რომ ჭოროხის გზის უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდინარეობს და 3.5 კმ გზა უკვე დაგებულია. განცხადების თანახმად, 2.2 კმ გზის მოსაწყობად, ჭოროხის გზის მიმდებარედ, ცამეტი მესაკუთრისგან მიწა უკვე გამოისყიდეს, რაც, ჯამში, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაჯდა. თუმცა სამუშაოების გაგრძელების მიზნით, სახელმწიფოს ტენდერი კიდევ დიდხანს არ გამოუცხადებია.

2021 წლის 14 ივლისის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, კერძოდ, 27 სექტემბერს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჭოროხის გზა (მახოს ხიდი - გონიოს ხიდი) კმ0+000-კმ2+200 მონაკვეთზე მესამე ეტაპის სამუშაოების განხორციელების შესყიდვის მიზნით, 4 360 714 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. აქედან 3 756 ლარი გათვალისწინებული იყო ასფალტ-ბეტონის საფარის, ხოლო 604 684 ლარი - მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროს ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობისთვის.

ტენდერში სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა. სატენდერო კომისიამ ჩათვალა, რომ ვერც ერთი მათგანის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნილ პირობებს და სამივეს დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ამდენად, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოთხ თვეზე მეტი გავიდა, ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა.

„ფაქტ-მეტრმა“ პროექტის თაობაზე კითხვით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. გვიპასუხეს, რომ შესაბამისი პროცედურები უკვე მიმდინარეობს და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

ინფორმაციისთვის, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთია, მანქანების, მათ შორის, მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების ინტენსიური მოძრაობის გამო, დაზიანებულია. გარდა ამისა, გზის ორივე მხარეს მჭიდროს დასახლებული მოსახლეობისთვის ფეხით გადაადგილება სახიფათოა. აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე სკოლა მდებარეობს, თუმცა ფეხით მოსიარულეთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის. ადგილობრივებმა ხელისუფლებას საჭირო ზომების მიღება არაერთხელ სთხოვეს, მათ შორის, საპროტესტო აქციებითაც. შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს ბათუმში გასამართი შუალედური არჩევნების წინ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა საეჭვოდ გაიზარდა. ათეულობით ახალი ამომრჩევლის მისამართად მითითებული იყო „ფრიდონ ხალვაშის 188-ის მიმდებარედ“. ამ ტერიტორიაზევე მდებარეობს ე. წ., ოცნების ქალაქიც. სწორედ ისინი ირჩევდნენ ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს. მიუხედავად იმისა, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ხშირად საუბრობს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, არჩევნებში მაინც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა. საკითხი „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში მოხვდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი